Kmuno

      
ჯგუფი: Members
წერილები: 14349
წევრი No.: 87965
რეგისტრ.: 2-April 09
|
#19205990 · 23 Apr 2010, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბათუმი
ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.).
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.
ქალაქის ისტორია, პირველი ცნობები
ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის მე-4 ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე კოლხეთში მდებარე ქალაქს ,,ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ამავე სახელით იცნობდნენ ქალაქს რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე. ,,ბათუსი" ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.
ქალაქის შემოსასვლელში, მდ. ყოროლისწლის მიდამოებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ცხადყო, რომ მოსახლეობა ამ ადგილებში ძვ.წ. მეორე-პირველი ათასწლეულების მიჯნაზე ცხოვრობდა და მეზობელ ხალხებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა. ძველი ბათუმის ცენტრად თამარის დასახლებაში არსებული, თამარის ციხედ წოდებული ბორცვი ითვლებოდა, რომელიც ყოროლისწყლის ხეობაში ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
ქრისტეშობიდან II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს, ბათუმში რომაელთა გარნიზონი იდგა. V ს-ში საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა იგი თავის სამფლობელოს შეუერთა.
VI, VII, VIII ს-ებში ბათუმსა და მის მხარეს ეგრისისა და აფხაზეთის მთავრები მართავდნენ. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო სოფლის ტიპის დასახლება იყო.
ეტიმოლოგია ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე.
რუსეთის იმპერიაში 1878 - 1886 წლებში ბათუმის ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (უცხოური საქონლის უბაჟოდ შემოტანა-გატანის უფლების მქონე ნავსადგურად), რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883) და ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. აქედან გაჰქონდათ კასპიის ზღვის ნავთობპროდუქტები სხვა ქვეყნებში.
ცარიზმი ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თანამიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. საპასუხოდ აქ წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ძლიერი კერა, რომელსაც მესვეურობდნენ ი. მესხი, ვ. ასათიანი, მ. და ჰ. აბაშიძეები, გ. კაიკაციშვილი, დ. კლდიაშვილი და სხვები. ქართველი მოღვაწეები რუს შოვინისტ მოხელეებს და თურქ ანექსიონისტებს ეწინააღმდეგებოდნენ. ქართული სულისკვეთბის აღორძინებაში დიდ როლს თამაშობდა ბათუმის ქართული გიმნაზია და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1828 წელს, რუსეთსა და ოსმალეთს შორის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე (ძველად აკამფსისის), რომელიც შეერთვის შავ ზღვას ბათუმის იქით, დასავლეთით. ამ დათმობის მიხედვით, ბათუმი უკვე 1828 წელს უნდა შეერთებოდა რუსეთს, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან, რომელიც შეედინება ზღვას ბათუმის აქეთ, ჩრდილო-დასავლეთით. ამ ხაზის მიხედვით, ბათუმი დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შემჩნეულ იქნა ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა, და ამ შეცდომის შედეგად ბათუმი ოსმალეთს შერჩა.
ოსმალთა ბატონობის ეპოქა
ქართველი ერის გაერთიანებისა და საქართველოს სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქი და მთლიანად აჭარა, კლარჯეთის შემადგენლობაში შედიოდა და მას ერისთავი მართავდა.
შემდეგ პერიოდში ბათუმის მიწებს გურიელების საგვარეულო ფლობდა. XV საუკუნის ბოლოს, კახაბერ გურიელის მმართველობის დროს თურქებმა შეძლეს ამ ტერიტორიების მიტაცება, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა როსტომ გურიელმა მალევე აღადგინა და თურქები ქათული მიწებიდან განდევნა. როსტომ გურიელის გარდაცვალების შემდგომ (1564 წელი) თურქები ლაზეთსა და მიმდებარე ტერიტორიებს კვლავ დაეუფლენ. მათ ბათოგანში ანუ ახლანდელ ბათუმში სიმაგრეები ააგეს. 1609 წელს მამია გურიელმა თურქეთის ჯარები გაანადგურა. თუმცა, XVII საუკუნის ბოლოს თურქები ლაზეთსა და ბათუმს კვლავ დაეუფლენ. მათ ბათუმი ლივას, ანუ სანჯაყის მთავარ ქალაქად აქციეს. ბათუმის სანჯაყი ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან ციხისძირამდე მიწებს მოიცავდა. ოსმალთა ბატონობის ხანიდან რეგიონში ფეხი მოიკიდა მაჰმადიანურმა სარწმუნოებამ.
