პირველი ნაწილი:
თუშეთი"რაიოდ მეტა მომნატრებიხარ, ჩემ ტკბილ თუშეთო"... ვინაიდან მთის სეზონი მოდის და თუშებთან ერთად მეც მეწყება შინაგანი დისკომფორტი იქ წასვლის დაუძლეველი სურვილის გამო; ვინაიდან ის თემა 100 გვერდს გადასცდა, თავს ახალი თემის გახსნის უფლება მივეცი, როგორიც თუშეთის ყველაზე დიდმა მოყვარულმა არათუშმა.
თუშები მიყვარან - ტანად დიდები!
სიტყვაძვირები და გულით მდიდრები!
საქართველოს მთებში - მონაპირენი!
საქართველოს მთებში - მონადირენი!
ვაჩაძეები, ვაშაძეები,
ცისკარიშვილები - ლაშქარს დევები!
გაფრინდაულები - მჭრელი სატევრებით,
თვითონ ცოტანი, მაგრამ ცხვარბევრები!
აფთარაულები, უშარაულები -
მთას რომ მერცხლის ბუდედ უჩანთ აულები!
ჩაღმა თუშები და თუშები წოვანი -
საქართველოს გზებზე მარად მგზოვარნი!
თუშები მიყვარან სულში და გულში -
ღმერთი!
რჯული!
არა ვარ თუში!
აბა, თქვენ იცით - ფოტოები და შთაბეჭდილებები არ მოაკლოთ ამ თემას. "რა ლამაზია თუშეთი/ და ლაშარობა,/ რქებჩაგრეხილი ჭედილა,/ სანთლით შუბლგადატრუსული", ყველამ კარგად იცით. გისურვებთ, ყველას საკუთარი თვალით გენახოთ ის სილამაზე, რაც თუშეთშია, და თუშთა გულღიაობა, მათი სხვანაირად გულწრფელი მასპინძლობა და უშუალობა - თითქოს სამყაროს შემქმნელმა აქ გულმოდგინედ, გულუხვად დაიბერტყა თავისი კალთა და ბუნების ფერები თუ ხასიათის დადებითი თვისებები გულუხვად დატოვა. "შატილის ასულოს" ავტორ იოსებ ლონგიშვილის ეს ლექსი სრულად გამოხატავს მიზიდულობის იმ მაგიურ ძალას, რაც თუშეთში ერთხელ მოხვედრილ კაცს გამუდმებით ექაჩება იქით. ბედნიერი თუშეთობას გისურვებთ ყველას!
შეიძლებოდეს, მე თქვენს ქარაფებს,
მთებო, ამ გულში დავიმარხავდი,
არ მინდა მაგ თქვენ უბეს მოვშორდე,
არ მინდა გითხრათ "მთებო, ნახვამდის!"
არ დავიკვნესებ თქვენს მკერდზე, მთებო,
გინდ გულში დამკრან მწარე ლახვარი,
ანკარა წყარო ჭრილობას მომბანს,
წამალს დამადებს ქუჩი გამხმარი.
ობოლი ნუკრი საჭმელს მომიტანს,
ირემი რქებით შემიწვავს მწვადებს,
ლაღი არწივი ბასრი ნისკარტით
მომიტანს მთებო, აქ ბარის ამბებს.
ყინულის ნაჟურს ბუერის ფოთლით,
ზედ დავაპკურებ პოეტის ფიქრებს,
ხევის დუდუნზე ჩამეძინება,
ზვავის გრიალი გამომაღვიძებს.
თუ აქ დავეც და აქ მოვუკვდი
ლამაზ ჭიუხებს, თოვლიან სერებს,
თუშურ გარმონის ხმას რომ გავიგებ,
მთებო საფლავში რა გამაჩერებს.
ვერ შეველევი ღრმა ხევთა ქშენას,
მეხთა ელვისგან დაკაწრულ სერებს,
რა დამიდუნებს, თუშეთის მთებო,
თქვენს მოსახვევად გამოწვდილ ხელებს.
ნეტავი, მთებო, თქვენს მკერდზე მუდამ
ათას წელს ვწვავდე დეკაზე მწვადებს,
ნეტავი, მთებო, ჩემი სიცოცხლეც
თქვენს კალთებივით ამწვანდებოდეს.
This post has been edited by Fabian on 19 Jan 2011, 21:41
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".