რევოლუციონერმა ჩინოვნიკებმა უკანონოდ ნაშოვნი ქონების უცხოეთში გადამალავა დაიწყეს?!
0:53 - 03.05.2010 - ეკონომიკა
ყოფილი ჩინოვნიკებისთვის ქონების ჩამორთმევა და გაყიდვა საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ქონებისა და ფულის წართმევის რამდენიმე ტალღამ საქართველოში უკვე გადაიარა. ხელისუფლების შეცვლისათანავე, შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ტელეკამერების თანხლებით გააკულაკეს, თავისუფლების სანაცვლოდ კი, ზოგს ოფიციალურად, ზოგს არაოფიციალურად დაგროვილი ქონება ჩამოართვეს. გაკულაკების მორიგი ტალღა ურჩ ბიზნესმენებსა და ოპოზიციაში გადამისამართებულ ჩინოვნიკბს შეეხო. ამ პერიოდში კი ყოველთვის აქტუალური იყო ასლან აბაშიძის საქმე. აჭარის ლომყოფილის ქონების ზუსტად დათვლა და შეფასება, ალბათ, ვერც მოხერხდება, რადგან მისი ქონების ერთი ნაწილი, როგორც ამბობენ, უკვალოდ გაქრა, დანარჩენი ქონების გაყიდვას კი სახელმწიფო დიდი ხანია, ცდილობს.
აბაშიძის დაუთვლელი ქონება
რამდენიმე დღის წინ აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის ქონება აუქციონზე გაყიდა. იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა, აჭარის სააღსრულებო ბიურომ აუქციონზე ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის №4-ში მდებარე, ასლან აბაშიძის (30,4 კვ.მ რეკონსტრუირებული) ერთ-ოთახიანი ბინა გაიტანა, რომელიც ბათუმის მკვიდრმა ზურაბ თავბერიძემ 13 680 ლარად (საწყის ფასად) შეიძინა. თავბერიძე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის თანამშრომელია, რომელიც აცხადებს, რომ აუქციონის შესახებ განცხადება ერთ-ერთ საიტზე ნახა და გადაწყვიტა, ეყიდა, რადგან ბინა წარმოუდგენლად იაფი ღირდა.
ამის გარდა, აუქციონის წესით გაიყიდა ასლან აბაშიძის თბილისში, ზაქარაძის ქ №8-ში მდებარე ბინა (145.11 კვ.მ), რომლის საწყისი ფასი 47 886 ლარი იყო. იგი ბათუმის მკვიდრმა ციცინო ცინცაძემ შეიძინა.
სამაგიეროდ, ვერავინ გაბედა, შეეძინა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის #4-ში მდებარე ასლან აბაშიძის მეორე ბინა (243.6 კვ.მ). ეს ის სასხლია, სადაც აჭარის ყოფილი მეთაური ბათუმში ფერადი რევოლუციის შეღწევამდე ცხოვრობდა. ბინა 100 485 ლარად იყო შეფასებული. ამის გარდა, არ გაყიდულა აბაშიძის ბინებში არსებული ნივთების ნაწილი. ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცა.
აჭარის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლების განმარტებით, ასლან აბაშიძე სახელმწიფოს მოვალედ ცნეს და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის გადახდა დააკისრეს, მისი ქონებაც სწორედ ამიტომ იყიდება. რაც შეეხება ასლან აბაშიძის სახლს, ის ორჯერ იყო გამოტანილი აუქციონზე და არ გაიყიდა, სახელმწიფო საკუთრებაშიც ამ მიზეზით გადავიდა.
შერჩებათ თუ არა აბაშიძის სახლები ახალ მფლობელებს, ძნელი სათქმელია, რადგან ასლან აბაშიძის ქართველი და ავსტრიელი ადვოკატები ევროსასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს განაჩენი ქართული სასამართლოს მიერ ქონების კონფისკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებასაც გააუქმებს.
შეგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წელს, მისი საქართველოდან წასვლის შემდეგ დაიწყო. ქართულმა სასამართლომ ასლან აბაშიძე თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების არამიზნობრივ განკარგვაში დაადანაშულა.
ასლან აბაშიძის საქართველოდან წასვლისთანავე, აჭარის უმაღლესმა სასამართლომ ასლან აბაშიძის, მისი შვილების, გიორგი და დიანა აბაშიძეებისა და მათი 25 ნათესავისთვის კუთვნილი ქონების სრულად ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება.
ერთი წლის შემდეგ კი, საქართველოს გენპროკურატურამ აბაშიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სახელმწიფო სახსრების დატაცებაში ბრალის წაყენებას აბაშიძის ოჯახის ქონების დაყადაღება მოჰყვა. პირველი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის ზაფხულში გამოიტანა.
