ghvinashvili
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 86758
რეგისტრ.: 16-March 09
|
#20330142 · 24 Jun 2010, 12:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განმარტება: ამ სიტყვაში, ძირითადად, გულისხმობენ ორგანული სამყაროს ევოლუციის თეორიას, რომლის თანახმადაც პირველი ცოცხალი ორგანიზმი არაცოცხალი მატერიისგან განვითარდა. შემდეგ, როგორც ამბობენ, ის გარდაიქმნა სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმად, რამაც საბოლოოდ განაპირობა დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა ყველა სახეობის წარმოშობა. მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი შემოქმედის ჩარევის გარეშე მოხდა. ზოგი ცდილობს ღვთის რწმენა ევოლუციურ მოძღვრებას შეუთავსოს და ამბობს, რომ ღმერთმა ევოლუციის გზით შექმნა ცოცხალი ბუნება. კერძოდ, მან თავდაპირველად შექმნა სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ხოლო უფრო რთული ფორმები, მათ შორის ადამიანი, ევოლუციის გზით განვითარდა. ეს არ არის ბიბლიური სწავლება.
დასაბუთებულია მეცნიერულად ევოლუციური მოძღვრება?
„მეცნიერული მეთოდი“ გულისხმობს: მომხდარზე დაკვირვებას; დაკვირვებების საფუძველზე თეორიის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ სინამდვილის ასახსნელად; თეორიის შემოწმებას შემდგომი დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე; იმის დანახვას, მართლდება თუ არა თეორიაზე დაფუძნებული ვარაუდები. ხელმძღვანელობენ ამ მეთოდით ისინი, ვისაც სჯერა ევოლუციური თეორიის და ასწავლის მას?
ასტრონომი რობერტ ჯესთროუ ამბობს: „მათდა სამწუხაროდ, [მეცნიერებს] არა აქვთ ნათელი პასუხი, რადგან ქიმიკოსებმა ვერ შეძლეს ბუნების ექსპერიმენტების გამეორება — არაცოცხალი მატერიისგან სიცოცხლის შექმნა. მეცნიერები ვერ ხსნიან ამ მოვლენას“ („The Enchanted Loom: Mind in the Universe“, ნიუ-იორკი, 1981, გვ. 19).
ევოლუციონისტმა ლორენ აისელიმ განაცხადა: „მეცნიერება აკრიტიკებს თეოლოგებს იმის გამო, რომ მითებისა და სასწაულების სჯერათ. მაგრამ მეცნიერება თვითონ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში, რადგან შექმნა საკუთარი მითები იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში მოხდა ის, რისი დამტკიცებაც დღეს ხანგრძლივი მცდელობების მიუხედავად ვერ ხერხდება“ („The Immense Journey“, ნიუ-იორკი, 1957, გვ. 199).
ერთ ჟურნალში ეწერა: „სულ უფრო მეტი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ევოლუციონისტთა მზარდი რიცხვი . . . მიიჩნევს, რომ დარვინის ევოლუციური თეორია, სინამდვილეში, არც კი შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულ თეორიად . . . მათგან უმეტესობას უმაღლესი სამეცნიერო ხარისხი აქვს მინიჭებული“ („New Scientist“, 25 ივნისი, 1981, გვ. 828).
ფიზიკოსმა ჰ. ლიპსონმა თქვა: „ერთადერთი მისაღები ახსნა არის შემოქმედება. ვიცი, რომ ფიზიკოსებისთვის, მათ შორის ჩემთვის, ძალიან რთულია ამ აზრთან შეგუება, მაგრამ თეორია არ უნდა უარვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვწონს, თუ ექსპერიმენტული ფაქტები მხარს უჭერს მას“ [კურსივი ჩვენია] („Physics Bulletin“, 1980, ტ. 31, გვ. 138).
აქვთ თუ არა ერთი აზრი ევოლუციური მოძღვრების მხარდამჭერებს? რა წარმოდგენას გიქმნით მათ თეორიაზე ქვემოთ მოცემული ფაქტები?