1873 წელს ბათუმი ლაზეთის საფაშოს მთავარი ქალაქი იყო, რომელსაც სანჯაყის თავი, ანუ მუთესარიფი მართავდა. მუთესარიფი უშუალოდ ტრაპიზონის ვალის, იგივე გენერალ-გუბერნატორს ემორჩილებოდა.
საქართველოს საზღვრებში დაბრუნება
XIX საუკუნის დასაწყისიდან იწყება საქართველოს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსია და ნელ-ნელა მისი საზღვრები აჭარის ტერიტორიებს უახლოვდება. 1877-78 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს რუსეთისა და მის მიერ დაპყრობილი ქართველი ერის ინტერესები გარკვეულწილად ერთმანეთს დაემთხვა, რადგან ძირძველი ქართული მიწების ოსმალთა უღლისაგან გამოხსნას უდიდესი მნიშნელობა ჰქონდა.
აქტიურად დაიწყო რაზმების ჩამოყალიბება ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოსა და გურიაში. რუსეთ-ოსმალეთის ომში რუსეთის დროშის ქვეშ 30 ათას ქართველზე მეტი იბრძოდა. 1878 წლის 3 მარტს სან სტეფანოში მეომარმა მხარეებმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ოსმალეთმა ფულადი კონტრიბუციის ნაწილი გარკვეული ტერიტორიების დათმობით გადაიხადა. მათ შორის იყო ისტორიული ქართული მიწები: კოლა-არტაანი, შავშეთ-იმერხევი, არტანუჯი, ოლთისი, ტაოსკარი, მაჭახელი, ლაზისტანის ნაწილი და აჭარა.
ბერლინის კონგრესზე (1878 წლის 13 ივნისი-13 ივლისი), რომელიც სან სტეფანოს ხელშეკრულების გადასინჯვას ითვალისწინებდა, რუსეთმა შეძლო ძირითადი ტერიტორიული მონაპოვრის შენარჩუნება. ამრიგად, აჭარა დედასაქართველოს დაუბრუნდა.
1878 წლის 25 აგვისტოს ბათუმში გენერალ სვიატიპოლკ მირსკის მეთაურობით რუსთა არმია შემოვიდა და მიღება-გაცილების ცერემონიალზე ე.წ. აზიზიეს (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე დევრიშ ფაშასაგან ქალაქის გასაღები ჩაიბარა.
ბათუმის ოლქში სამი _ ბათუმის, ართვინისა და აჭარის ოკრუგები გაერთიანდა. ქალაქი ბათუმი ,,პორტო-ფრანკოდ" გამოცხადდა. იდეა ინგლისს ეკუთვნოდა, რომელმაც ბერლინის კონგრესზე ამ ქალაქის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება მოითხოვა და გაიტანა კიდეც.
,,პორტო-ფრანკოს" სტატუსმა ბათუმს გარკვეული სიკეთე მოუტანა. ამ პერიოდიდან ბათუმი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნელ-ნელა თანამედროვე, ევროპული ქალაქის იერი შეიძინა. თუმცა, გაუარესდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ეროვნული მრეწველობა კონკურენციას ვერ უწევდა მოზღვავებულ ევროპულ საქონელს. ამასთან, გამოიკვეთა სხვა ნაკლიც _ კონტრაბანდა, მექრთამეობა და ა.შ. შექმნილი სიტუაცია ერთ-ერთ მიზეზი იყო, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლებას (მუჰაჯირობას). ,,პორტო-ფრანკო'' 1886 წელს გაუქმდა.
1883 წლის 12 ივნისს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის ოლქი გაუქმდა და ქუთაისის გუბერნიას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობა დამტკიცდა. გუბერნატორის თანაშემწე უშუალოდ ბათუმის ოკრუგს განაგებდა.
ქალაქს არ გააჩნდა თვითმმართველობა, რაც დიდად უშლიდა ხელს მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ამავე წელს ჩატარდა ქალაქის სათათბიროს წევრების არჩევნები.
1903 წლიდან ბათუმის ოლქი ქუთაისის გუბერნიას გამოეყო.
