რამდენიმე სურათი ჯაშუშის ცხოვრებიდან
ირაკლი ალასანია: დავალება შესრულებულია, ველოდები შემდგომ მითითებებს!24 06, 2010
ალბათ, თვით ირაკლი ალასანიაც ვერ წარმოიდგენდა, რომ პატრონები ასეთ რთულ ამოცანას დააკისრებდნენ. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების გადარჩენა “გაწონასწორებულად” ცნობილი ალასანიასთვის სიზიფეს შრომის ტოლფასია და, მიუხედავად ამისა, იგი “სპეცის” მიზანსწრაფულობით ცდილობს დავალების უზადოდ შესრულებას და პატრონებისთვის თავის მოწონებას.
ირაკლი ალასანიამ სპეცსამსახურების ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როცა სულ ნორჩი საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში გამოჩნდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე და დიდად მაშინაც არ გამოირჩეოდა უხვსიტყვიანობით. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მისთვის ერთგვარი
მაშველი რგოლი იყო სიმამრი - გურამ ფანჯიკიძე, რომელიც “სასახლის კარზე” გავლენებს ფლობდა და, ბუნებრივია, სიძის კარგად მოსაწყობად ძალისხმევას არ იშურებდა. ამიტომაც სულ მალე ახალგაზრდა ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში დაინიშნა და ახლა იქაური საიდუმლო სამსახურების თვალთახედვის არეალში მოექცა.
ამერიკული წარსული ერთგვარად ბურუსითაა მოცული. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ საელჩოს რიგითი თანამშრომელი იყო და ყოველდღიურ საქმიანობას თავს ვერ აღწევდა, მაგრამ ამის მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანებს თუ სჯეროდათ.
2002 წელს ირაკლი ალასანიამ, სათანდო წვრთნის შემდეგ, სამშობლოს მოაშურა (გამოგზავნეს) და, როგორ ფიქრობთ, სად დაიწყო მუშაობა?
არა, რა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაშინ (ახლაც!) ეს სამინისტრო არაფერს წარმოადგენდა და მხოლოდ პრეზიდენტის კანცელარიის ერთგვარ დანამატად აღიქმებოდა თავისი კევიღეჭია გოგო-ბიჭებით, რომლებიც მთელ დღეს ყავის სმაში ატარებდნენ. ირაკლი კი უკვე “დადინჯებული პიროვნება” გახლდათ და მაშინდელმა პრეზო შევარდნაძემ, აშშ-დან მიღებული “კეთილი რჩევის” გათვალისწინებით, საკუთარი ფეხით ჩამოსული “ნომრიანი ამანათი” სათანადო “გაჩითვის” (თქვენ გასაუბრება იგულისხმეთ!) შემდეგ მაშინდელ უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას გაუგზავნა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის განკარგულებასთან ერთად.
ბევრმა გაიკვირვა ნადიპლომატარი “სპეცის” “ბუდეში” ნაუცბათევად დაბრუნება, მაგრამ სულ მალე ყველამ (შემთხვევით გამინისტრებული ხაბურძანიას თამადობით) მოკრძალებით დაუწყო ყურება ჩუმჩუმელა პირველ მოადგილეს, რომელიც მხოლოდ “პირველთან” იყო ანგარიშვალდებული. ცოტა ხანში კი დაიგეგმა “პანკისის ოპერაცია” და სპეციალურად ამ საქმისთვის სამშობლოში მოვლინებული ალასანიაც ამ ოპერაციის “ტვინად” იქცა. მთავარი მომლაპარაკებელი პრეზიდენტის სახელით გარანტიებს აძლევდა ჩეჩენ საველე მეთაურებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გარანტიები ყოველთვის სრულდებოდა იმავე “პირველის” კატეგორიული მოთხოვნით.
თუ იმდროინდელი მოვლენების შესახებ არაფერი გაგიგია, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ ირაკლი ალასანია პანკისში საგანგებო დავალების ჩასატარებლად საგანგებოდ გამოიწვიეს ვაშინგტონიდან და სახელდახელოდ დანიშნეს უშიშროების მინისტრის მოადგილედ. მაგრამ ურწმუნოთათვის შეიძლება მისივე მეუღლის მონათხრობი დავიმოწმოთ და თავად განსაჯეთ, შეიძლება თუ არა რომელიმე მინისტრის რომელიმე მოადგილეზე “შემთხვევით” ასე ზრუნავდნენ:
“როგორც ჩანს, საგანგებო დავალება, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, ბევრად მეტ საფრთხეს შეიცავდა, ვიდრე წარმომედგინა. ექვსი თვის შემდეგ, როცა, როგორც ჩანს, ვითარება ძალზე დაიძაბა, უცხოელმა ოსტატებმა იმდენნაირი თავდაცვის სისტემა დაუყენეს ჩვენს სახლს, რომ შიში დამეუფლა. სამედიცინო ჩანთაც კი მომიტანეს, თუკი, მიუხედავად ამდენი თავდაცვის სისტემისა, მაინც აგაფეთქებენ, ოჯახის წევრებს პირველი დახმარება რომ აღმოუჩინოთო...”ვის იცავენ “უცხოელი ოსტატები” ასე საგულდაგულოდ?
