ნოდარ ლადარია
ვინ თქვა, ოპოზიციას ხელისუფლების ჩატარებული თუ შეკვეთილი კვლევებისა არ სჯერაო? — ტყუილია ეს! საკმარისი იყო, საქართველოს პრეზიდენტს კახა შარტავასათვის 11 მაისს ეთქვა, რომ მის პოლიტიკურ დაჯგუფებას მაღალი რეიტინგი აქვს, სულ რაღაც ორ კვირაში გუბაზ სანიკიძემ რეგიონებისკენ გაიწია, ზვიად ძიძიგურმა კი ცრემლნარევი ხმით დაიჩივლა, ჩვენ მერიის, პარლამენტის და კანცელარიის წინ ვერავითარ გავლენას ვერ ვახდენთ პროცესებზე, მაგან კი ჩხოროწყუს გამგეობის წინ რას უნდა მიაღწიოსო!
აბა, როგორ გაამტყუნებ, თუ საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციისათვის ოცნებათა მწვერვალი გიორგი თარგამაძის პალტო და რეზინის ჩექმებია? მაგრამ ახლა ეს არ გვაინტერესებს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ეგრეთ წოდებული "რეალური გავლენის" საკითხი, რომლის გამო ირიბად წუწუნებდა ძიძიგური.
ბოლო დღეებში მოვლენები ორი ცენტრის გარშემო განვითარდა. ორივე საქართველოს სამოციქუო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს უკავშირდება. პირველი იყო მისი ქადაგება 26 მაისს საკათედრო ტაძარში, მეორე კი 27 მაისს გამოქვეყნებული საპატრიარქოს განცხადება. ჩემ გარშემო მყოფთაგან ვიღაცამ თქვა, რომ პირველმა განცხადებამ რკინიგზის გადაკეტვა გამოიწვია, მეორემ კი პოლიციელების დაჭრა. მაგრამ ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ერთი მხრივ, ძალიან რთული დასამტკიცებელი იქნება, მეორე მხრივ კი ყველაზე ბოროტად მიკერძოებული ადამიანისთვისაც ცხადია, რომ სიტყვებსა და მოვლენებს შორის არავითარი წინასწარი განზრახვა არ დგას.
წინასწარი განზრახვა ან შესაძლო ვარიანტების რაციონალური გათვლა, საერთოდ, ძნელი მოსალოდნელია საქართველოში: მაგალითად, რატომ დაძრეს ხალხის მასა სტადიონიდან საკათედრო ტაძრის მიმართულებით? ამ ქმედებაში აშკარად იგრძნობა შედეგში დარწმუნებულობა, რომლის საფუძვლად ალბათ საპატრიარქოში გია გაჩეჩილაძის alias "ნეტარი ჩეფჩიკას" წინასწარი მისვლა იყო. ალბათ ამ მისვლის შედეგმა მოიტანა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელისუფლების შესაცვლელად მომართული ხალხის ცალსახა კურთხევის მოლოდინი და სრულიად გამორიცხა ლიდერთა შეგნებიდან საპირისპირო შედეგის შესაძლებლობა. ბრმა ნდობა ყოველთვის სახიფათოა...
სწორედ ამ ნდობაშია გასაღები ჩემი და გია ნოდიას ძირითადი შეცდომისა. მართალია, ეს შეცდომაზე მეტად უფრო პუბლიცისტური ფანდი იყო, მაგრამ მაინც ვთქვათ...
გასულ კვირას, გია ნოდიამ და მე გამოვაქვეყნეთ თითო-თითო სტატია, რომლებშიც აღიწერა "ნეტარი ჩეფჩიკას" ფენომენი (28 მაისი). ორივე ტექსტში განხილული იყო გიორგი გაჩეჩილაძე, როგორც სახალხო მორალური ლიდერი. შეცდომა თუ პუბლიცისტური ფანდი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს მოვლენა წარმოდგენილი იყო, როგორც ობიექტური რეალობა. მაგრამ სინამდვილეში ეს ლიდერობა მხოლოდ თვით სუბიექტისა და, შესაძლოა, მისი პროდიუსერის, მამუკა ღლონტის თავში არსებობს, ალბათ რამდენიმე სხვა ადამიანიც იზიარებს ამ თვალსაზრისს, მაგრამ რეალურ ამინდს ეს, რა თქმა უნდა, ვერ შექმნის. ვერ შექმნის იმიტომ, რომ სათანადო მომენტი იქნა ხელიდან გაშვებული.
