ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ახალგაზრდა თაობაზე და სკოლაში მასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ვხედავ ამდენ ახალგაზრდას ტაძარში და გულს უხარია, რომ მოდის ძლიერი თაობა. ამაში დიდი დამსახურება სკოლის ხელმძღვანელობას მიუძღვის. თქვენ აკეთებთ დიდ საქმეს. თქვენ უნდა გაზარდოთ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით”, - ბრძანა უწმინდესმა.
მისივე თქმით, როდესაც უცხოეთში ბავშვობის ასაკში მიდიან, ისინი არ არიან განმტკიცებული თავიანთ ნიადაგზე და მათ აღარ აქვთ სამშობლოსადმი ისეთი სიყვარული, როგორიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არის მაგალითებიც, როდესაც უცხოეთში მყოფ ქართველებს უფრო მეტად უყვართ საქართველო, ვიდრე აქ მცხოვრებთ.
“მართალია, ზოგიერთი ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი ცდილობს დააპირისპიროს ჩვენი ახალგაზრდობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მინდა ვთხოვო ჩვენს პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, გაუფრთხილდნენ ბავშვებს. მასწავლებელმა თავი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს. თუ ეყვარებით თქვენს მოსწავლეს, ის აუცილებლად ისწავლის თქვენს საგანს. მათ ცოდნასთან ერთად უნდა მისცეთ აღზრდა, უნდა ასწავლოთ ყველაფერი, თუ როგორ მოიქცეს. თქვენ მოსწავლეებს სიყვარული უნდა ასწავლოთ. წმინდა ბასილი დიდი ამბობს – ბოროტება არ იკურნება ბოროტებით, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით”, - ბრძანა უწმინდესმა.
მან ასევე სთხოვა პედაგოგებს, რომ მოსწავლეებს 2-იანი არ დაუწერონ. დღესვე პატრიარქმა, ტრადიციისამებრ, თბილისის რამდენიმე სკოლა და გვარი დალოცა. “ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ”, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგების დასასრულს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1
ხელმოწერის მოსაფიქრებლად კრეატიულობა არ მყოფნის...