ფულს ბედნიერბა არ მოაქვს – ეს უკვე მეცნიერულად დადასტურდა
მსოფლიო მასშტაბის კვლევა საინტერესო შედეგებით დასრულდა
The Daily Telegraph–ის მიხედვით
ცნობილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფულში ბედნიერება არაა, დაადასტურა მასშტაბურმა სოციოლოგიურმა კვლევამ, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გააანალიზეს სააგენტო Gallup–ის პირველი მსოფლიო გამოკითხვა, რომელშიც ასი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევამ საბოლოო ჯამში დაადასტურა, რომ ფული მათ მფლობელებს თავდაჯერებულობას ანიჭებს, თუმცა ბედნიერების განცდის ყიდვის შესაძლებლობას არ აძლევს.
ასე რომ, საკუთარი თავი ბედნიერად შეიძლება ჩათვალონ როგორც მდიდარმა, ისევე მცირე შემოსავლის მქონე ადამიანებმა.
ისეთი პოზიტიური ემოციები, როგორიცაა სიხარული და სიამოვნება, გაცილებით მჭიდროდაა დაკავშირებული არა ფულთან, არამედ ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა განცდა, რომ პატივს გცემენ და დამოუკიდებელი ხარ. პოზიტიური ემოციის წყარო ასევე არის მეგობრები და სამსახური, რომელიც ადამიანს კმაყოფილების გრძნობას ანიჭებს.
კვლევისას მკვლევარები სწავლობდნენ რესპონდენტების შემოსავლების დონეს, მათი ცხოვრების სტანდარტებს, იმას, თუ რამდენად კმაყოფილდება მათი მოთხოვნები საკვებისა და საცხოვრებლისადმი და რამდენად განიცდიან ისინი, რომ მათი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.
„აქამდე ყველა ცდილობდა იმის განსაზღვრას, რა კავშირია ცხოვრებით კმაყოფილებასა და შემოსავლებს შორის. სამართლიანია ვამტკიცოთ, რომ გამდიდრებასთან ერთად ადამიანი საკუთარი ცხოვრებისგან მეტ კმაყოფილებას განიცდის, თუმცა იმაზე, რამდენად განიჭებთ ცხოვრება სიამოვნებას, ამ ფაქტორს გაცილებით ნაკლები გავლენა აღმოაჩნდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით,“ – ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი დაიენერი.
მიმაგრებული სურათი