უნდა დადგეს ჟამი, როცა ლიდერმა უნდა იგრძნოს: მე მარტო ვარ. ამ ჟამიდან მოყოლებული, უკვე აღარ არსებობს არანაირი კერძო ვალდებულება და ვინმეს მიმართ მოწიწება. ილია მეორე ბევრად უფრო გამოცდილი წინამძღოლია, ამიტომაც სულ ერთი დღით თქვა უარი აღებულ კერძო ვალდებულებაზე და აღადგინა წონასწორობა.
ესეც კიდევ ერთი უზუსტობა: წონასწორობის აღდგენა კი არა, სტადიონის მწვანე მინდორზე გაფენილ ეროვნულ დროშაზე უნიჭოდ მიჯღაბნილი კარიკატურის წაშლა იყო. ამის შემდეგ კი საპატრიარქომ არა მარტო აღადგინა წინანდელი მდგომარეობა, არამედ რამდენიმე ქულაც კი მოიგო. როგორ?
ამის გარკვევაში საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების ტექსტი დაგვეხმარება. ამ ტექსტმა ლამის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკანი ეგზეგეტად აქცია. ჰოდა, ჩვენც შევუერთდეთ ჭეშმარიტების მაძიებელთ, მით უმეტეს, რომ განცხადების ტექსტი სრულად დაიბეჭდა 29 მაისის "24 საათში".
განცხადება ასე იწყება: "26 მაისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმულმა ქადაგებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან მისი შინაარსი ხალხის ნაწილმა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად აღიქვა". კაცმა რომ თქვას, წინააღმდეგობრივი წინადადებაა: თუ აპრიორულად უშვებ, რომ საზოგადოება პოლარიზებულია და, ამავე დროს, აღიარებ, რომ ქადაგება რაღაც ერთ მთლიან და დასრულებულ აზრს გამოხატავს, არც უნდა გაგიკვირდეს, რომ ასეთ ქადაგებაზე რეაქცია "არაერთგვაროვანი" იქნება. პოლარიზებულ საზოგადოებაში ნებისმიერი თანმიმდევრული აზრი არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, და ასეთი რეაქციის მაგიერ ვერასოდეს მივიღებთ სრულ მხარდაჭერას — მისი ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ სრული გაუგებრობა და გაურკვევლობა შეიძლება იყოს. სიტყვები "ხალხის ნაწილმა მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად აღიქვა" — არაფერს არ გამოხატავს გარდა ერთისა: "ოპოზიციონერებს ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ ვართ განწყობილი".
განვაგრძოთ: "ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ძალა და იგი მოწოდებულია მშვიდობისათვის". თავისთავად, ეკლესია ქრისტეს მორწმუნეთა, თანაც ქრისტეს ერთი გარკვეული წესით მორწმუნეთა გამაერთიანებელია, რაც სავალდებულოდ არ ემთხვევა ერს. მაგრამ განხილვის ეს დონე ამჯერად ზედმეტად დამაბნეველია. მოცემულ სიტუაციურ კონტექსტში აზრი უფრო მარტივია. ზემოთქმულთან კავშირში ეს აზრი ასე გამოითქმის: ხელისუფლების მხარდაჭერა ერის გახლეჩის ტოლფასია და გამოიწვევს კონფლიქტს.
არის თუ არა ეს ასე? — სრულიად ზედმეტი კითხვაა. აქ მთავარია, რომ საპატრიარქო მოცემული განცხადებით მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ პოზიციას იჭერს, რომელსაც საგულდაგულოდ ნიღბავს. ვის მხარეზეა საპატრიარქო? — ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მომწიფებულა.
