გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატურის დაყენების შესახებ ინფორმაციას ადასტურებსგია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატურის დაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
გაჩეჩილაძემ აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაადასტურა.
“მოლაპარაკებებს ვაწარმოებ კოლეგებთან და ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებ”,-აღნიშნა გაჩეჩილაძემ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ გაჩეჩილაძე განცხადებას დღეს, 21,00 საათისთვის ”მაესტროს” ეთერში გააკეთებს.
ინფორმაცია “უცნობის” კანდიდატურის შესახებ, დაახლოებით, ერთი კვირის წინაც გავრცელდა. მაშინ მომღერალმა კანდიდატურის შესაძლო დაყენების შესახებ ცნობა კატეგორიულად უარყო.
"ჩემს კანდიდატურაზე საუბარიც კი არ ყოფილა", - განუცხადა გია გაჩეჩილაძემ "ინტერპრესნიუსს" 16 აპრილს.
იმავე დღეს ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელმა, ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომ გია გაჩეჩილაძის კანდიდატურის შესახებ პირველად ესმის. თუმცა, კითხვაზე, "ე.ი არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?", გეგიძემ აღნიშნა, რომ ”მას არ უთქვამს არც ის, არც - ეს”.
ამასთან, გაჩეჩილაძის მეგობარი აცხადებდა, რომ “უცნობი” იქნებოდა ყველაზე კარგი მერი და ყველაზე კარგი სახელმწიფო მოხელე ქვეყნის სამსახურში. “ასეთები თითო-ოროლა თუ გვყავს”, - დასძინა ბიძინა გეგიძემ.
ცესკო-ში მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. კანდიდატის წარდგენის უფლება ცესკო-ში რეგისტრირებულ პარტიებსა და ბლოკებს აქვთ.
ცესკო-ში 19 პოლიტიკური სუბიექტი და 21 პოლიტიკური პარტია რეგისტრირებული. რეგისტრაცია უკვე დასრულდა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1