მოგეხსენებათ, ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობა" და კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" მიიჩნიეს ქრისტიანობის შეურაცხყოფად.

მაგ ლოგიკით, გამოდის თუ არა ნოდარ დუმბაძის "გასაუბრება ღმერთთან" ასევე შეურაცხყოფა?

ნაწარმოები იხილეთ ქვემოთ
***
ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე, მერე მილიციელის სტვენა და ბოლოს ვიღაცის აღტაცებული შეძახილი:”აუფ რა ავარიაა!!!” მეტი არაფერი. საოპერაციოა მაგიდაზე რომ დამდეს, საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე.
საიქიო თითქმის არაფრით განსხვავდება სააქაოსაგან. ეს კია, საიქიოში ტრანსპორტი არ არის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ ეტლს, რომლითაც დღე და ღამე
ილია წინასწარმეტყველი დახრიგინობს და კაციშვილს არ სვამს შიგ.
- დაჯექი! - მითხრა ღმერთმა. დავჯექი და ამოვიოხრე.
- რა მიიღებს ამის სულს! ნახე, როგორ ყარს “ზუბრივკის” სუნით? – მიუბრუნდა ღმერთი სანდომიანი სახის, გაურკვეველი ასაკის ანგელოზს და პირი ამარიდა. მერე ანკეტა აიღო.
- გვარი?
- დუმბავა.
- სახელი?
- ჯვებე.
- სქესი.
მე გამეღიმა.
- გახადე შარვალი – მიუბრუნდა ანგელოზს.
- კაცი ვარ, ბატონო! - შემეშინდა მე.
- ეშმაკიც ვერ გაგარჩევთ, რომელი ხართ. ერთმა მომატყუილა უკვე. გახადე შარვალი რომ გეუბნები! – გაუჯავრდა იგი იმავე ანგელოზს.
- ღმერთი არა გწამს? ჩემით გავიხდი! – ვიკივლე მე.სქესი: მამაკაცი, - შეავსო ცოტა ხნის შემდეგ ღმერთმა სათანადო გრაფა.
- ეროვნება?
- ქართველი! – ღმერთმა თავის ასწია და დიდხანს მიყურა.
- რომ არ გავხარ?! – მითხრა ბოლოს.
- რა ვქნა, ბატონო! – მოვისაწყლე თავი.
- საზღვარგარეთ თუ ხარ ნამყოფი?
- როგორ არა!
- სად?
- თითქმის ყველგან.
- რომელიმე უცხო ენა იცი?
- არც ერთი, ბატონო!
- ვაი შენს პატრონს უბედურს!..საიდანღაც მეცნობა ეს კაცი. – მიუბრუნდა ღმერთი ვიღაცის პირად საქმეში ჩაფლულ ანგელოზს.
- ეს ის არის, მამაზეციერო, ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ გაუკეთეს და მაკრატელი ჩაუტოვეს მუცელში, - უპასუხა ანგელოზმა ისე, რომ ჩემკენ არ გამოუხედავს.
- შენ ხარ, აბა, ის, ბეწვზე რომ ეკიდე? – მიცნო ღმერთმა და გამიღიმა.
- კი,ბატონო,მე ვარ, - გავუღიმე მეც. ღმერთმა უცებ წარბი შეიკრა:
- ბევრს სვამ და ჩქარა დადიხარ, მოქალაქევ.!
- ფეხბურთზე მაგვიანდებოდა, პატივცემულო!
- ვერ თქვია დროზე, შე უღმერთო, ამდენი რომ ტყუილად მალაპარაკე? – შემოირტყა შუბლზე ხელი ღმერთმა . მერე თვალები გაუბრწყინდა და სკამი ჩემკენ მოაჩოჩა.
- მოყევი, თუ ძმა ხარ, რას შვება თქვენი “დინამო”. ამ ბოლო დროს ვეღარ ვადევნებ თვალ-ყურს,
ტელევიზორი გადამიწვა ამ დეგენერატმა, ორას ოცზე ჩართო. - გადახედა დარცხვენილ ანგელოზს ღმერთმა.
- ჩვენი “დინამო”,მამაზეციერო!..
- მოეშვი, თუ კაცი ხარ, მაგ ოფიციალობას. უბრალოდ გიორგი დამიძახე, გეხვეწები! – ლოყაზე ხელი მომითათუნა ღმერთმა.- ჩვენი “დინამო”, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია შეიძლება პირველი ადგილიც გავირტყათ.
- ვერ ივარგეთ თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, - ამოიხვნეშა ღმერთმა.
- შე კაი კაცი, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რო გვიღალატე?
- იმ თამაშს სულაც არ დავსწრებივარ, - თვალი ამარიდა ღმერთმა.- არ დასწრებიხარ, ჩემო ძმაო, და კინაღამ დავიღუპეთ. ღმერთი ააშენებს კოტრიკაძის ოჟახს, იმან გადაგვარჩინა.
- არ გადამრიო! – შეიცხადა ღმერთმა.
- კი, შენ ნუ მომიკვდები.
- ჩემი ბრალია, არ უნდა გამეჩინა ბურთი მრგვალი, - თავისთვის ჩაილაპარაკა მამაზეციერმა.
- ისე ლაპარაკობ, დალოცვილო, თითქოს მარტო ბურთია შენი გაჩენილი.
ღმერთმა მუდარის თვალით გადმომხედა:
თუ ძმა ხარ, ამ ანგელოზთან ნუ მიჯავრდები და შენობით ნუ მელაპარაკები, თორემ მერე სულ თავზე დამაჯდებაო.მე ხელად თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.
- ჩვენი ღმერთივით ბიჭები რას შვებიან? - მკითხა ღმერთმა.
- რომელს კითხულობთ, ბატონო?
- მესხი, ბარქაია, იამანიძე, ჩოხელი, კოტრიკაძე, კალოევი, რომელი ერთი ჩამოგითვალო, - აღარ ეყო თითები ღმერთს. (

