ეხლა შემოგთავაზებთ დიდგორის ბრძოლის სრულ მიმოხილვას, ეს არის ჟურნალ არსენალში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეკუთვნის პროფესორ ჯაბა სამუშიას:
--------------------------------------------------------დიდგორის ბრძოლა--------------------------------------------------------------------
დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოა. იმავდროულად, დიდგორი ქართული სამხედრო წარმატების ნიშანსვეტია.
არ იქნებოდა დიდგორი, რომ არა დავით IV აღმაშენებლის 32-წლიანი მოღვაწეობა. არ ექნებოდა საქართველოს ,,ოქროს ხანა,'' დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა. მსოფლიოს ნებისმიერი ერი ამაყობს სამხედრო წარმატებებით. ხშირად დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ ამ დღეს. ბუნებრივია, ქართველებსაც გვმართებს მოვუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და სათანადო პატივი ვცეთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს.
1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ვიწროებში მდგარ ქართველ მეომრებს გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს დღე მათი სამშობლოსათვის, მათი ოჯახებისათვის შეიძლება გადამწყვეტი გამხდარიყო. ერი და ბერი საგანგებოდ ემზადებოდა. სამეფო კარი ჯარს საბრძოლველად ამზადებდა. ეკლესიებში ქართველთა გამარჯვებისათვის ლოცვას აღავლენდნენ. სამწუხაროდ, წერილობით წყაროებს არ დაუცავს ცნობები, როგორ ემზადებოდნენ ქართველები დიდგორის ბრძოლისათვის, ეს ამბები სამუდამოდ ჩაიკარგა ისტორიის ქართეხილებში. რამდენ უძილო ღამეს გაატარებდა დავით აღმაშენებელი ბრძოლის საბოლოო გეგმის შემუშავებისას. მტერი საკმაოდ გამოცდილი იყო და ამიტომაც ყოველივე გათვლილი, დათვლილი უნდა ყოფილიყო.
მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი ნელ–ნელა მოიწევდა საქართველოს სიღრმისაკენ. მტერი დიდ იმედს ამყარებდა ამ ლაშქრობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ,,ჭკუა უნდა ესწავლებინათ'' ქართველთათვის, რომლებმაც არა მარტო შეავიწროეს თურქ სელჩუკები, არამედ ამიერკავკასიაში პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა. 1020–1021 წლები ქართველთათვის მეტად წარმატებული იყო. დავით აღმაშენებელმა რამდენიმე დიდ გამარჯვებას მიაღწია თურქ–სელჩუკებთან ბრძოლაში. 1120 წლის 14 თებერვალს ქართველებმა ბოტორასთან დაამარცხეს თურქები. მალე ქალაქი ყაბალაც აიღეს და შირვანიდან განდევნეს მტერი. იმავე წლის ნოემბერში დავითმა აშორნიასთან სასტიკად დაამარცხა სელჩუკები. ქართველთა წარმატება 1121 წელსაც გაგრძელდა. ამიერკავკასიაში ქართველთა სამხედრო უპირატესობა აშკარა იყო. ამით შეშფოთებულმა განძელ–თბილე–დმანელმა ვაჭრებმა და ადგილობრივმა მაჰმადიანმა მმართველებმა სპარსეთის სულთანს სთხოვეს დახმარება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ მთელ მაჰმადიანურ სამყაროს მიმართა თხოვნით, შეეკრიბათ დიდი კოალიციური ლაშქარი ქართველთა წინააღმდეგ. სულთნის თხოვნას ბევრი გამოეხმაურა. უმოკლეს ხანაში შეიკრიბა 300–400 ათასიანი არმია. მას მუჰამედის ძემ სარდლად ნეჯმ ად–დინ ილღაზი დანიშნა. აღმოსავლეთში ილღაზის სახელი დიდების შარავანდედით იყო მოსილი. იგი ფლობდა ბაღდადის, მარდინისა და ალეპოს ციხე–ქალაქებს. ილღაზმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. 1119 წელს მან მდინარე ორონტის ნაპირებთან, ე.წ. სისხლიან ველზე სასტიკი გამარჯვების გამო ილღაზს ,,ნეჯმ ად–დინი''–,,სარწმუნოების ვარსკვლავი'' უწოდეს.

