ვიღაც დაბეჯითებით ცდილობს როგორმე გააქროს ყოველივე ქართულის კვალი წმინდა მიწიდან. მას შემდეგ, რაც 2004 წელს ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყვეს - მისი სახე მოშალეს, საქმე საერთაშორისო სკანდალამდე მივიდა. როგორც ჩანს, ამ სკანდალის დეტალები, თუ ვინ ჩაიდინა ეს გაუგონარი დანაშაული, მავანთათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს ამბავი ტაბუდადებულია.

რამდენიმე დღის წინ იერუსალიმიდან ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი დაბრუნდა და გულისშემძვრელი ამბავი ჩამოგვიტანა - იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გაანადგურეს(!). სწორედ ისე მოექცნენ, როგორც 2004 წელს შოთას ფრესკას - სახე დაუჩეჩქვესო. მაშინ ბერძნები გვიმტკიცებდნენ, ფრესკა ალბათ ვინმე ბოროტმა ტურისტმა დაამახინჯაო, მაგრამ ახლა იგივე ვერსია საეჭვო ჩანს, ნაკლებსავარაუდოა მემორიალი შემთხვევით პირს დაეზიანებინა.
გოგა ჩანადირი: - ისრაელში აღდგომას, ტურისტულ ჯგუფთან ერთად წავედი. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ ქართველ მომლოცველებთან ერთად ჯვრის მონასტრის დათვალიერება გადავწყვიტე. მონასტერთან მისვლამდე ერთ-ერთ პატარა მონაკვეთს შოთა რუსთაველის სახელი აქვს მინიჭებული, აქვე, 80-100 მეტრში დგას რუსთაველის მემორიალი.
როგორც ვიცი, ის მას შემდეგ დადგეს, რაც ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა წაშალეს. მემორიალს რომ მივუახლოვდი, ელდა მეცა, - რუსთაველს სახე აღარ ჰქონდა. ვიღაცას საგულდაგულოდ ამოუმტვრევია სახე. კარგა ხანს დამუნჯებული და გაოგნებული ვიდექი, უძლურებისა და ბრაზის ცრემლი მახრჩობდა. ეს დანაშაულია არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოსა და ღმერთის წინაშე.
მეშინია, შემდეგ ჩასვლაზე კიდევ უარესი "სიურპრიზი" არ შემოგვთავაზონ. მას შემდეგ, რაც შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყვეს და ამას ქართველების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, არ მეგონა, თუ ამგვარი ვანდალიზმი განმეორდებოდა. სად არის გარანტია, რომ არ წაშლიან იმ ქართულ წარწერებსაც, რომლებიც ჯვრის მონასტერში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი?
მკითხველს შევახსენებთ, რომ მემორიალი იერუსალიმში ბადრი პატარკაციშვილის სახსრებითა და მისი ძალისხმევით დაიდგა.
მზია პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილის და: "15-20 დღის წინ მეც ვიყავი იერუსალიმში, ყვავილები მივიტანეთ მემორიალთან. ყველაფერი წესრიგში იყო. რა მითხარით! ძალიან მეტკინა გული".
http://www.kvirispalitra.ge/public/3245-meramdened.html