ამწუთას დავბრუნდი კინოთეატრიდან. შინაარსზე ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ თუ ძალიან გეშინიათ სპოილერების, გირჩევთ ჩემი პოსტი არ წაიკითხოთ.
წიგნს მესამედ ვკითხულობ, ამჯერად ქართულად, ხვალინდელი ბილეთები ორი კვირის წინ მქონდა ნაყიდი, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და დღესვე წავედი ღამის 12 საათიან პრემიერაზე. ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, ჰარი პოტერის დიდი ფანი ვარ ჩემი ქმრისგან განსხვავებით, რომელიც ორსაათნახევარი იტანჯებოდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. შინაარსი საკმაოდ შეცვლილია - ბევრი რამე ამოკლებული, ბევრი რამე უაზროდ ჩამატებული. ისეთი რამეებია გადაკეთებული, რაც ვფიქრობ, საჭირო არ იყო. მაგალითად, რონის ლევენდერთან რომანის დაწყება ისე იდიოტურად არის მოწოდებული, რომ რონი კრეტინი გამოდის. დამბლდორი ჰარის მხოლოდ ორ მოგონებას აჩვენებს და იქაც მნიშვნელოვან რაღაცეებს ახტებიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ეს კინო მხოლოდ იმათთვის იყო გადაღებული, ვისაც წიგნი აქვს წაკითხული - რაც ვერ ჩავტიეთ კინოში, წიგნიდან ხომ იცითო.
პრინციპში, წიგნები 3-4-ჯერ და მეტად გაიზარდა და კინოების ხანგრძლივობა იგივე დატოვეს, გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ ჩატევენ. იმედია ამიტომაც გაყვეს მეშვიდე ორად და არა იმიტომ, რომ ორჯერ მეტი ფული აიღონ. თუმცა, ჩემი აზრით შემოკლებაც არაა ძირითადი პრობლემა, Pride and Prejudice ინგლისური 6 საათიანიც მინახავს და ამერიკული 2 საათიანიც და ორივე თითქმის ერთნაირად და ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ მნიშვნელოვანი დეტალების ხარჯზე შეამოკლეს, შემოკლების გამო ბევრი რამე ლოგიკურად არ ებმებოდა და ასე ვთქვათ თხრობა არ მიედინებოდა, არამედ ხტებოდა და თანაც არასაჭირო რაღაცეებით გაბერეს.
ნუ, მთლად გადასაგდები არაა

რამდენჯერმე გაგვაცინეს, ქვიდიჩის მომენტები წინა სერიებზე უკეთესად იყო გადაღებული და ჩემი აზრით "ბავშვები" ბევრად უკეთესად თამაშობენ. თუმცა, ჯინის ატანა არც წიგნში მაქვს და არც კინოში და გინდაც ჩამქოლოთ, ალან რიქმანი არაა ჩემთვის პროფესორი სნეიპი. მოკლედ, 7/10 წიგნის ხათრით.
გასაგებია, რომ მაინც ძალიან გინდათ ნახვა. ჩემთვისაც რომ ეთქვათ ეს ყველაფერი, მაინც მომინდებოდა. მაგრამ ისინი, ვინც თბილისში სექტემბრამდე ვერ ნახავთ, ვფიქრობ მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი არ დაგიკარგავთ. თუმცა, გემოვნებას გააჩნია.
მე კი ხვალ კიდევ ერთხელ მომიწევს წასვლა, ამჯერად ჩემს შვილთან ერთად. აი მესამე ბილეთით ვინ ისარგებლებს არ ვიცი, ჩემი ქმარი რომ აღარ წამოვა, ამაში კი დარწმუნებული ვარ.