მმართველმა პარტიამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ რეჟიმში კონსულტაციების დაწყება შესთავაზა ყველა იმ „მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საარჩევნო რეფორმის დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.
„ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება მოხდება“, – აღნიშნა მან 29 აპრილს.
მისი თქმით, „მთავარი საზომია“, პარლამენტმა შემოდგომაზე უკვე მესამე მოსმენით მიიღოს საარჩევნო კოდექსი „იმისათვის, რომ ერთი წელი გვქონდეს 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებამდე. ახალი კოდექსია და იმპლემენტირება და დრო სჭირდება“.
„მანამდე მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ჩაერთოს... რომ საზოგადოება გაეცნოს ამ პროექტს, – აღნიშნა მან, – ამ პრინციპების დაცვით ჩვენ რაღაც ვადაში შეთანხმება უნდა მოვახდინოთ“.
მინაშვილის თქმით, „რთულია“ შესაძლო შეთანხმების კონკრეტული ვადის დასახელება, რადგან ინდივიდუალური კონსულტაციები „რამდენიმე დღეში“ გამოკვეთს შეთანხმების პერსპექტივებს და იმას, აღდგება თუ არა მოლაპარაკებათა შეჩერებული ფორმატი.
რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მაისის ბოლოსთვის უნდა იქნეს მიღწეული ხელისუფლებასთან იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მარტიდან შეჩერებულია და რომლის ჩიხში შეყვანაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოლაპარაკებებში ოპოზიციური „რვიანის“ გარდა ჩართული იყვნენ სხვა პარტიებიც, მათ შორის, ისინი, რომლებსაც ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყავთ პარლამენტში.
ამ წინადადებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“ და „გაუგებარია“.
თუმცა, მისი თქმით, კონსულტაციები არის იმისათვის, რომ „სამუშაო ვითარებაში დავიწყოთ პოზიციების შეჯერება და არა მედიის საშუალებით იდეების გაცვლა, რაც არაეფექტურია“.
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესება მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად, რასაც ოპოზიცია მოითხოვს ბოლო წინადადებებში, არ არის „სამართლიანი“, რადგან ამ მოდელით, მისი თქმით, მეორე ტურისთვის განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის პარტიები ხელოვნურად ერთიანდებიან ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად.
„50-პროცენტიან ბარიერს ჩვენ მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა მინაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის „ბევრი წევრი“, ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის მასშტაბით სიების შედგენის წინააღმდეგია, რაც, ასევე, ოპოზიციური „რვიანის“ შემოთავაზებაა.
„ეს არის ძალიან სარისკო იდეა, რომელმაც შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოშვას“, – განაცხადა მინაშვილმა და განმარტა, რომ ერთ წელიწადში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება „ურთულესი პროცესია“ და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი ადამიანის სიის მიღმა აღმოჩენა და, შესაბამისად, ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვება არჩევნების დღეს.
http://www.saqinform.ge/index.php?option=c...ika3&Itemid=457პ.ს. არაო, შეთანხმებებზე არ მოვდივართო, მარა მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაიმართოს ინდივიდუალურ რეჟიმშიო (რა ოხრობაა ეს ახსნას ვინმემ)... მოკლედ ეს ბოლიც აღარ არის უკვე...