XX საუკუნის დასაწყისში ბათუმი და მთლინად სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ეკონომიკურად ერთ-ერთი დაწინაურებული მხარე იყო. კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აქ ბიძგი მისცა საქალაქო ცხოვრებისა და მეურნეობის აღმავლობას. ბათუმი როგორც მსხვილი საქალაქო ცენტრი, მისი პირველხარისხოვანი ნავსადგურით, წამყვან როლს თამაშობდა ამიერკავკასიისა და შუა აზიის სატრანზიტო ვაჭრობაში.
პირველ მსოფლიო ომამდე ბათუმმა ევროპული ქალაქის იერი მიიღო, რაც მისი თვითმმართველობის პროგრესული მოღვაწეობის და ქალაქის შემოსავლების მიზანმიმართულად გამოყენების შედეგი იყო.
პირველი რესპუბლიკა და აჭარის დაბრუნება
ტრაპიზონის კონფერენციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა ბათუმის საზავო მოლაპარაკება, რომელიც ორ ეტაპად ( 1918 წლის 11-26 მაისი და 31 მაისი - 4 ივნისი) გაიმართა. პირველად ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ოსმალეთს შორის, ხოლო მეორე ეტაპზე, ამ უკანასკნელსა და ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის. კონფერენციის პირველ ეტაპზე ამიერკავკასიის საზავო დელეგაცია (თავმჯდომარე ა. ჩხენკელი) უკვე ცდილობდა მოლაპარაკებას საფუძვლად დადებოდა ბრესტის საზავო შეთანხმება. ოსმალეთი კი, ზავის ახალ პირობებს მოითხოვდა. მათ იმდენად დიდი ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდათ, რომ მისივე მოკავშირე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის პროტესტიც გამოიწვია.
შექმნილი სიტუაციიდან რეალურ გამოსავლად ითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის რეალიზება. საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი ბათუმში შემუშავდა და 26 მაისს თბილისში გაფორმდა.
ბათუმის საზავო კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, 1918 წლის 4 ივნისს ოსმალეთმა იარაღის მუქარით აიძულა ახალბედა საქართველოს რესპუბლიკა ბრესტის ზავით გათვალისწინებული ბათუმი, არტაანის გარდა, დაეთმო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.
ოსმალებმა სამხ. დას. საქართველოში შემოიღეს თავიანთი მმართველობა. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული ტრადიციებით გამორჩეული ბათუმის თვითმმართველობა არ გაუქმებულა.
პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ წერტილი დაუსვა ბათუმის ოლქში ოსმალეთის ექვსთვიან საოკუპაციო რეჟიმს.
1919 წლის დასაწყისიდან ბათუმის ოლქი და ქალაქი ბათუმი წარმოადგენდა ანტანტის გამარჯვებულ სახელმწიფოთა საოკუპაციო ზონას. ინგლისის საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლობამ ქ. ბათუმისა და ბათუმის ოლქის გუბერნატორად დანიშნა გენერალი კუკ კოლისი.
ინგლისელებმა საწყის ეტაპზე შექმნეს სამოქალაქო მმართველობის სტრუქტურაც _ ბათუმის ოლქის მართვის საბჭო, რომელიც ძირითადად რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა კადეტი პ. მასლოვი, გამოირჩეოდა, მკვეთრი ანტიქართული ხასიათით. 1919 წლის 14 აპრილს გუბერნატორის ბრძანებით საბჭო დაშლილად გამოცხადდა.
1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მართალია, ბოლშევიკურმა რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღითიდღე ცხადი ხდებოდა, რომ იგი მეზობელი ქვეყნის ხელმეორედ დასაპყრობად ემზადებოდა.
1921 წლის თებერვალს საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს იწყებს. ომის პირველ ეტაპზე მცირერიცხოვანმა ქართულმა არმიამ რამდენიმე გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ თებერვლის ბოლოს სასწორი მაინც დამპყრობთა მხარეს გადაიხარა და 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის ჯარებმა თბილისი დაიკავა.
რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოებული ბრძოლებით ისარგებლა ოსმალეთმა და მას არდაგან-ართვინი წააგლიჯა. 10 მარტს ოსმალთა ერთი ბატალიონი ხულოსა და ქედაში შევიდა, 12 მარტს კი, თურქები ბათუმშიც გამოჩნდნენ. მათი დამატებითი ძალები ქალაქში 15-16 მარტსაც შედიან. თურქული ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიით, ისინი საქართველოდან რუსების განდევნას აპირებდნენ. თუმცა, 17 მარტს ოსმალთა ჯარმა ბათუმის ცენტრალური ფოსტა და სხვა სტრატეგიული ობიექტები დაიკავა, რითაც დადასტურდა, რომ მათი მიზანი რეგიონის ანექსია იყო.
17 მარტსვე მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია და ხელისუფლების სხვა წევრები ბათუმის პორტიდან ემიგრაციაში მიდიან. აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში უკან დახეული ქართული არმია გარდაუვალი კაპიტულაციის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, სარდლობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჯარმა სამშობლოსთვის უკანასკნელი ვალი აღასრულოს და საქართველოს ოსმალთა მიერ მიტაცებული ტერიტორიები დაუბრუნოს. არმიას მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან უერთდებიან.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით 18 მარტს ბათუმისათვის ბრძოლები იწყება. 21 მარტს კი, ქართველებმა ოსმალები ბათუმიდან განდევნეს და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნეს. სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ბათუმში ,,აზიზიეს მოედანზე'' ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე დაკრძალეს.
* * * ღირსშესანიშნაობები
თანამედროვე ბათუმისა და მისი შემოგარენის ძირითად ღირსშესანიშნაობებს უძველესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, დასვენებისა და კულტურის ზონები, მდიდარი სუბტროპიკული მცენარეულობა წარმოადგენს. ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევა ზღვისპირა პარკი. იგი ბათუმელებისა და სტუმრების საყვარელი, დასასვენებელი და გასართობი ადგილია. მე-19 საუკუნის ბოლოს ეს ადგილები წყლით იყო დაფარული. 1881 წლის ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და დიდი ტერიტორია გამოათავისუფლა. გაჩნდა იდეა ზღვისპირა პარკის შექმნის შესახებ. თავდაპირველად ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მებაღე რესლერი, რომელმაც პარკის კეთილმოწყობის გეგმა შეიმუშავა, ხოლო მისი დაწყებული საქმე არანაკლებ ცნობილმა მებაღემ, დალფონსმა გააგრძელა. პარკის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა ქართველი მებაღე-დეკორატორი იასონ გორდეზიანი, რომელიც საფრანგეთში, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკას მსოფლიოში ცნობილ ლონდონის ბოტანიკურ ბაღში გადიოდა და ფრანგ სელექციონერ ველმორენთან მუშაობდა. ბათუმის სახე - ზღვისპირა პარკი 2004 წლის მაისამდე სიგრძეში სულ 1.9 კმ. იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი მთელი თავისი ინფრასტრუქტურით 5 კმ-მდე გაიზარდა და დღეს თითქმის მთლიანად ეკვრის ქალაქის სანაპირო ზოლს. მისი გაფართოება-კეთილმოწყობა ამჟამადაც მიმდინარეობს. ზღვისპირა პარკში ყველა პირობაა შექმნილი დასვენებისათვის: სხვადასხვა სახის ატრაქციონები, სპორტული მოედნები, შესანიშნავი საჩოგბურთო კორტები, ჭადრაკის სახლი, ბუნგალოები... პარკის სიმბოლო - კოლონადა 1934 წელს აიგო. უმდიდრესი მცენარეული საფარი განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.პარკი პირობითად იყოფა ორ ნაწილად: დიდი ნაწილი უჭირავს საჩრდილობელ ხეივანს მრავალწლიანი ნარგავებით, სადაც სიცხიან ამინდშიც გრილა. აქვეა სუბტროპიკული ნაწილიც, იგი უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარეობს და მას საფუძველი 1948 წელს ჩაეყარა. აქ ხარობს პირამიდული კვიპროსი, ჩინური ვარდები. ცენტრალურ ხეივანში 1300 მეტრზეა გადაჭიმული კეთილშობილი დაფნა. "ახალ" ბულვარს ეკვრის არდაგანის ტბა. ტბას კეთილმოწყობამ მეტი მიმზიდველობა შესძინა. იგი თანდათან დასვენების თანამედროვე ცენტრად ყალიბდება: ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოებისა ტბის ტერიტორიის გასაფართოებლად და კეთილმოსაწყობად. ტბაზე გაკეთდა ორი ხელოვნური კუნძული, მოეწყო ამფითეატრი და საზეიმოდ გაიხსნა ქვეყნის პრეზიდენტის ნაჩუქარი ფრანგული შადრევანი, რომელიც მომენტალურად იქცა ქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობად. ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა არაერთი კაფე-ბარი, სასტუმრო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. 1939 წელს ზღვისპირა პარკთან ახლოს სასტუმრო "ინტურისტი" აიგო აკადემიკოს შჩუსევის პროექტით. ამ ადგილზე იდგა არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ "ინტურისტის" მშენებლობას შეეწირა. შემორჩენილია ტაძრის ფოტოსურათები და მაკეტი, რომელიც ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სასტუმრო "ინტურისტი" ქართველმა ბიზნესმენმა შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა. დღეს იგი ერთ-ერთი მაღალი კლასის სასტუმროა ბათუმში. ბათუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს. თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით ბუნებრივად ღრმაწყლიანი სანაპიროთი ბათუმის საზღვაო ნავსაადგური ერთ-ერთი საუკეთესოა შავი ზღვის აუზში. ბათუმის საზღვაო სადგურში, რომელიც 1962 წელს არქიტექტორების - ნოვიკოვისა და კრემლიაკოვის მიერაა აგებული, შემოდიან დიდი წყალწყვის გემები. საზღვაო სადგურის მოპირდაპირედ მდებარეობს ბათუმის სატვირთო პორტი, რომელიც 1878 წელს აიგო. 1983 წელს ბათუმის ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანამ ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. პორტში სამი - თხევადი, მშრალი და მოქალაქეთა გადაყვანის ტერმინალი მოქმედებს. პორტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სამუშაოები მთლიანად მექანიზირებულია. 90-იან წლებიდან პორტს ყოველწლიურად 7 მილ. ტონა ტვირთის დამუშავება შეუძლია. შემუშავებულია ბათუმის სატვირთო პორტის 2010 წლამდე განვითარების პროგრამა, რომლის შედეგად ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდა. პორტის მიმდებარედ თავისუფლების მოედანია, რომელმაც სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მას აზიზიეს მოედანი ერქვა და აქ უზარმაზარი მეჩეთი იდგა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ (1921წ. მარტი) აქ ლენინის ძეგლი დაიდგა და მოედანსაც მისი სახელი ეწოდა. მოგვიანებით მოედანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებდა. მოედანზე საძიებო სამუშაოების შედეგად ქართველ მეომართა საძმო საფლავი აღმოჩნდა, რომლებიც ოსმალების წინააღმდეგ გამათავისუფლებელ ბრძოლაში 1921 წლის 18-21 მარტს დაეცნენ. მოედანზე ობელისკის აღმართვაა დაგეგმილი. აქვე 1929 წლის 8 თებერვალს ჩატარდა აჭარის ქალთა პირველი ყრილობა, რომლის დროსაც ყრილობის ერთ-ერთმა დელეგატმა დემონსტრაციულად ჩამოიგლიჯა ჩადრი და დაწვა. მას მიბაძა ყრილობის ბევრმა დელეგატმა. ეს დღე აჭარელი ქალის ჩადრისაგან განთავისუფლების დღედ ითვლება. ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრი შოთა რუსთაველის გამზირზე დგას. იგი 1952 წელს არქიტექტორ ტეპლიცკის მიერაა აგებული და 625 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრის კედლები და ჭერი მხატვრების - ტელენგატოვისა და ხალატოვის მიერ "ვეფხისტყაოსნის" მოტივების მიხედვითაა მოხატული. თეატრის სამხატვრო კონსულტანტია ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა. ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნის დასაწყისში აჭარაში თეატრალური დასის ჩამოყალიბების მცდელობა იყო, მაგრამ თანხების არ არსებობის გამო იგი განწირული იყო დასაშლელად. 1879 წელს ბათუმში აშენდა ე. წ. "რკინის თეატრი", რომლის სცენაზეც პირველი საპრემიერო ჩვენება გახლდათ ზურაბ ანტონოვის პიესა "ნუთუ ბიძა დაქორწინდა". 