ბუნებრივია, ადამიანს, რომელსაც საგანგებო დავალებს აკისრებენ. ირაკლი ალასანიამ მისიას წარმატებით გაართვა თავი და სამინისტროში დაელოდა მორიგ მითითებებს.
ამასობაში “ვარდების რევოლუციად” წოდებული ხალხის გაბითურების “სპეცოპერაცია” ჩატარდა და ირაკლი ალასანიას მიმართ ახალმა ხელისუფლებამ ისეთი მოკრძალება გამოავლინა, წინამორბედს რომ შეშურდებოდა. ცოტა ხანში იგი აფხაზეთის მთავრობის მეთაურად დაინიშნა და მისთვის ერთ-ერთი ურთულესი მისიის შესრულებას შეუდგა - სოხუმში გავლენის მოპოვება სცადა. თუმცა ამ შემთხვევაში შიდასახელისუფლო დაპირისპირებამ შეუშალა ხელი. იმდროინდელი შინაგან საქმეთა, შემდგომ კი თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ოქრუაშვილის პატივმოყვარეობამ, სწორედ იგი ყოფილიყო ქვეყნის გამაერთიანებელი, ალასანიას გეგმაზომიერ მიდგომას მძლავრი წინაღობები შეუქმნა და, სააკაშვილის გადაწყვეტილებით (თქვენ ვაშინგტონი იგულისხმეთ!), ალასანია კვლავ დიპლომატიურ სამსახურს დაუბრუნდა - ამჯერად ელჩად გაეროში.
სააკაშვილის სიბრიყვემ, რომელიც საქართველოს არსებობის მანძილზე, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო ომად ჩაიწერება, ვაშინგტონი “დაკონსერვებული” ალასანიასთვის ახალი დავალების დაკისრებაზე დააფიქრა. საჭირო იყო სწორი და გათვლილი მოქმედება, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ (რომლის მიმართაც სააკაშვილის ელჩ ალასანიას “რატომღაც” უკმაყოფილების გრძნობა არ გაუჩნდა) ქვეყანაში ახალი მდგომარეობა შეიქმნა და, მიუხედავად სააკაშვილის მეორე ვადით არჩევისა, მის პრეზიდენტობას სერიოზულად აღარავინ აღიქვამდა. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისა და სამარცხვინოდ გაქცეული მთავარსარდლის ხილვის შემდეგ კი ვაშინგტონი დაფიქრდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მიზნების უპირობო დამცველი დედამიწის ამ მნიშვნელოვანი მხარის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში.
ბუნებრივია, ნაუცბათევი გადაწყვეტილებები კარგს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ დაგვიანებაც არ ივარგებდა - ყოფილი რჩეულის გონებრივი მდგომარეობა არც მანამდე იძლეოდა დამშვიდების საფუძველს და ახლა, მით უმეტეს, არ შეიძლებოდა მისი ნდობა.
ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ირწმუნოს, თითქოს სააკაშვილის დღეები დათვლილია. ასე რომ გადაწყვიტონ, დღეებს კი არა, საათებს დაუთვლიან, მაგრამ ჯერ ვითარების მომზადებაა საჭირო და სააკაშვილის საპირწონედ გაწონასწორებული და ზომიერი სახელმწფო მოღვაწის სახელის მქონე ადამიანის ქართულ სახელმწიფო მოღვაწეებში ჩანერგვა დაისახეს მიზნად. სწორედ ასეთი დავალება დააკისრეს ირაკლი ალასანიას და ისიც “სპეცის” გულმოდგინებით შეუდგა დავალების შესრულებას.
ალბათ, გახსოვთ, რა გაურკვევლობა იყო შარშან, აპრილში დაწყებული სახალხო გამოსვლების - “მოვდივართ!” და რამე, “მოვედით!” და რუმე. აი, ახლა დამთავრდება მიშა და მერე ჩვენ ვიცითო, მაგრამ სინამდვილეში კვარლცხბეკზე შეყალყულ მოღვაწეთაგან მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომ ორიოდ თვეში ეს “სულელების მასკარადი” გეგმაზომიერად უნდა დაემთავრებინა. ეს ადამიანი იყო ირაკლი ალასანია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ოპოზიციური მუხტის ჩასაქრობად.
