სიმბოლური პირველი სტატია
ბევრია სათქმელი, თუმცა ცოტა ითქმება დღეს. სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში.
ისეთი დრო მოვიდა, სადაც "ოფიციალურმა" სიტყვის თავისუფლებამ ჩაყლაპა "რეალური". დრო მოვიდა, როდესაც სიმართლის თქმისთვის აღარ აღიმართება ეშაფოტები და აღარ იწყობა გილიოტინები. დღეს სიმართლის თქმისთვის სულ სხვაა უმძიმესი სასჯელი. სიმართლის მთქმელთ უმეცართა ქილიკით და შეუგნებელთა პიზდეცინტელექტუალური მასტურბაციით მოუღებენ ბოლოს, ხოლო განსაკუთრებით შეუპოვრებს და მებრძოლებს, სადმე, უბედური შემთხვევით მოიშორებენ. როგორც ჩანს ღმერთს ძალიან ჰყვარებია ტირანები, ესე რომ იფარავს და მათ მტრებს დაუნდობლად მუსრავს. წმინდა რუსეთის წმინდა იმპერიის წმინდა პრემიერმინისტრი კი - განსაკუთრებით! რა მოსატანია აქ რუსეთის ფე-ეს-ბე, მათი უმწიკვლო მოღვაწეობა ხომ ისედაც თვალნათელია. რუსეთის იმპერია კი მხოლოდ სამართლიანობისთვის იღწვის, ესე რომ არ იყოს, ხომ არ იტყოდა მათი დიდებული პატრიარქი, რომ ატომური ბომბი ღვთის საჩუქარია. დიახ, უფალს არ უყვარს ურწმუნონი, იგი ებრძვის ბოროტებას და ვის დააჯილდოვებდა ამ ღვთისნიერი იარაღით, თუ არა მართალ რუს ერს!
დიდება ჩვენს დიდ ძმას, რომელსაც რაკეტები მხოლოდ სიყვარულის გამო ემეტება!
დიდება მათ, მათ ხომ გვიხსნეს ავხორცი დასავლური იდეოლოგიისგან და ჩვენი ხორცის ტანჯვით განგვიკაფეს სამოთხის კარი. ალლაჰ აკბარ, დაილოცოს რუსეთის წმინდა პოლიტიკა! მე მათი ბომბები არ მტკივა, მე ისინი წმინდა ჭიშკარს მიღებენ სამოთხეში! მათ რომ არ ვუყვარდეთ, ესე ხომ არ დაგვსჯიდნენ, დამჭიპე, ო, ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნავ...
წმინდა და უმანკოა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რუსეთის პრემიერ მინისტრი პუტინი, "ი ჟინა პრეზიდენტა პუწინ ტოჟე". მათ მტრებს ხომ თვით უფალი ამარცხებს თავის რისხვით. აბა რა სისულელე იქნებოდა რომ გვეთქვა, რომ ამ წმინდა ხალხმა დახოცა ამდენი ადამიანი, ხომ დამცინებდით, არა? მე პირადად ამათ სისპეტაკეში ეჭვი არ მეპარება, ანდა როგორ უნდა შემეპაროს, როცა ამის საბაბიც კი არ მოუციათ თავისი აღმამფრენი პოლიტიკით. მათ ჩემში უბრალოდ ააღაღადეს ინდივიდის გნოსიოლოგიური შემეცნების რეცეფტორები! დიახ, მათ ეს მოახერხეს თავისი უშუალობით.
"-მე მიყვარს კუმეო, იმიტომ რომ ის უშუალოა,"- ვიტყვი და დავამატებ: აი აქ მოვრჩეთ ირონიას, ზოგჯერ ძალიან მშვენიერ და ლამაზ სტილს პოლემიკისას და ზოგჯერ კი ძალიან დამყაყებულ ბერკეტს კონკურენტის ჩაძირვისთვის. უკაცრავად და მე ვერ შევიყვარებ კუმეოს, რაც არ უნდა გემრიელი სუფრა მომიძღვნას და რაც არ უნდა დიდი ქონება მიფეშქაშოს, იმიტომ რომ ის საზიზღარია, იმიტომ რომ მის სუფრაზე თითოეული ბარკალი "ქათმის წიხლია", სხვისი სუფრიდან მოპარული და ბინძურ ჯიბეში ჩატენილი. და თუნდაც იმიტომ რომ ეს კუმეო, რომელთანაც ჩვენ გვაქვს შეხება, თავის თავში მოიცავს დიდ ბოროტებასაც, რასაც ასე დაკლებულია "სამოსელი პირველის" ერთ-ერთი გმირი. რა შეიძლება იყოს მსგავს კუმეოზე უფრო ამაზრზენი?
მოდით ამ კითხვას პასუხგაუცემელს დავტოვებ...
მათ კი, ვისაც რუსეთი მართლაც ქვეყნიერების მესსია ჰგონიათ, ვეტყვი ერთ-ერთი ფორუმელის სიტყვებს (მსგავსი კი ძალიან ბევრი გამოვიყენე ჩემს ამ სიმბოლურ სტატიაში და სამწუხაროდ ავტორების უმეტესობა არც კი მახსოვს, უბრალოდ ფრაზები დამამახსოვრდა და წინასწარ დიდ ბოდიშს მოვიხდი საავტორო უფლებების დარღვევისათვის), "ორგანოლეპტიკური ორგაზმი შედგა!"