1892 წელს ბათუმში ჩამოვიდა და "რკინის თეატრში" იმღერა გენიალურმა მუსიკოსმა ფიოდორ შალიაპინმა. მან ბელინის ოპერა "ნორმაში" როივეზოს პარტია შეასრულა. ამავე გამზირზე ბათუმის ლადო გუდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლია, სადაც ხშირად იმართება ცნობილი მხატვრებისა და მოქანდაკეების გამოფენები. აქვეა სამხატვრო სალონები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული შემოქმედების ნიმუშებს. ბათუმის საჩოგბურთო კორტები უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა რანგის ტურნირები. იგი რეგულარულად მასპინძლობს "ლედის ოუფენს". შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობა 1903 წელს აიგო და მასში ვაჟთა გიმნაზია იყო განთავსებული. 1935 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი დაარსდა ორწლიანი კურსით. 1990 წლიდან შენობაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებს. შენობა რამდენიმე წლის წინ კაპიტალურად შეკეთდა, გასულ წელს კი მოწესრიგდა როგორც უნივერსიტეტის ფასადი, ასევე მიმდებარე ტერიტორია. დღეს იგი საერთაშორისო სტანდარტების დონეს აკმაყოფილებს. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი და ნურიგელის ტბა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ მდებარეობს. თავდაპირველად ტბა მალარიისა და ტიფის გავრცელების კერას წარმოადგენდა. 1881 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის სმეკალოვის ხელმძღვანელობით ბაღში დეკორატიული და სუბტროპიკული მცენარეები დარგეს. (სხვათა შორის ბათუმის მხარეში მოგზაურობისას რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე მესამემ ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მცენარეების დარგვაში და მის საპატივცემულოდ ამ ადგილს ალექსანდრეს ბაღი უწოდეს). 1935 წელს პარკს პიონერთა პარკი დაარქვეს. ამჟამად, აქ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკია. 2006 წლისთვის პარკმა თანამედროვე სახე შეიძინა: მოეწყო გზები და ბილიკები, დაიდგა, საპარკო სკამები, დამონტაჟდა ახალი ატრაქციონები, მოწესრიგდა განათება. აქვე აღდგება დელფინარიუმი, აკვარიუმი და ზოოკუთხე. ბათუმის ხელოვნების მუზეუმის შენობა 1949 წელს კახა ჯავახიშვილის პროექტით არის აგებული. 1955 წლიდან აქ რევოლუციის მუზეუმი იყო, მოგვიანებით ნაციონალური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი, ხოლო 1998 წლის 19 დეკემბერს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა. აქვეა დასავლეთ-ევროპული და რუსული ხელოვნების განყოფილება, სადაც მე-19 საუკუნის სხვადასხა ნამუშევრებია ექსპონირებული. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაარსებულია 1908 წლის 19 მარტს. იგი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას ქუჩების კვეთაში (ამჟამინდელი მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთა). 1939 წელს მუზეუმმა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა დაიწყო. ამავე წლებიდან დაიწყო სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობაც. ბათუმის ყოფილი კათოლიკური, ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 1898 წელს ბაქოში მოღვაწე ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. თავის მხრივ ძმებმა ზუბალაშვილებმა, რომლებიც კათოლიკები იყვნენ, ეკლესია დედის _ ბარბარე თუმანიშვილის საპატივცემულოდ ააგეს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა და პირველი წირვა-ლოცვა ქართველმა კათოლიკე პადრემ ანსელმო მღებრიშვილმა ჩაატარა. საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ეკლესია გააუქმეს და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს. 1989 წელს ეკლესია მართლმადიდებლურმა მრევლმა აამოქმედა. წმინდა ბარბარეს ეკლესია რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იქ ადრე რუსული სამხედრო ჰოსპიტალი იდგა. მისი აღების შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევები აღმოჩნდა, რომლის რესტავრაციის შემდეგ კვლავ ამოქმედდა წმინდა ბარბარეს ეკლესია. ეკლესიის ირგვლივ ლამაზი სკვერია გაშენებული და იგი ზღვისპირა პარკს ესაზღვრება. წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს მაიაკოვსკის ქუჩაზე. მისი მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. სამლოცველო იმ დროისათვის ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობა იყო. XX ს-ის დასაწყისში ეკლესიაში ღვთისმშობლის, წმ. ნიკოლოზისა და წმ. გიორგის ხატები საბერძნეთის კუნძულ ხიოსიდან გადმოასვენეს. 