ჯერ ბოლომდე უნდა წავიკითხოთ განცხადება, რომელიც ასე გრძელდება: "გუშინწინდელი ჩვენი განცხადებაც გაკეთდა შექმნილი რთული სიტუაციის განმუხტვის მიზნით: ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა". აჰა, თურმე პირდაპირ "სისხლისღვრა" იყო მოსალოდნელი! — არც "პოლიციური ოპერაცია", არც "დემონსტრაციის დაშლა", არც თუნდაც "დარბევა", არამედ "სისხლისღვრა"! 26 მაისს ღამით დავით გამყრელიძემ სწორედ ამის მსგავსი სატყუარით მოსწყვიტა ლიანდაგებს ფრუსტრირებული მეამბოხენი: "მოსალოდნელია იერიში!".
უფრო დეტალურად რომ დავუკვირდეთ ამ ყველაფერს, გაუგებარია: საიდან იყო "ცნობილი", რომ "ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას"? — ვთქვათ, ამაში არც არაფერია საკვირველი: საკმარისია ზოგადად გავეცნოთ ვითარებას, რომ ამ დასკვნამდე მივიდეთ. მართალია, გამოთქმა "ცნობილი იყო" რაღაც უფრო კონკრეტულ ცოდნას გულისხმობს, ვიდრე, მაგალითად, "ჩანდა რომ". მაგრამ ნუ ვიქნებით ზედმეტად მომთხოვნები: წარმოვიდგინოთ, რომ აქ მართლაც საკმაოდ დამაჯერებელ ვარაუდზეა საუბარი. მაგრამ ასეთივე ვარაუდების სფეროს ვერ მივაკუთვნებთ წინადადების მეორე ნაწილს: "მომიტინგეთა მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა". ასეთი დასკვნა უკვე ბევრად უფრო დაწვრილებით ანალიზს მოითხოვს.
რის საფუძველზე ასკვნის ამას საპატრიარქო? — შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი: 1) 6 მაისის პრეცედენტი, როცა სახელმწიფომ აჩვენა, სად გადის დასაშვების ზღვარი; 2) 26 მაისის საღამოს შფოთიან მიტინგზე გამოთქმული ვერსია: გიგი უგულავამ თითქოს სწორედ სისხლისღვრით "დააშინა" თუ "დააშანტაჟა" პატრიარქი. ახლა არსებითი არ არის, რომელი ვარიანტია სწორი. არსებითი არის ის, რომ საპატრიარქო მუდმივ დივიდენდებს იღებს იმისგან, რასაც თითქოსდა ებრძვის: 6 მაისს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სრულიად ლეგიტიმური ძალადობა იქცა სამი ეჭვმიტანილის გათავისუფლებისკენ მოწოდების საბაბად, ხოლო სამი კვირის შემდეგ უკვე მხოლოდ იდეაში არსებულმა კონფლიქტმა ასევე გაზარდა საპატრიარქოს სიმბოლური კაპიტალი.
მაგრამ განცხადების მოტივაცია სხვაგვარად არის ახსნილი მის ტექსტში: "ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს". — რა მძიმე ტვირთი? იმის თქმა, რომ ხელისუფლების ვადამდელ გადაყენებას კარგი არაფერი მოაქვს, მძიმე ტვირთი იყო? კონკრეტულად რაშია სიმძიმე? — ალბათ იმაში, რომ ეკლესიას იმის ჩვენება მოუწია, რომ ხალხის მასის მეშვეობით მასზე გავლენის მოხდენა არ შეიძლება. მაგრამ ეს არ არის მძიმე ტვირთი — ეს ეკლესიის მოვალეობაა. ის, რაც 26 მაისს იქადაგა კათოლიკოს-პატრიარქმა რეალურად სწორედ ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარეობდა: ეკლესია არ არის სათამაშო სტადიონიდან წამოსულ მომიტინგეთა ხელში.
