ადრე ხშირად მომყავდა ძველი ქართული კომედიური ფილმების ციტატები ზოგიერთ ახლობელთან და მეგობართან ერთად ყოველდღიურ სიტუაციებში. ახლა ნაკლებად ვხმარობ იგივე ხალხთან კონტაქტის ნაკლებობის გამო, თუმცა ალაგ-ალაგ მაინც ვიყენებ-ხოლმე.
ყველაზე მეტად "ცისფერი მთების" ციტირება მიყვარს. თითქმის მთლიანი ფილმის, განსაკუთრებით კი ვაჟა ზაზაევიჩის გამოთქმების.
აქ გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელ ციტატას ვიყენებ და რა სიტუაციაში.

შეიძლება ზოგი ოდნავ აცდენილი იყოს ორიგინალს.
"ცისფერი მთები" "რატომ ბრაზობ, სოსო?"- როცა ვინმე ოდნავ გაღიზიანებულია.
როცა მეკითხებიან როგორ ხარ, პასუხია: "კომსი კომსა, ჩემო შუქრი."
"...ეს მოტობურთი რაღა არის, ჰოკეია ნამდვილი" - ზამთრის ოლიმპიურზე ჰოკეის თუ მოვკარი თვალი.
"მოდი, ალაგ-ალაგ წამიკითხე (მანახე) ძირითადი მომენტები" - სხვისი გაზიარებული ტექსტის ან ვიდეოს გაცნობა რომ მეზარება, მაშინ
როცა ვინმე ახსენებს: "სხვათა შორის",
ავტომატურად მახსენდება და ვაგრძელებ: "სხვათა შორის, ჩვენი სიტყვა იწერება, ლაპარაკში ხელფასს გვაძლევენ." - "პრემიასაც."
ან "თქვენ თუ ტანკისტი იყავით, სხვთა შორის, ომამდე მეც ვიყავი რაღაც."
როცა ვინმეს ჩემი დრო მიაქვს - "შვებულებაში ვერ გავედი შენი გულისათვის."
"ჭრიჭინა": "ზეგ, ზეგ გეტყვი როდის" - როცა რამეს ვგეგმავ სხვასთან ერთად და ზუსტი დრო არ ვიცი.
"მაპატიეთ, მაგრამ მეც მწარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას შენგან მარინე." როცა აღმოვაჩენ რომ ვინმეს დაავიწყდა რამეზე წინასწარ გავეფრთხილებინე.
"ორივე მარინე, ორივე გიორგის ასული, ორივე ფერაძე." ამ წინადადების ფორმულას ვიყენებ, როცა აღმოვაჩენ რამდენიმე მსგავსებას ორ საგანს ან ცნებას შორის.
"ქეთო და კოტე" "ვახშამი არ დავკარგოთ" როცა შეიძლება რესტორანში ან სუფრასთან შეკრება გადაიდოს ან გაუქმდეს.
"..უნდა...გაერიო" (მაკარს დედა ურჩევს თავადებში გაერიოს) - თუ რჩევას ვიძლევი, როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა სამსახური, ისწავლოს ენა, ივარჯიშოს და ა.შ.
(ხანუმას დამტვრეული ქართულით) - "...ქართული სულ დაგაავიწყდა, ეხლა შენი ცოლი რომ გავხდე მაშინ ვისწავლი..." - ვამბობ, როცა ვინმეს რაღაც არ ახსოვს ან არასწორად ახსოვს.
"უდიპლომო სასიძო" "ნიკოლოზ, მე თქვენი მეცნიერული მეთოდების ძალიან მეეჭვება..." - თუ ვინმეს არ ვუწონებ მიდგომას ან დასახულ გეგმას.
და კიდევ სხვა ბევრი, რომელიც ახლა არ მახსენდება.
თქვენც თუ გაქვთ ჩვევაში ძველი ქართული ფილმების ციტირება, ან გიყვართ ასეთი ციტატები, დაწერეთ.