კონფისკაციაში მოჰყვა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე აბაშიძის ბინა, “საზღვაო ბანკი,” დიანა აბაშიძის საცხოვრებელი ბინა და ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, გიორგი აბაშიძის 4 საცხოვრებელი ბინა და 3 ავტომანქანა, ასევე სხვა ნათესავების ქონება.
აბაშიძეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს და ძებნილად გამოაცხადეს. ბრალად ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობა, ტერაქტების ორგანიზება და თენგიზ ასანიძის უკანონო დაპატიმრება დაედო.
საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, ასლან აბაშიძისთვის ჩამორთმეული ქონება 100 მილიონ ლარადაა შეფასებული. ამ ქონებაში შედის მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, საბანკო ანგარიშები, ავტომანქანები, თუმცა ისიც დათვლილია, რომ აბაშიძისა და მისი ნათესავების სახელფასო შემოსავლები თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, 130 ათასს ლარს არ აღემატებოდა.
ალბათ, სტრასბურგში თავის დროზე ყველაფერი დეტალურად გაირკვევა, მანამდე კი ცნობილია, რომ ასლან აბაშიძე აჭარაში დაახლოებით 15 კომპანიის მფლობელი იყო. მასვე ეკუთვნოდა ორი ფეშენებელური აგარაკი დაბა მახინჯაურში, ჩოგბურთის კორტები, კლუბი “ბათუმი”, ფირმები: “აღორძინება მ” და “აღორძინება ნ” და სხვა.
ასლან აბაშიძეს ჩამოართვეს როგორც მის სახელზე რიცხული ანაბარი ბათუმის საზღვაო ბანკში, ასევე წილები კომპანიებში.
ინფორმაცია არ არსებობს, სად გაქრა აბაშიძის უნიკალური ბიბლიოთეკა, იარაღის კოლექცია, საუკეთესო ჯიშის კავკასიური ნაგაზების ფერმა, უზარმაზარი არქივი და მისი ცნობილი “ჰამერები.” ისე, თავის დროზე ითქვა, რომ ამ “ჰამერებით” თითქოს ვანო მერაბიშვილისა და სხვა “ვარდოსანთა” ცოლები “დაგრიალებდნენ”...
თუ გავითვალისწინებთ, რომ სტრასბურგში ასლან აბაშიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის, მისთვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს სახელმწიფოს მოუწევს და არა - კერძო პირებს, რომლებმაც მისი ქონების ნაწილი ოფიციალურად, აუქციონზე შეიძინეს.
ცნობილია, რომ ავსტრიელი ადვოკატები აბაშიძის საქმეში 2009 წლის ზაფხულიდან ჩაერთვნენ.
სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარის ინტერესებს ქართველი ადვოკატებიც - შალვა შავგულიძე და სოსო ბარათაშვილი იცავენ.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, აჭარის მოვლენების დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ასლან აბაშიძეს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. იურისტები მაშინ განმარტავდნენ, რომ პრესიდენტს კონსტიტუციიით ასლან აბაშიძისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემის უფლება არ ჰქონდაDდა მხოლოდ შეწყალების უფლებამოსილებით სარგებლობდა.
ექსჩინოვნიკთა “შემოწირულობანი”
შევარდნაძის ეპოქის დასრულებისთანავე, ახალი ხელისუფლება “მოსავლის აღებას” შეუდგა. ჩინოვნიკების დიდი ნაწილი ციხეში გაამწესა, მათ მიერ ოფიციალურად გადახდილი თანხით კი მთავრობამ ბიუჯეტიც შეავსო და სხვადასხვა ფონდებში ფულის დაგროვებაც არ გასჭირვებია. როგორც ამბობდნენ, ფონდებში უზარმაზარი ფული შედიოდა, თუმცა სად წავიდა ეს თანხები, სავარაუდოდ, ძნელი დასადგენი იქნება, რადგან ისინი მალევე გაუქმეს და ოდესმე, ალბათ, არც შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მოძიება მოხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კაკო ჩხაიძემ, სულხან მოლაშვილმა, გია ჯოხთაბერიძემ, მერაბ ჟორდანიამ, ბონდო შალიკიანმა, მერაბ ადეიშვილმა, შოთა მეფარიძემ, იასე ზაუტაშვილმა, ვახტანგ ჩახნაშვილმა, ბორის სარალიძემ, დავით აბაშიძემ, ლევან კენჭაძემ, ელგუჯა ჯამბურიამ, ვალერი ვაშაკიძემ, ნაპოლეონ ქარქაშაძემ, ფრიდონ ინჯიამ და კობა ნარჩემაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ ნახევარი მილიარდი დოლარი გადაიხადეს, საიდანაც 400 მილიონი ქონებით, 100 მილიონი დოლარი კი ნაღდი ფულის სახით გადაეცა სახელმწიფოს.
