დაპირისპირება „ლიბერალური“ და „მართლმადიდებლური“ იდეალების მიმდევრებს შორის გრძელდება. კარგია, რომ ვნებები შედარებით დაცხრა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა შეწყდა, იდეოლოგიურმა ბატალიებმა დისკუსიის ფორმა მიიღო და ქუჩიდან პრესის ფურცლებზე, სოციალური ქსელების ვებგვერდებზე, ტელე- და რადიოსტუდიებში გადაინაცვლა. თუმცა, მდგომარეობა მაინც რთულია. საპირისპირო „ბანაკებში“ გაერთიანებულ პირთა კამათის ტონი და ფრაზეოლოგია ჯერ კიდევ აგრესიული და შეუწყნარებელია. ერთი მხარისთვის მეორის პოზიცია რეტროგრადობას და ანაქრონიზმს ნიშნავს, მეორისთვის პირველისა - ღვთის გმობას და სატანის მსახურებას. ჩანს, რომ ჯერ-ჯერობით არცერთ მხარეს არ სურს კომპრომისების ძიება; ან, საუკეთესო შემთხვევაში, თითოეულ მათგანს კომპრომისი ისე ესმის, თითქოს მისმა საკუთარმა თვალსაზრისმა აბსოლუტური გამარჯვება უნდა იზეიმოს მეორე მხარის თვალსაზრისზე; ხოლო, მეორე მხარეს კი ისღა დარჩენია, მარცხს შეეგუოს და მორჩილად უარყოს ის, რასაც ერთ დროს თავგამოდებით იცავდა.
http://netgazeti.ge/GE/9/News/1532/