ნეჯმ ად–დინ ილღაზთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ დუბაის ემირი იბნ–სადაყა, თოღრულ მოჰამედის ძე, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვა მაჰმადიანი მმართველები. აგვისტოს დასაწყისში მაჰმადიანური კოალიცია საქართველოსაკენ დაიძრა. ილღაზი ჯერ არზრუმში მოვიდა. სწორედ აქ უნდა მოეყარათ თავი სხვადასხვა მხრიდან წამოსულ ილღაზის მოლაშქრეებს. თოღრულ მოჰამედის ძე განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან მოემართებოდა. შეხვედრა თრიალეთში იყო დათქმული. დავით არმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, მტერი ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა''. დავით აღმაშენებელი დიდგორის ვიწრობებში ელოდებოდა მტერს, რომელიც იყო ,,სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა''. სრულიად სამართლიანად მიუთითებს აკად. როინ მეტრეველი, რომ დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა. დიდგორის ვიწრობები მტერს საშუალებას არ მისცემდა, გაშლილიყო და თავისი რიცხობრივი უპირატესობა გამოეყენებინა. მაგრამ მაჰმადიანური კოალიციის დიდგორზე შემოტყუება არც ისე ადვილი იყო. ილღაზს ჰქონდა თბილისამდე მისაღწევი სხვა გზაც. დავითის წინაშე იდგა ერთი ამოცანა, მას სამხედრო ეშმაკობით უნდა მოეტყუებინა მტერი და ისე უნდა მიეყვანა ქარტველებისათვის საჭირო პოზიციებზე, რომ ის ვერაფერს მიმხვდარიყო. სხვაგვარად გეგმა ჩაიშლებოდა. მაჰმადიან ავტორს ქემალ ად–დინს აქვს ერთი ცნობა, რომელიც ნათელს ჰფენს ქართველთა სამხედრო ხრიკს. ისტორიკოსი მოგვითხრობს: ,, მუსლიმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი (ე. ი. ქართველები) მისდიეს მტერს და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე ''. როგორც ვხედავთ, დიდგორი არ ყოფილა ქართველებისა და მაჰმადიანური კოალიციის დაპირისპირების პირველი პუნქტი. ამ სამხედრო კამპანიის ფარგლებში მათ მანამდეც ჰქონიათ შეტაკება, მაგრამ ქართველები მასში დამარცხებულან. აქ ერთი რამაა გასარკვევი: ქართველები მართლა დამარცდნენ თუ სტრატეგიული მიზნების გამო დამარცხების სცენა გაითამაშეს. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მისაღებია, რამეთუ სწორედ ამ სამხედრო ხრიკის დახმარებით დავითმა მტერი საფარში შეიტყუა. ის ვინც დიდგორზე ყოფილა დამეთანხმება, ჭკვიანი და გამოცდილი სარდალი აქ ჯარს ნამდვილად არ შეიყვანს, მით უმეტეს, თუჯარის ჯარის რიცხვობრიობაზე აკეთებს აქცენტს. ილღაზი საკმაოდ გამოცდილი იყო იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის ეს ელემენტარული დეტალი არ სცოდნოდა. ჩვენი აზრით, ილღაზს ქართველები უკვე ,,დამარცხებული'' ეგონა, როდესაც დიდგორზე მივიდა. ამის იმიტაციადავითმა შეუქმნა. ამდენად, საქართველოს საზღვრის გადმოლახვიდანვე ილღაზს ეგონა, რომმოქმედებდა საკუთარი სამხედრო გეგმის მიხედვით, არადა ეს იყო ქართველთა მხედართმთავრების მიერ წინასწარ შემუშავებლი სტრატეგია.
1121 წლის 12 აგვისტო, გარიჟრაჟი. დიდგორის ველზე ჯერ კიდევ სიწყნარეა, მხოლოდ აბჯრის ჟღარუნი და ცხენების ფრუტუნი ისმის. აქა–აქ მეომრები გადასძახებენ ერთურთს. დავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა. ხუცესები მეომრებს ლოცავენ. ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს მეომრებისთვის: ,,მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიღუპებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ,''
ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მეომარი. მათ უდიდესი მისია დაეკისრა. ბრძოლის ბედი ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, როგორ შეასრულებდნენ მეფის დავალებას. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისათვის სიკვდილზე მიდიოდნენ. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ 200 გმირი ქართველის სახელი არ ვიცით. გათენდა. უეცრად ქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისაკენ დაიძრა. მორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეული. მტერმა იფიქრა, დანებებას აპირებენო და კარგა ღრმად შეუშვეს ბანაკში. უეცრად ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს დაერივნენ. ილღაზის მეომრები დაიბნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ, დავით აღმაშენებელმა მტერს რამდენიმე მხრიდან შეუტია. ლაშქრის ცენტრს დავითი ედგა სათავეში. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები იყო განლაგებული. ბრძოლის დაწყებისთანავე დემეტრე უფლისწული დიდგორის მთიდან დაეშვა და ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტია. პირველივე შებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყა. სარკინოზები არ ელოდებოდნენ ქართველთა ასეთ სწრაფ და ფართომაშტაბიან იერიშს. დავითმა მართლაც გენიალური სამხედრო გეგმა დაუპირისპირა ილღაზს. მტერი 300–400 ათასამდე იყო, ხოლო ქართველთა ლაშქარი 55 600 მოლაშქრისაგან შედგებოდა. სარკინოზთა რიცხვობრივი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ხანგრძლივ ომს ქართველთა ლაშქარი ვერ გაუძლებდა. ამიტომაც პირველ შეტევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ბრძოლა სამ საათამდე გაგრძელდა. მტერმა ვერ გაუძლოქართველთა იერიშს და უკუიქცა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო. ილღაზის არმიას ქართველებმა დიდგორიდან 70 კმ მანძილზე სდიეს. ტყვე და ალაფი აუარებელი იყო. მართლაც, დიდგორზე ქართველობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევით არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას ,,ძლევაი საკვირველს'' უწოდებს.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებდა დიდგორის გმირებს. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ქართველმა ხალხმა ეროვნული დღესასწაული ,,დიდგორობა'' დააწესა

P.S. მაპატიეთ აკრეფის დროს დაშვებული თუ არის მცირე შეცდომები