დარვინის „სახეობათა წარმოშობის“ ერთ-ერთი გამოცემის (ასწლიან იუბილესთან დაკავშირებული გამოცემა, ლონდონი, 1956) წინასიტყვაობაში აღნიშნულია: „როგორც ცნობილია, ბიოლოგებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ ევოლუციის მიზეზებთან, არამედ უშუალოდ ევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებითაც. განსხვავებული შეხედულებების არსებობას ის განაპირობებს, რომ მტკიცებები არადამაკმაყოფილებელია და კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ მართებული და მიზანშეწონილია, რომ ფართო საზოგადოებამ იცოდეს ამ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ“ (უ. ტომპსონი, ბიოლოგიური კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის [ოტავა, კანადა] ყოფილი დირექტორი).
„დარვინის გარდაცვალებიდან საუკუნის შემდეგ, ჯერაც არ გვაქვს არათუ ხელმოსაჭიდი მტკიცებები, არამედ სავარაუდო წარმოდგენაც კი იმაზე, თუ სინამდვილეში როგორ მიმდინარეობდა ევოლუციის პროცესი. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო წლებში ეს საკითხი ცხარე პოლემიკის საგანი გახდა . . . თავად ევოლუციონისტებმა, ფაქტობრივად, აშკარა ბრძოლა გამოუცხადეს ერთმანეთს. თითოეული [ევოლუციური] მიმდინარეობა ამ მოძღვრების ახალ სახეცვლილებებს გვთავაზობს“ („The Star“, კ. ბუკერი, იოჰანესბურგი, 20 აპრილი, 1982, გვ. 19).
ერთ სამეცნიერო ჟურნალში ნათქვამი იყო: „ევოლუციურ მოძღვრებას . . . მხოლოდ ქრისტიანები არ აკრიტიკებენ. მას ცნობილი მეცნიერებიც აყენებენ ეჭვქვეშ. პალეონტოლოგებს შორის, რომლებიც ნამარხ ორგანიზმებს სწავლობენ, სულ უფრო ძლიერდება აზრთა სხვადასხვაობა“ („Discover“, ოქტომბერი, 1980, გვ. 88).
რომელ შეხედულებას უჭერს მხარს პალეონტოლოგიური მასალა?
თავად დარვინის თქმით, შესაძლებელი რომ ყოფილიყო იმის დასაბუთება, რომ „უამრავი სახეობა . . . ნამდვილად ერთდროულად წარმოიშვა, ეს საბედისწერო დარტყმას მიაყენებდა ევოლუციურ მოძღვრებას“ („სახეობათა წარმოშობა“, ნიუ-იორკი, 1902, მეორე ნაწილი, გვ. 83). რას ცხადყოფს ფაქტები — ერთდროულად წარმოიშვა „უამრავი სახეობა“ თუ თანდათანობით, ევოლუციის პროცესის შედეგად?
არსებობს საკმარისი პალეონტოლოგიური მასალა საფუძვლიანი დასკვნის გასაკეთებლად?
სმითსონის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკმა პორტერ კიერმა აღნიშნა: „მთელი მსოფლიოს მუზეუმებში არის დაახლოებით ასი მილიონი ნამარხი ნაშთი, რომლებიც იდენტიფიცირებულია და კატალოგებშია შეტანილი“ („New Scientist“, 15 იანვარი, 1981, გვ. 129). ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „ნამარხების საფუძველზე დღეს პალეონტოლოგებს შეუძლიათ ნათელი სურათი შეგვიქმნან იმის შესახებ, თუ როგორი იყო ცოცხალი სამყარო შორეულ წარსულში“ („A Guide to Earth History“, რიჩარდ კერინგტონი, ნიუ-იორკი, 1956, გვ. 48).
სინამდვილეში რას ცხადყოფს აღმოჩენილი ნამარხები?
