http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1გიორგი გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) შესაძლოა თბილისის მერის არჩევნებში კენჭი პარტია ~მომავალი საქართველოს~ სახელით იყაროს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სარწმუნო წყარომ აცნობა.
თუმცა, თავად ~მომავალი საქართველოს~ ლიდერი გიორგი ლაღიძე აცხადებს, რომ იგი ამის თაობაზე ინფორმირებული არ არის. “ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი ლაღიძე საკუთარი კანდიდატურის მოხსნას, რათა მისი პარტიის სახელით კენჭი “უცნობმა” იყაროს, ლაღიძემ, უპასუხა, რომ ამ საკითხზე ინფორმირებული არ არის.
~საიდან გაიგეთ ეს ინფორმაცია? არ ვარ ინფორმირებული, არ ვარ საქმის კურსში. არ ვიცი, ალბათ, თქვენ ჩემზე მეტი იცით~, - განაცხადა გიორგი ლაღიძემ. კითხვაზე, “ამჟამად ხომ არ მიმდინარეობს ამ საკითხზე მოლაპარაკება გიორგი გაჩეჩილაძესთან”, გიორგი ლაღიძემ კვლავ განაცხადა, რომ “არ არის ინფორმირებული”.
თავად გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატურას დააყენებს. “მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კოლეგებთან და ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებ”,-აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
ინფორმაცია “უცნობის” კანდიდატურის შესახებ, დაახლოებით, ერთი კვირის წინაც გავრცელდა. მაშინ მომღერალმა კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ ცნობა კატეგორიულად უარყო. "ჩემს კანდიდატურაზე საუბარიც კი არ ყოფილა", - განუცხადა გია გაჩეჩილაძემ "ინტერპრესნიუსს" 16 აპრილს.
იმავე დღეს ~ინტერპრესნიუსთან~ საუბრისას ~დაიცავი საქართველოს~ წარმომადგენელმა ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ გია გაჩეჩილაძის კანდიდატურის შესახებ პირველად ესმის. თუმცა, შეკითხვაზე, "ე.ი არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?", გეგიძემ აღნიშნა, რომ ~მას არ უთქვამს არც ის, არც - ეს~.
ამასთან, გაჩეჩილაძის მეგობარი აცხადებდა, რომ “უცნობი” იქნებოდა ყველაზე კარგი მერი და ყველაზე კარგი სახელმწიფო მოხელე ქვეყნის სამსახურში. “ასეთები თითო-ოროლა თუ გვყავს”, - დასძინა ბიძინა გეგიძემ.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გაჩეჩილაძე თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ ~მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~ დაასახელოს. თუმცა, მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი დოლაბერიძემ არ დაადასტურა, რომ გაჩეჩილაძე შესაძლოა, მათი პარტიის კანდიდატი იყოს. მისი ინფორმაციით, პარტიაში კადიდატებზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.
ცესკო-ში მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. კანდიდატის წარდგენის უფლება ცესკო-ში რეგისტრირებულ პარტიებსა და ბლოკებს აქვთ. ცესკო-ში 19 პოლიტიკური სუბიექტი და 21 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. პარტიებისა და ბლოკების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.