შევარდნაძის ჩინოვნიკთა იმ სიაში, რომლებმაც დაგროვილი ფულის ან ქონების ნაწილი სახელმწიფოს “შესწირეს”, ბევრი ცნობილი სახე არ მოხვედრილა, მაგალითად, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, უშიშროების ექსმინისტრი ვალერი ხაბურძანია, საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის ყოფილი შეფი გიორგი ჭანტურია. ამბობენ, რომ ამ სიაში იყო გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი, ძმისშვილი ნუგზარ შევარდნაძე და, ასევე, სხვა ცნობილი სახე.
თავის დროზე ამ იძულებითი ქველმოქმედების რამდენიმე შემთხვევა, სავარაუდოდ, საჩვენებლად და ზოგიერთების ჭკუაზე მოსაყვანად გაპიარდა. მაგალითად, საპატრიარქოს თავშესაფრის მოხუცებულებს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის ქალაქგარეთ მდებარე სახლი გადასცეს.
ნუგზარ შევარდნაძის მიერ სახელმწიფოსათვის საჩუქრად გადაცემულ შენობაში კი დღეს ფინანსთა სამინისტროა განთავსებული. ერთ-ერთი გაზეთი კი თავის დროზე იმასაც წერდა, რომ თურმე, რაც ნუგზარ შევარდნაძეს წაართვეს, ვანო მერაბიშვილის დას გადასცეს.
ალბათ, ოდესმე ყოფილი ჩინოვნიკებისთვის თბილისში, წყნეთსა და საგურამოში ჩამორთმეული ქონებაც დაითვლება, მაგრამ მოითხოვს თუ არა რომელიმე მათგანი საერთაშორისო სასამართლოში წართმეულის უკან დაბრუნებას, როგორც ეს ასლან აბაშიძემ გააკეთა, ძნელი სათქმელია.
სცენარი, რომელიც შესაძლოა, განმეორდეს
იმას, რასაც შევარდნაძის ჩინოვნიკებს ედავებოდნენ, ალბათ, ოდესმე დღევანდელ ხელისუფლებასაც წაუყენებენ ბრალად. ელიტარულ კორუფციაზე რამდენიმე წელია, აქტიურად ლაპარაკობენ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ ბრალდებებს ზოგადი ხასიათი აქვს. ოპოზიციიდან ამ თემაზე აქტიურად ჯერ-ჯერობით მხოლოდ “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მუშაობს. იგი ქართველ ჩინოვნიკებს ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში ადანაშაულებს.
შაშიაშვილმა თვალსაჩინოებისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის სახლთანაც კი მოაწყო აქცია და განაცხცადა, რომ კუბლაშვილი და სააკაშვილის მაღალჩინოსნები ხალხისაგან მოპარული ფულით სასახლეებს იშენებენ. “თეთრები” “მხილების მუზეუმის” ფარგლებში მსგავსი აქციების გაგრძელებას გეგმავენ, მაგრამ ალბათ, საქმე ცოტა გართულდება, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში მდიდარ ჩინოვნიკთა და პარტიის მეგობართა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო.
შევარდნაძის დროს ბიზნესში სულ რამდენიმე კლანი არსებობდა, ნუგზარ შევარდნაძისა და ახვლედიანების (შევარდნაძის მძახლები) კლანი, რომლებიც ნავთობის და სპირტის ბიზნესს აკონტროლებდნენ, აჭარაში აბაშიძის, ხოლო
ქვემო ქართლში მამალაძის კლანი მეფობდა, რკინიგზას კაკო ჩხაიძე აკონტროლებდა, თბილისში მიმდინარე მშენებლობებს - ვანო ზოდელავა, ხოლო ფარმაცევტულ სფეროს - ავთანდილ ჯორბებნაძე.
დანარჩენ ჩინოვნიკებსაც ჰქონდათ თავ-თავიანთი გავლენის სფეროები, თუმცა კლანს ნაკლებად დაარქმევდი, რადგან ასე თუ ისე, კონკურენტუნარიანი გარემო იყო. როგორც ამბობენ, დღეს ეს ბიზნესები სათითაოდ აქვთ გადანაწილებული და შესაბამისად, არ აწყობთ ვინმეს ჩაზიარება, რადგან შემოსავლები შეუმცირდებათ.
აპირებს თუ არა მომავალი ხელისუფლება იგივე მეთოდებით დააბრუნოს მითვისებული ქონება, ძნელი სათქმელია. ოპოზიცია ჯერ-ეჯერობით ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იბრძვის და სულ არ სცალია იმაზე ფიქრისთვის, როგორ მოიქცევა ოდესმე, თუ გაუმართლებს და ძალაუფლება მის ხელში აღმოჩნდება.
როგორც ჩანს, ამ კუთხით სამოქმედო გეგმებს მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას უნდა ველოდეთ, მანამდე კი, როგორც ამბობენ, ქართველ ჩინოვნიკთა უმეტესობა თავს იზღვევს და ნაშოვნი ქონება უცხოეთში გააქვს.
http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&i...id=17206&act=nsრომელი რომელზე უარესია ის თუ ეს , აი, ესაა საკიტხავი