ჩიკაგოს საბუნებისმეტყველო მუზეუმის ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია: „დარვინის თეორია ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული პალეონტოლოგიურ მასალასთან და უმრავლესობა შესაძლოა თვლის, რომ ნამარხები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის განვითარების დარვინისეული თეორიის დამტკიცებაში. სამწუხაროდ, ეს არ არის სრული სიმართლე . . . გეოლოგიური მონაცემები ვერც მაშინ ქმნიდა და ვერც ახლა გვიქმნის სრულ წარმოდგენას თანდათანობითი, ევოლუციური განვითარების ყველა დამაკავშირებელ რგოლზე“ („Bulletin“, იანვარი, 1979, ტ. 50, № 1, გვ. 22, 23).
ერთ წიგნში ნათქვამია: „ქვედა კამბრიული პერიოდის დასაწყისიდან 10 მილიონი წლის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე გაჩნდა არნახული მრავალფეროვნება უხერხემლო ცხოველთა ყველა ძირითადი ჯგუფისა, რომლებსაც გარეგანი ჩონჩხი ჰქონდათ განვითარებული“ („A View of Life“, სალვადორ ლურია, სტეფან ჯეი გულდი, სემ სინგერი, კალიფორნია, 1981, გვ. 649).
პალეონტოლოგი ალფრედ რომერი წერდა: „[კამბრიული პერიოდის შრის] ქვევით არის დიდი შრეები, რომლებშიც კამბრიული პერიოდის ცოცხალ ორგანიზმთა წინაპრების პოვნის იმედი გვქონდა. მაგრამ ჩვენ ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ამ უფრო ძველ შრეებს სიცოცხლის ნიშანწყალი თითქმის არ ეტყობა. საერთო სურათი იმ აზრს უფრო ეთანხმება, რომ კამბრიული პერიოდის დასაწყისში სიცოცხლე შემოქმედების საშუალებით გაჩნდა“ („Natural History“, ოქტომბერი, 1959, გვ. 467).
ზოოლოგმა ჰაროლდ კოფინმა აღნიშნა: „თუ სწორია თეორია იმის შესახებ, რომ მარტივი ორგანიზმებიდან თანდათანობით რთული ორგანიზმები განვითარდა, უნდა არსებობდეს იმ განვითარებული ცოცხალი ორგანიზმების წინაპართა ნაშთები, რომლებიც კამბრიულ პერიოდში გვხვდება. მაგრამ მათი აღმოჩენა ჯერ ვერ ხერხდება და მეცნიერები აღიარებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა ოდესმე მათი პოვნა. თუ მხოლოდ ფაქტების, დღემდე აღმოჩენილი მასალის საფუძველზე ვიმსჯელებთ, იმ თეორიამდე მივალთ, რომ სიცოცხლის ძირითადი ფორმები ერთბაშად გაჩნდა შემოქმედების შედეგად“ („Liberty“, სექტემბერი/ოქტომბერი, 1975, გვ. 12). კარლ საგანმა თავის წიგნში გულწრფელად თქვა: „ნამარხი ნაშთები შემოქმედის არსებობის იდეას უფრო უჭერს მხარს“ („Cosmos“, ნიუ-იორკი, 1980, გვ. 29).
დასაშვებია, რომ ევოლუციის პროცესი განაპირობა მუტაციურმა ცვალებადობამ ანუ გენების უეცარმა ცვლილებამ?
ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: «ევოლუციის რევიზიონისტები თვლიან, რომ მთავარი გენი-რეგულატორების მუტაციები შესაძლოა სწორედ ის არის, რაც მათ თეორიაში „უეცარი ნახტომის“ დასამტკიცებლადაა საჭირო». თუმცა ჟურნალში მოყვანილია ბრიტანელი ზოოლოგის, კოლინ პატერსონის სიტყვებიც: „ათასი რამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით ამ მთავარი გენი-რეგულატორების შესახებ“ („Science Digest“, თებერვალი, 1982, გვ. 92). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს მტკიცებები ამ თეორიის მხარდასაჭერად.