1998 წელს ეკლესიის დაქვემდებარებაში წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესია გადავიდა. 1998-1999 წლებში ბათუმი-სხალთის ეპისკოპოსის დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ეკლესიას სარესტავრეციო სამუშაოები ჩაუტარდა. სულიწმიდის სახელობის კათოლიკური ეკლესია 2000 წელს, გოგებაშვილის ქუჩაზე ბათუმელმა კათოლიკეებმა ააგეს, რომლის ავტორები ოლეგ პატარიძე და გიორგი ბაღოშვილი არიან. ეკლესია ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა. ებრაული სინაგოგა ბათუმში სემეონ ვულკოვიჩის მიერ 1904 წელს აშენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელ და ქართველ ხალხებს ერთმანეთთან თანაცხოვრებისა და მეგობრობის 26 საუკუნე აკავშირებს. ბათუმის გრიგორიანული ეკლესია 1885 წელს აშენდა ავსტრიელი არქიტექტორის მარფელდის პროექტითა და მსხვილი მეწარმის მანთაშევის შემოწირულობით. 1937 წელს ეკლესია დაიხურა და მხოლოდ 1996 წელს მოხერხდა მისი ამოქმედება. ბათუმის მეჩეთი ,,ორთა ჯამე” 1886 წელს "ასლან-ბეგ" ხიმშიაშვილის დედის შესაწირი თანხით არის აგებული . იგი ორ მეჩეთს შორის იყო მოქცეული და სწორედ, აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდება. მეჩეთი ლაზი ძმების მიერ არის მოხატული. ბათუმის ბოტანიკური ბაღი შავი ზღვის პირას, ქალაქის ჩრდილოეთით არის განლაგებული და იგი უნიკალურია პოსტსაბჭოურ სივრცეში. ბაღს რამოდენიმე ჰექტარი აქვს დათმობილი და ძალიან მნიშვნელოვანია ცდებისათვის. ბოტანიკური ბაღის განაშენიანება 1989 წლიდან დაიწყო და რუს მოაგარაკეებს უკავშირდება, რომლებიც აჭარის გასაბჭოების შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან მიწებს ყიდულობდნენ. ბაღის გაშენებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ აგრონომ-დეკორატორს, 1885 წლიდან ბათუმის მთავარ მებაღეს მ. დალფონსს. იგი შეეცადა აქაური ფლორა საფრანგეთის რივიერასათვის დაემსგავსებინა. მან სამხრეთ საფრანგეთიდან მცენარეთა ნაირსახეობა დიდი რაოდენობით შემოიტანა. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სუბტროპიკული კულტურების დაფუძნებასა და გამრავლებაში პროფესორ ანდრია კრასნოვს, აგრეთვე, ცნობილ გეოგრაფსა და ბოტანიკოს პ. თათარინოვს. კრასნოვმა დაამუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ბაღი გაშენდა. იგი დაკავშირებული იყო მსოფლიოში ცნობილ ბოტანიკურ ბაღებსა და იქ მომუშავე მეცნიერ-აგრონომებთან, რომლებიც მას სისტემატიურად უგზავნიდნენ სამეცნიერო ლიტერატურას, მცენარეთა თესლსა და ნერგებს. იგი ავადმყოფობის შედეგად 1914 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დაკძალეს, იქვეა აღმართული მისი ძეგლი. 1912 წელს კრასნოვმა მთავარი მებაღის თანამდებობაზე მოიწვია იასონ გორდეზიანი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები. ბაღში დღეისათვის, გარდა აღნიშნული განყოფილებებისა, არის აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ჰიმალაისა და ტროპიკული მთების განყოფილება. სხვადასხვა დროს ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდნენ ვენის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ჰანს ერენდორფერი, მონტანას უნივერსიტეტის პროფესორი რეგან ქელუიე, რომლებმაც აქ გავრცელებული მცენარეთა ჯიშების სხვადასხვა სახეობები გამოიკვლიეს. აჭარის ტყეების ღირსშესანიშნაობებსა და მათ შორის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არაერთხელ გაეცნენ გერმანელი, ბავარიელი, ავსტრიელი და ფრანგი მეტყევეთა ჯგუფები. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 1998 წლიდან ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის მსოფლიო საბჭოს წევრია.
This post has been edited by ტემპერა on 24 Apr 2010, 00:07
--------------------
თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით © მერაბ მამარდაშვილი
|