მათ კი, ვისაც ჰგონიათ, რომ რუსული ნაბოძებით აიწყობენ ცხოვრებას, ვეტყვი ვირგილიუსის გენიალურ სიტყვებს: Не верте Данайцам, дары приносящих!.. გამგები გაიგებს, მიმხვედრი მიხვდება!..
ზემომდებარე ფრაზა რუსულად ორი მიზეზის გამო დავწერე, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული თარგმანი ძალზედ უღიმღამოდაა შესრულებული, და მეორე, მჯერა ეს ხალხი თავის "მშობიურ ენაზე" უფრო კარგად გაიგებს სათქმელს. იმისათვის კი, რათა ყველა დანარჩენმა მკითხველმაც გაიგოს ჩემი სათქმელი და არ გამკიცხოს, დავუბრუნდები იმას, რაც სტატიის დასაწყისში ვახსენე. დღეს საქართველოც და მსოფლიოც განიცდის მართალი სიტყვის ნაკლებობას. ძირშივე სპობენ იმას, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფალთა ინტერესებს და თუ საქართველოს მედია ავტორიტარიზმის ფარდაშია გახვეული, დასავლეთის ე.წ. დემოკრატიული მედია ტკბილი და არხეინი ცხოვრების სურვილით თვალს ხუჭავს ყველანაირ სიმართლეზე, რაც მათ სიმშვიდეს ოდნავ მაინც შეაშფოთებს. ისინი დიდი სიამოვნებით გაყიდიან ყველას და ყველაფერს, ოღონდ მათ ფუღუროგაჩენილ სტაბილურობას არ დაემუქროს საფრთხეს. დიახ, ისინი არიან კომფორმისტები, რომლებიც ცდილობენ ყველა შესაძლო მეთოდებით დახუჭონ თვალი ყველა შესაძლო ფაქტზე, რომელიც მინიმალურად შეატოკებს მათ ბებერ უკანალებს. მე ვერ ვხედავ განსხვავებას ქართულ და დასავლურ მედიას შორის. ერთი შეზღუდულია ხელისუფლებით, მეორე კი კეთილდღეობის დაკარგვის შიშით. რა მნიშვნელობაა რა გზღუდავს, როცა სიმართლეს არ ამბობ, ყველა შემთხვევაში ცრუ ხარ. ცრუ მედია კი გაუთვითცნობიერებელ და რეალობისგან დაკარგულ საზოგადოებას ქმნის, რაც ყველა ხელისუფლებას აწყობს.
მოკლედ შესავალი სიტყვა ძალიან გამიგრძელა, ეს სტატია ხომ მხოლოდ შესავალია. არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა ბლოგის გახსნა, ვერც შეგპირდებით იმას, რომ ხშირად დავწერ სტატიებს, თუმცა ერთ რამეს გპირდებით, რასაც დავწერ არ იქნება სხვის გემოვნებაზე მორგებული, მე ვიტყვი იმას რასაც ვფიქრობ და თუ რამდენიმე ადამიანი მაინც გაიზიარებს ჩემს ნათქვამს ჩემს საქმეს შესრულებულად ჩავთვლი. ტყუილად არ ვახსენე ჩემი სიტყვის დასაწყისში სიმართლის მთქმელის დასჯის თანამედროვე პოლიტიკა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები ბევრს არ მოეწონება და ბევრი გამაკრიტიკებს. ბევრი შენიშვნა იქნება ჯანსაღი და გავიზიარებ, ბევრიც იქნება ბოროტი ბოღმით გაჟღენთილი დოქსოსოფია, მაგრამ რა ვქნათ, თანამედროვე ცხოვრება ესეა მოწყობილი.
იმედი მაქვს რომ ჩემი ეს წამოწყება რაიმე დადებით შედეგს მაინც მოიტანს. ვეცდები ამ საქმეს მთელი ჩემი ცოდნისა და შეგნების არსენალი მოვახმარო და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს თავს, პირველ რიგში იმისთვის, რომ თქვენ გასიამოვნოთ.

ერთი თხოვნაც მექნება, ეს ჩემი პირველი სტატიაა და ნუ იქნებით ძალიან მკაცრი შემფასებლები. ეს სტატია უფრო ზოგად თემატიკას დავუთმე. პირობას ვდებ რომ შემდეგი პოსტები უფრო კონკრეტული იქნება. მე არ ვარ არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და მომიტევეთ ეს თავხედობა, რომ თავს უფლება მივეცი ჩემი აზრები მოგახვიოთ.
გისურვებთ წარმატებებს,
გიორგი გაფრინდაშვილი
http://giorgeuli.blogspot.com/2010/04/blog-post.htmlმოკლედ არ შეგაწყენთ თავს. გადავწყვიტე ბლოგი გამეხსნა და პირველი სტატიაც გამოვაცხვე. თქვენი აზრი მაინტერესებს როგორც გამოუცდელ ბლოგერს და ახალგაზრდა ადამიანს. მინდა ამ საქმეს სერიოზულად მივსდიო და გთხოვთ შეფასება არ დაიზაროთ.
ბლოგის გახსნისკენ მიბიძგა იმ ტრაგედიამ, რაც ახლახანს მოხდა და იმან, რომ ევროპა დუმს. ვეცდები მალე დავწერო შემდეგი თემა.
მივიღებს კონკრეტულ შენიშვნებს და რჩევებს. წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. იმედია სტატია მოგეწონებათ