იქნებ ვინმეს გქონდეთ ამ ჯგუფის სისხლი და დაეხმაროთ ამ ახალგაზრდას
http://www.kvirispalitra.ge/public/3206-qm...-shecvalaq.htmlამჯერად კიდევ ერთი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 24 წლის სოხუმელი გიორგი ლომიძე გვინდა გაგაცნოთ. ჩვენი თანადგომა მასაც სჭირდება. მამამისი, მერაბ ლომიძე ერთი კვირის წინ გვესტუმრა და პრეზიდენტის სახელზე დაწერილი წერილი მოგვიტანა:
"ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთიდან ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დევნილის სტატუსით ვცხოვრობ, არასოდეს მიცდია სახელმწიფოს ტვირთად დავწოლოდი. უსახლკაროდ დარჩენილმა ჩემი შრომით თავიდან შევქმენი ყველაფერი, რადგან მიმაჩნდა, რომ ასე უნდა დავხმარებოდი ჩემს ოჯახს და ქვეყანას, რომელსაც ორი შვილი გავუზარდე. არ გთხოვთ სახლს, არც რაიმე თავშესაფარს, მხოლოდ შვილის გადარჩენას გემუდარებით. ჩემი ვაჟი საშინელ სენს ებრძვის. მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ფული გვჭირდება, საკმაოდ ბევრი ფული.
ნუ გადადებთ ამ წერილს გვერდზე, ბატონო პრეზიდენტო. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ შეეცადეთ, მიხვდეთ, რას შეიძლება გრძნობდეს მამა, რომელსაც შვილი უკვდება.
ჩემს ვაჟს, გიორგის, უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება - ჰიპოპლასტიკური ანემია დაემართა. საქართველოში ამ სენის დამარცხება შეუძლებელია. გვირჩიეს, გერმანიაში ან თურქეთში, სტამბოლის გერმანულ კლინიკაში გადაგვეყვანა.
გავყიდეთ სახლი და გიორგი სტამბოლში გავამგზავრეთ. თუმც, თანხა, რომელიც ერთადერთი თავშესაფრის გაყიდვით მოვაგროვეთ, საკმარისი არ აღმოჩნდა მკურნალობის სრული კურსის დასამთავრებლად... მისი განკურნების სრული კურსი 80 ათასი ევრო ჯდება. ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის გადახდა შევძელით. უფულობის გამო იძულებული გავხდით, ბიჭი კლინიკიდან სასტუმროში გადაგვეყვანა. ახლა გიორგი სასტუმროში ელოდება ფულს, რომ კლინიკაში დაბრუნება შეძლოს.
მხოლოდ წამალი 20 ათასი ევრო ღირს. მისი მიღების დროს აუცილებელია, პაციენტი კლინიკაში იწვეს ექიმის მეთვალყურეობით, რადგან შესაძლოა ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს. ასევე ძვირი ჯდება კლინიკაში გატარებული თითოეული დღეც. ვხვდები, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ძალიან ძვირი ღირს სახელმწიფოსთვის, მაგრამ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ბატონო პრეზიდენტო? დახმარება ვთხოვე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მაგრამ თურმე არც ერთ მათგანს არ აქვს იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც გაგვიმართონ ხელი. თბილისის მერიამ კი დაუფიქრებლად გამოგვიყო 5.000 ლარი.
ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენც არ შეგიძლიათ ფულის მოძიებაში დაგვეხმაროთ, კაცურად მირჩიეთ, რა ვქნა?
პატივისცემით, მოწყალების მიღების მოლოდინში მყოფი მამა, სოხუმელი მერაბ ლომიძე."
გიორგის დახმარების მსურველთ შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:
ჯეოსელი: 700-349
"თიბისი" ბანკი: საბანკო კოდი (მფო) 220101819
მიმღების დასახელება: გიორგი ლომიძე
ანგარიშსწორების ანგარიში - 27636512500031
მერაბ ლომიძის ტელეფონია
895592997