29 ოქტომბერს "როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ოცი მოქალაქის შესახებ, რომლებსაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში ედებათ ბრალი.
"როიტერი" კონკრეტულ წყაროებს არ ასახელებს და საფიქრებელია, შსს-ს სულაც არ უნდოდა ინფორმაციის გავრცელება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამაზე ფიქრის მიზეზს გვაძლევს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის კატეგორიული უარი კომენტარებზე.
შესაძლოა, "როიტერმა" მართლაც საკუთარი არხებით მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო უტიაშვილის დაპირება, კვირის ბოლომდე გავაკეთებთ კომენტარსო, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ ინფორმაცია მართლაც გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ, არც მეორე ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ _ რომ ინფორმაციამ ვითომ "შემთხვევით" გაჟონა შსს-დან.
ამ ნიუანსებზე ასე დაწვრილებით შემდეგი გარემოებების გამო შევჩერდით: როგორც იქნა, პირველ ნოემბერს, დილას, ორი დაკავებულის ვინაობა გახდა ცნობილი _ ისინი ბათუმელები, ეთნიკური სომხები _ არმენ გევორქიანი და რუბენ შიკოიანი აღმოჩნდნენ. შუადღისთვის კიდევ ერთი დაკავებულის ვინაობა გამჟღავნდა _ ასევე ბათუმელი ბიზნესმენი რუსლან გალოგრე (რომელიც არმენ გევორქიანის ძველი ნაცნობი და მეზობელია).
2 ნოემბერს მეოთხე პირის ვინაობაც ითქვა _ პეტრე დავრიშაძე, რომელიც, როგორც ამბობენ, ასლან აბაშიძის დროს რუსულ სამხედრო ნაწილში მუშაობდა.
საინტერესო ის არის, რომ გევორქიანისა და შიკოიანის ადვოკატმა ნანა წულაძემ, აგრეთვე, გალოგრეს კუთვნილი ბათუმური სასტუმრო "ო.გალოგრეს" თანამშრომელმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს, რომ ისინი ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს დააკავეს.
ვიდრე საქართველოს შსს ოფიციალურ განმარტებას გააკეთებდეს, ზემოთ მოყვანილი მწირი ინფორმაციის საფუძველზე, მაინც დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 17 ოქტომბერს პირველი ჯგუფის დაკავების შემდეგ, დანარჩენი 10 კაცი 17-დან 30 ოქტომბრამდე პერიოდში დააკავეს და შესაძლოა, კიდევ ჰყავდეთ "კანდიდატები". ყოველ შემთხვევაში, თუკი ეს სრულიად ლოგიკური ვარაუდი მხოლოდ ვარაუდი არ არის, მორიგი ჯაშუშური სკანდალი იმის მიზეზი გახდება, რომ ამ ბოლო დროს სააკაშვილისა და ვაშაძის ძალიან ფრთხილი განცხადებები, რუსეთთან დიალოგის განახლების შესახებ (რაც ზოგმა ექსპერტმა "დათბობის დასაწყისად" მონათლა), განცხადებებადვე დარჩება.
რუსეთი რუსეთად და, ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი გევორქიანისა და შიკოიანის დაკავება სომხეთთან ურთიერთობაზეც იქონიებს გარკვეულ გავლენას _ ისინი ხომ სამხრეთ საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაცია "ჯავახკის" აქტიური წევრები არიან.
როგორც "ჯავახკის" წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს, გევორქიანი და შიკოიანი სწორედ ამ ორგანიზაციის წევრები არიან. ხოლო სომხური საზოგადოებისა და გარკვეული პოლიტიკური წრეების ზრუნვის შესახებ ამ "ძირძველი სომხური მხარისა" და იქ მოქმედი "საზოგადოებრივი მოძრაობების" (პირველ რიგში სწორედ "ჯავახკის") მიმართ, საყოველთაოდ ცნობილია. "ჯავახკელმა" რუბენ ტოროსიანმა უკვე "პოლიტიკური შეფასებაც" მისცა მათი აქტივისტების (ისინი ახალგაზრდობის საქმეებს კურირებენ "ჯავახკში" დაკავების ფაქტს და "ჯავახკის" მიმართ რეპრესიები უწოდა. რაც მთავარია, განაცხადა, რომ ამ "რეპრესიული აქტის" შესახებ უკვე აცნობა "ზემდგომ ორგანოს" ერევანში, კერძოდ კი, პარტია "დაშნაკ ციუტუნის" ხელმძღვანელობას (შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს თბილისელი სომხების მიერ შექმნილი ეს პარტია, რომელიც ერთხანს თვით სომხეთშიც აკრძალული იყო, თავის ოფიციალურ მიზნად აცხადებს "დიდი სომხეთის" აღდგენას "მიტაცებული ტერიტორიების" (მათ შორის ჯავახეთის!) დაბრუნების გზით.
ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ არაფერი იცის ტოროსიანის განცხადების შესახებ, მაგრამ თუ მან ეს მართლაც თქვა, თვითონვე მოახდინა საკუთარი ორგანიზაციის მხილებაო.
"ჯავახკი ოფიციალურად მხოლოდ რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და ტოროსიანის თქვენს მიერ ნახსენები განცხადება, მეტი რომ არ ვთქვა, უცნაურია. ჯერ ერთი, რა ესაქმებათ ბათუმში მცხოვრებ სომხებს "ჯავახკში" და მეორე _ რა შუაშია "დაშნაკ ციუტუნი"? ერთი სიტყვით, გაღიზიანებულმა ტოროსიანმა სისულელე ჩაიდინა _ მხოლოდ ასე შემიძლია მისი საქციელის ახსნა. თუმცა, ვფიქრობ ძალიან დიდი მნიშვნელობაც არ უნდა მივცეთ ამ ფაქტს _ საბედნიეროდ, "დაშნაკები" არ არიან სომხეთში მმართველი პოლიტიკური ძალა, ხოლო მთავრობა საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობს ჩვენს ხელიუფლებასთან ასეთ საკითხებში, რის დასტურადაც თუნდაც ის გამოდგება, რომ იგივე "ჯავახკის" ახალგაზრდული ფრთის ("ჯემი"-ის) ხელმძღვანელი ხაჩალიანი, რომელიც ქართული პოლიციის მიერ იძებნებოდა, სომხეთმა დააკავა და ქართულ მხარეს გადმოსცა",- აღნიშნა არეშიძემ.
არეშიძის აზრს არ იზიარებს უშიშროების გენერალი ანზორ მაისურაძე, რომელიც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ სომეხი ეროვნების აგენტების არსებობა ამ აგენტურულ ქსელში სრულიად ბუნებრივია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სომხეთს და რუსეთს გაფორმებული აქვთ ორმხრივი ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. ერთი მუხლი დაზვერვით საქმიანობაში ერევანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საინტერესოა სხვა ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა აზრი ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით: სახელისუფლო პარტიიდან, ცხადია, "არსაიდან ხმა, არსით ძახილი", ისინი "დუმილის უფლებას" იყენებენ; რადიკალური ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, სკეპტიკურად უყურებს ყველაფერს და ამ დაკავებასაც "სპექტაკლს" უწოდებს; მაგრამ რადგან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, რადიკალიზმი და თუნდაც არაობიექტურობა შეიძლება, "ბუნებრივად" მივიჩნიოთ, ამიტომ დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით დავინტერესდით, თუმცა კატეგორიული არც მათი უმეტესობა იყო _ მამუკა არეშიძემ რუსულ "რეგნუმს" განუცხადა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და თუკი ამას ჩვენი ხელისუფლება ისე პომპეზურად არ გააფორმებს, როგორც ეს 2006 წელს მოხდა, ეს უხმაუროდ და უმტკივნეულოდ ჩაივლის; დაახლოებით იგივე გვითხრა ირაკლი სესიაშვილმაც, მაგრამ დაამატა, რომ გარკვეულწილად ესმის სოსო ცისკარიშვილისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა, რომლებიც სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას დაპატიმრების, მისთვის ჯაშუშობის ბრალდების წაყენების ძალზედ არაპროფესიონალურად წარმართული და "თეთრი ძაფით" ნაკერი საქმის შემდეგ, ამ ჯგუფის დაკავებასაც სახელისუფლებო "სპექტაკლს" უწოდებენ. თუმცა, სესიაშვილი ამბობს, რომ სჯობს ოფიციალურ ინფორმაციას დაველოდოთ.
