სახალხო დამცველის განცხადება გალის ქართული მოსახლეობის რელიგიის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებითhttp://ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=12052010 წლის 9 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა აფხაზეთში მცხოვრებმა 250-მდე ქართველმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ
გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას ეზღუდება რელიგიის თავისუფლება. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ტაძრებში აკრძალულია ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, ეთნიკურად ქართველ სასულიერო პირებს კი მუდმივად დევნიან და ფიზიკურად უსწორდებიან რუსები და აფხაზები.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე ადგილობრივი მოსახლეობა საეკლესიო რიტუალებს ზუგდიდის რაიონის ეკლესია–მონასტრებში ესწრებოდა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების მკაცრი კონტროლის გამო ამჟამად ეს შეუძლებელია.
ამასთან, განცხადებლები მიუთითებენ, რომ დარბეული და გაძარცვულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ეკლესია–მონასტრები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სიწმინდეები. სახალხო დამცველის აპარატს სურს ყურადღება გაამახვილოს მთელ რიგ ვალდებულებებზე, რომლებიც ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ კანონმდებლობას, მიიღოს ზომები საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების აღდგენისა და უზრუნველყოფისათვის. დაუშვებელია მოსახლეობის ტყვედ აყვანა. ამასთან, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივისცემით მოეპყროს სასულიერო პირებს და კულტურულ მემკვიდრეობას.
განცხადებაში აღწერილი ქმედებები ასევე წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. აღნიშნული უფლება ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა კატალოგით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. გარდა ამისა, განცხადების ტექსტის მიხედვით იკვეთება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც ასევე წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ზემოთაღნიშნული საერთაშორისო აქტების დარღვევას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით მოეკიდონ განცხადებაში წარმოდგენილ დარღვევებს და გადადგან ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული დარღვევების აღსაკვეთად.
This post has been edited by Geronti on 12 Apr 2010, 20:35