„ენციკლოპედია ამერიკანა“ აღნიშნავს: „ის ფაქტი, რომ მუტაციების უმეტესობა საზიანოა ორგანიზმისთვის, როგორც ჩანს, შეუთავსებელია იმ აზრთან, რომ მუტაცია ევოლუციის პროცესის განმაპირობებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი მუტანტები ანომალიური და მახინჯი ორგანიზმებია, რომელთა შემთხვევაშიც მუტაცია საზიანო აღმოჩნდა და არა სასარგებლო“ (1977, ტ. X, გვ. 742).
რისი თქმა შეიძლება „მაიმუნისმაგვარ ადამიანებზე“, რომლებსაც ვხვდებით სახელმძღვანელოებში, ენციკლოპედიებსა და მუზეუმებში?
„აღმოჩენის შემდეგ ასეთ ძვლოვან ნაშთებს ფანტაზიის წყალობით უნდა აღუდგინონ ხორცი და თმა . . . ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს წარმოდგენა პრეისტორიული ადამიანების ისეთ თავისებურებებზე, როგორიცაა კანის ფერი; თმის ფერი, ფორმა და სიხშირე; სახის ნაკვთები და შესახედაობა“ („The Biology of Race“, ჯ. კინგი, ნიუ-იორკი, 1971, გვ. 135, 151).
„მხატვართა წარმოდგენები უმეტესწილად ფანტაზიაზე დაფუძნებული და არა ფაქტებზე . . . მხატვარმა უნდა შექმნას გარდამავალი ფორმა მაიმუნსა და ადამიანს შორის. რაც უფრო დიდი ასაკით განსაზღვრავენ პალეონტოლოგიურ ნიმუშს, მხატვარი მით მეტად ამსგავსებს მას მაიმუნს“ („Science Digest“, აპრილი, 1981, გვ. 41).
„ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ პირველყოფილი ადამიანი ველური არ იყო. ჩვენ აგრეთვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გამყინვარების ხანის ადამიანები არც მხეცები ყოფილან, არც ნახევრადმაიმუნები და არც გონებაჩლუნგები. ამიტომ უდიდესი უგუნურებაა ნეანდერტალელთა ან თუნდაც სინანთროპთა რეკონსტრუქციის ყოველგვარი მცდელობა“ („Man, God and Magic“, ი. ლისნერი, ნიუ-იორკი, 1961, გვ. 304).
თუ სახელმძღვანელოებს დავუჯერებთ, ევოლუციის პროცესი ხომ მეცნიერულად დასაბუთებულია?
„ბევრი მეცნიერი მიდრეკილია დოგმატურობისკენ . . . სახეობათა წარმოშობის საკითხს კვლავ და კვლავ ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს ყველაფერი გარკვეულია. ამას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს . . . მაგრამ დოგმატურობას ბოლო არ უჩანს, რაც ნამდვილად არ ემსახურება მეცნიერების ინტერესებს“ („The Guardian“, ლონდონი, 4 დეკემბერი, 1980, გვ. 15).
გონივრულია იმის დაჯერება, რომ დედამიწაზე ყველაფერი ექვს დღეში შეიქმნა?
ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა ასწავლის, რომ ღმერთმა ყველაფერი ექვს 24-საათიან დღეში შექმნა. მაგრამ ბიბლია არ უჭერს მხარს ამ აზრს.
დაბადების 1:3—31-ში აღწერილია, თუ როგორ მოამზადა ღმერთმა უკვე არსებული დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად. „დაბადების“ თანახმად, ამას ექვსი დღე დასჭირდა. თუმცა არ არის ნათქვამი, რომ ეს დღეები 24-საათიანი იყო. ბიბლია სიტყვა „დღეში“ ხშირად დროის დიდ მონაკვეთს გულისხმობს (შეადარეთ 2 პეტრეს 3:8). ამგვარად, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „დაბადების“ 1-ელ თავში „დღე“ ათასობით წელს მოიცავს.
This post has been edited by ghvinashvili on 24 Jun 2010, 12:58
--------------------
[IMG]http://done.ge/dle/ban2.swf[/IMG]
|