ძალიან საყურადღებო ინტერვიუ დაიბეჭდა რუსულენოვან საიტზე "ნაშა აბხაზია" _ "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, უშიშროების გადამდგარი გენერალი ლევან კიკნაძე ჟურნალისტს თავის ინტერვიუს ახსენებს, რომელშიც ჯერ კიდევ ზაფხულში უთქვამს, რომ რუსული აგენტურის გააქტიურებას ელოდა, რადგან სწორედ ზაფხულში, ცხინვალის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრად რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების დაზვერვის ყოფილი უფროსი ვალერი იახნოვეცი დანიშნეს, ეს კი საქართველოს შუაგულში, ცხინვალში რუსული დაზვერვის ცენტრის გადმოტანას და გააქტიურებას ნიშნავსო.
ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ კვირის ბოლოს "დიდი ამბები" გველის (თუკი უტიაშვილი არ გვატყუებს ან თუკი მანამადე ისევ "შემთხვევით" არ გამოჟონა რამე ამბავმა).
რუსული რეაქციებიც საყურადღებოა: მხოლოდ დუმის უშიშროების საბჭოს წევრმა, გუდკოვმა გააკეთა კომენტარი _ საქართველოში აგენტურა რად გვინდა, ნახევარი საქართველო აქ ცხოვრობს და სამშობლოსთან კავშირი აქვთ, მათგან ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებთ საჭიროების შემთხვევაშიო; ლავროვი კი საერთოდ "ტყემალზე შეჯდა" _ ვიეტნამში ყოფნისას, პრესკონფერენციაზე ჰკითხეს და საქართველოს პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა, ჩვენ რა შუაში ვართო, _ განაცხადა...
არადა, ძალიან კარგი იქნება, თუკი სწორედ რუსები იქნებიან "შუაში" და ამ ამბების სამი "სავარაუდო პასუხიდან", ("რუსული აგენტურა", "სომხური აგენტურა", "ხელისუფლების სპექტაკლი") სწორედ პირველი იყოს სწორი _ ისევ "შეჩვეული ჭირი~ სჯობს მეზობლებთან ისედაც "ფეთქებადსაშიში სიტუაციის" კიდევ უფრო დაძაბვასაც და ხელისუფლების მიერ არაფრის გამო დაპატიმრებული კიდევ ერთი "ოცეულის" არსებობასაც.
P.S. რას გაუგებ ამ "აგენტებს", მაგრამ ერთი ამბავი გამახსენდა და გადავამოწმე: 2010 წლის მარტში ვლადიკავკაზში რუსეთის არმიის ორი პოდპოლკოვნიკი და საქართველოს დაზვერვის ერთი თანამშრომელი გაასამართლეს, მათ 15, 13 და 11 წელი მიუსაჯეს და, რაც მთავარია, პოდპოლკოვნიკმა ბოგდანოვმა აღიარა, რომ ქართულ მხარეს აქ მომუშავე რუსული აგენტურის სია გადასცა.
ასე რომ, შეიძლება, ეს ხალხიც სწორედ იმ სიიდან იყოს. ისე, საერთაშორისო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება, ვლადიკავკაზში გასამართლებულ ქართველ მზვერავზე გაცვლაც შემოგვთავაზოს რუსეთმა და ალბათ არ უნდა დაენანოს საქართველოს გევორქიანისა და შიკოიანის (ცხადია, თუკი დანაშაული დაუმტკიცდათ) გაცვლა კაპიტან ზაზა ხერკელაძეში.
P.P.S. მასალა მზად გვქონდა, როდესაც "რუსთავი 2"-ზე დოკუმენტური ფილმის ანონსი გამოჩნდა: "ენვერი, ანუ ქართულ ანკესზე წამოგებული რუსული დაზვერვა". ფილმში, რომელიც ეთერში "მალე გავა", ოქტომბერში დაკავებულ ჯაშუშებზეა საუბარი. უტიაშვილი ამბობს, რომ ამ ფილმის შესახებ სმენია, მაგრამ რა მასალის მიხედვით არის მომზადებული, მისთვის უცნობია.
უტიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" უთხრა, რომ შსს განცხადებას კვირის ბოლოს გააკეთებს - კვირის ბოლოს, 5 ნოემბერს ხომ რუსეთში "მზვერავის დღეს" აღნიშნავენ; და კიდევ - ახალი "ბოევიკის" დეტალების წინასწრ გამჟღავნება "მიზანშეწონილი" არ არის…
წყარო
http://new.interpressnews.ge/ge/dghis-them...molodinshi.html