ვთქვათ და არ ყოფილიყო ეს რაღაც საფრთხე — რას იტყოდა მაშინ ილია მეორე? ან იქნებ ოდესმე სხვა რამ უთქვამს და ოდესმე ყოფილა, რომ სტატუს კვოს შეცვლისკენ მოუწოდებია პირდაპირ? და არც არის ეს ეკლესიის საქმე... ასე რომ მძიმე ტვირთი კი არა, სრულიად ჩვეული და გარდაუვალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ქადაგებაც სრულიად შეესაბამებოდა გარემოებას, როცა ეიფორიით შეპყრობილი წინამძღოლი და რამდენმე ათასი მისი მომხრე ეკლესიის კარს მიადგნენ კურთხევის მოლოდინში. სწორედ ეს იყო გაჩეჩილაძის თუ სხვათა მთავარი შეცდომა, რომელიც ეკლესიამ გამოიყენა და არაორაზროვანი უარი თქვა ამ საქმეში უშუალო მონაწილეობაზე.
საპატრიარქოსათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარეთა პოლიტიკურ პლატფორმას, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გავლენას. ამიტომ გავლენის დამტკიცება ხდება ბოლო ნაწილში სულ რაღაც სამ წინადადებაში: "ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. სიტუაცია კვლავ სერიოზულია და ფეთქებადსაშიში. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისათვის (იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა)". აქ კი უნდა დავასრულოთ განცხადების ციტირება, რადგან დანარჩენი უკვე მხოლოდ ლიტურგიკული ჩამოლოცვაა და პოლიტიკური პროცესისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
პრაქტიკულად ეს სამი წინადადება წარმოადგენს მთელს განცხადებას და როგორც ყველა საკრამენტულ ტექსტს ისიც ორნაწილიანი სტრუქტურით ხასიათდება:
1) ანამნეზი: პრობლემა არ ამოწურულა და ვითარება კვლავ საშიშია.
2) ეპიკლეზი: ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისათვის. ასე რომ დარჩენილიყო ეს წინადადება, ალბათ წინააღმდეგობაში მოვიდოდა განცხადების სულ პირველ წინააღმდეგობრივ ფრაზასთან — აკი თავიდანვე აღნიშნეს, რომ "მხოლოდ ხელისუფლებას" არ ემხრობიან. ამიტომაც ფრჩხილებში ერთვის კომენტარი: "(იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა)". მართალია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქმედითი ნაბიჯები სწორედ "სხვა" იქნება, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო: რა საქმე აქვს საპატრიარქოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან? არც არაფერი: უბრალოდ ძალიან სწორხაზოვნად გაგებული და განხორციელებული "დაბალანსებაა": თუ გუშინწინ ამათ გადაასხეს ცივი წყალი, დღეს უკვე იმათ უჭერენ სადავეს.
მაგრამ ამ შემთხვევაში არქიმედეს კანონები არ მოქმედებს და პლიუს ერთი და მინუს ერთი ჯამში ნოლს არ იძლევა: მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და საპატრიარქოს მიერ შემოთავაზებული "სხვა" განხორციელდება, არც საეკლესიო პოლიტიკოსობისათვის უნდა დარჩეს ადგილი, რადგან ტვირთის სიმძიმემ უნდა იჩინოს თავი, რათა მისი მზიდველნი დაუბრუნდნენ იმას, ვინც მუდამ მოუწოდებს — მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი — და ვისი მეუფებაც არ არის ამა სოფლისა...
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GE...onth=&new_year={ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და საპატრიარქოს მიერ შემოთავაზებული "სხვა" განხორციელდება, არც საეკლესიო პოლიტიკოსობისათვის უნდა დარჩეს ადგილი, რადგან ტვირთის სიმძიმემ უნდა იჩინოს თავი, რათა მისი მზიდველნი დაუბრუნდნენ იმას, ვინც მუდამ მოუწოდებს — მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი — და ვისი მეუფებაც არ არის ამა სოფლისა...]