იგი არასოდეს გამოდიოდა მკვეთრი განცხადებებით, რასაც მისი კოლეგები (ალბათ, როგორ ეცინება, როცა ამ ქუჩის პოლიტიკოსებს მის კოლეგებად მოვიხსენიებთ?!) ახლადგამოჩეკილი ამერიკიდან დანიშნული წინამძღოლის გამოუცდელობას აბრალებდნენ. სინამდვილეში კი ალასანია თავის პატრონების მიერ მიჩენილი მცოდნე პირების რჩევების გარეშე ერთ სიტყვასაც არ ამბობდა. ვერ გაიხსენებთ, ყველაზე გადამწყვეტ დროსაც კი, მის ნათქვამ თუნდაც ერთ მკვეთრ ფრაზას. ახლაც, როცა ზოგს გიჟს ეძახიან, ზოგს - სულელს, ზოგს - მოსყიდულს და ზოგსაც - გამყიდველის ტიტული “შადიმანა” საშვილიშვილოდ მიენიჭა, აბა, ვინ მეტყვის, რას ამბობენ ირაკლი ალასანიაზე?
დიახ, მან სულ ცოტა ხანში მოახერხა და გავლენიან წინამძღოლად იქცა, თუმცა ზომიერება შეინარჩუნაო.
ამჯერადაც ზუსტად შეასრულა დაკისრებული დავალება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებული “ალიანსის” ამერიკიდან დანიშნული წინამძღოლი და ვერგამერებული ირაკლი ალასანია ამიტომაც აცხადებს თავდაჯერებულად:
“ჩემი აზრით, ერთადერთი ფორმა და გზა ხელისუფლების ცვლილებისა არის არჩევნებში მისი დამარცხება...
ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი წარმატება, რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა პროცესი, რომელიც იყო დაპირისპირებისა ქუჩაში, გადმოვიტანეთ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში”.ირაკლი ალასანიას საქმე მისალოცად აქვს, მისი დავალება ამჯერადაც წარმატებული აღმოჩნდა - მან შეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ე. წ. გავლენიანი გაერთიანებების დაყოლიება, რამაც სააკაშვილის საარჩევნო თამაშს სამართლებრიობა შესძინა. სხვა შემთხვევაში შემთხვევითი და რამდენიმე თანამგზავრი, ვითომ ოპოზიციური გაერთიანების მონაწილეობის ამარა “ნაცებს” ძალიან გაუჭირდებოდათ გამარჯვების დამტკიცება. ხოლო დარღვევები, რასაც სხვა დროს მკვეთრად ეწინააღმდეგბოდნენ ხოლმე, ახლა იმდენად უმნიშვნელოდ მოეჩვენათ, რომ ხმამაღალი განცხადებებიც კი არ გაუკეთებიათ.
აი, თურმე რა ყოფილა მთავარი წარმატება - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში მეორე ადგილის დაკავება იმ გარემოში, როცა გიორგი თარგამაძის ჯგუფმა მეორე ადგილი მთელი ქვეყნის გათვალისწინებით დაიწეა, პირველ ადგილზე კი ყველგან “ნაციონალური მოძრაობაა”.
მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ “ალიანსის” წინამძღოლისათვის მთავარი იყო ოლიმპიური მიზანი - მონაწილეობა მისთვის პირველ არჩევნებში, რამაც მას პირველად შესძინა წონა.
ალასანიამ, ასევე, საგულდაგულოდ მოსინჯა დიდი ოპოზიციური გაერთიანების ყველა ძალა და არა მხოლოდ დაშალა, არამედ ისეთი უნდობლობის თესლი დათესა, რომ მომავალში რაიმე სახით შეკავშირების იმედიც მოსპო.
ამ საქმეში ერთგულად ემსახურებოდნენ ქართული პოლიტიკის “ბებერი წურბელები” - “რესპუბლიკელები”, რომელთათვისაც წონის მინიჭება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის მიღების საშუალებაა. აი, რაც შეეხება გამყრელიძის მკვდრადშობილ “მემარჯვენეებს”, წარმომიდგენია, როგორ ნერვიულობს ადამიანი, რომლის სამივე საქმიანობა (ექიმი, მეწარმე, ლიდერი) ახლა უკვე სამი “ყ”-თი უნდა გამოითქვას?!
ცუდი არაფერი იფიქროთ, “ყოფილი” ვიგულისხმე.
მოკლედ, ამერიკელთა მორიგი დავალებაც შესრულებულია - ირაკლი ალასანიამ დავალებას ამჯერადაც უშეცდომოდ გაართვა თავი:
- სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტია,
- უგულავა კვლავ დედაქალაქის მერია,
- ოპოზიციური ერთობა დაშლილია,
- დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზებში გადაინაცვლა,
- ალასანია კი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს, რადგან ამერიკელთა მიერ მისთვის მიცემული პირობა, 2013 წლისთვის საფუძვლიან მომზადებას ითვალისწინებს.
ქართული სახელმწიფო მოღვაწეთა ყველაზე დიდი “შულერი” ახლა სიმაღლეზეა და მორიგ დავალებას ელოდება, დავალებაც არ დააგვიანებს!მიხეილ წერეთელი