)
- გმადლობთ, კარგად არიან. მოგიკითხათ ყველამ. ძალიან ენატრებით, მაგრამ...
- გადაეცი ჩემგან: ცოტა ღვინის სმას მოუკლონ და საათში ოცი კილომეტრზე მეტი სიჩქარით ნუ დადიან თორემ... კიროვის ბაღის ბიჭების ბრავილი და კისრის ძარღვების ბერვა ვეღარ უშველით, - წარბი შეიკრა ღმერთმა. – მანქანა რომ კარგი იყოს, მაგენი მომასწრებდნენ მე მანქანის ყიდვას,
ამ ხნის კაცი ფეხით რომ დავეთრევი? არც ღვინო მიყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ ხომ ხედავ? – ღმერთმა ფხვნილის რძე გამოიღო მაცივრიდან და მოსვა.- ასეა, ბაბაია. ახლა წადი და გადაეცი იმ ბიჭებს, რაც დაგაბარე!
- გადავცემ, ბატონო, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ ხანდახან. ახლა რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან. მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
- მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
- ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
- ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
- ოღონდ წელს პირველი ადგილი აგვაღებინე, ღმერთო, და...
- რა ვქნა, გენაცვალე, - ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა. – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი.
ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენს მაგივრად ვითამაშო, - ანერვიულდა ღმერთი.- მაგას ვინ გაკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშუეთის ეკლესიაში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, - გამოვიგლიჯე ყელი მე.
- თუ ძმა ხარ, თავი დამანებე! მასე იცით თქვენ: ჯერ მთხოვთ, მერე გამოდიხართ ტრიბუნაზე,
გადმოაგდებთ ცხრა მეტრო ენას და დედ-მამის სულს მიტრიალებთ.- შეგვიბრალე, ღმერთო! არ გეცოდებით, დასაკლავი ხარებივით რომ ვბღავივართ სტადიონზე? – მთლად მოვიმკვდარუნე თავი.
- უნდა ითმინოთ. მოთმინებითა შენითაო, წერია სახარებაში. სახარებას ხომ კითხულობ?
- არა,ბატონო.
- აბა, რას კითხულობ, შე უბედურო? – გაუკვირდა ღმერთს.
- მე რა უნდა წავიკითხო, თვითონ ვწერ, - ამაყად გადავხედე ღმერთს.
- აბა წერე და იკითხე!
- ერთი თხოვნა კიდევ...
- მალე თქვი და მორჩი, მეძინება - თქვა ღმერთმა და დაამთქნარა.
- თუ შეიძლება, აქედან რომ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, მოვყვები ღმერთს ვესაუბრე – მეთქი.
- სადაც გინდა იქ მოყევი მაინც არავინ დაგიჯერებს.
- რას ბრძანებთ, მე ვინ არ დამიჯერებს ?!
- გეყოფა ახლა ტლიკინი,წადი! – მითხრა ღმერთმა და თვალები დახუჭა.