http://www.caucasianhouse.ge/content.php?id=304&lang=geoახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებამ, რომლის თანახმადაც "კავკასიური სახლის" ბაზაზე იქმნება და მისი უფლებამონაცვლე ხდება საჯარო სამართლის იურდიული პირი "სმირნოვების მუზეუმი," საზოგადოების დიდი მღელვარება გამოიწვია. გვირეკავენ და გვწერენ "კავკასიური სახლის" მეგობრები, მისი მნიშვნელობის მცოდნენი და მისი მოღვაწეობის დამფასებელნი ყოველი მხრიდან, ჩრდილო თუ სამხრეთ კავკასიიდან და უცხოეთიდან, გვიცხადებენ თანადგომას და მზადყოფნას დახმარების გაწევისათვის, თუმცა ჩვენ ამ ფაქტის თაობაზე ჯერ არავითარი კომენტარი არ გაგვიკეთებია და არც ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის შეგვიტყობინებია არაფერი. ამას მოვლენების განვითარების მიხედვით გავაკეთებთ.
ძვირფასო მეგობრებო! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ თანადგომისა და ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ საზოგადოება ცოცხლობს, აზროვნებს და მზად არის ბრძოლისთვის.
რომ ადამიანებმა ადეკვატურად იგრძნეს "კავკასიური სახლის" გაუქმების მთელი დრამატიზმი, მისი შემაშფოთებელი სიმბოლური მნიშვნელობა, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განცდილი კატასტროფის კონტექსტში, როცა რუსეთის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აკლებული და დაპყრობილი ჩვენი ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი, კიდევ ერთხელ დაქუცმაცდა და დანაწევრდა კავკასია.
ამავე დროს, გვსურს დაგამშვიდოთ და გაგახსენოთ, რომ არსებობდა სამთავრობო "კავკასიური სახლი" და მისი თანამშრომლების, როგორც ფიზიკური პირების მიერ 1999 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია იგივე სახელწოდებით : კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი " კავკასიური სახლი," რომელიც, ცხადია, ახლაც არსებობს.
სამთავრობო "კავკასიური სახლი" იყო იმ ორგანიზაციის (მთარგმნელთა კოლეგიის) უფლებამონაცვლე, რომელსაც 1985 წელს მემკვიდრეობით გადაეცა ე. წ. სმირნოვების სახლის ოთხი ოთახი, თამამშევებისა და სმირნოვების ძვირფას საოჯახო ექსპონატებთან ერთად. უკიდურესად ავარიული, დანგრევის პირას მისული ორსართულიანი სახლის დანარჩენი ოთხი ბინა სმირნოვების მიერ ადრევე იყო გაყიდული და კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.
"კავკასიური სახლის" მეგობარმა ევროპულმა ფონდმა "HORIZON", რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა ორგანიზაციის სამშვიდობო და კულტურულ - საგანმანათლებლო მოღვაწეობას, 1998-2000 წლებში განახორციელა მთელი შენობის ფუნდამენტური რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ხოლო კრუპის ფონდმა ფონდ "HORIZON" თხოვნით _ სმირნოვ-თამაშევების საგვარეულო ექსპონატების რესტავრაცია. ამავე დროს, ფონდმა "HORIZON" ფული ასესხა თბილისის მერიას და უკან გამოასყიდვინა სმირნოვების მიერ გაყიდული სამი ბინა. ერთი კერძო ბინა პირველ სართულზე მისმა მფლობელმა რემონტის დასრულების შემდეგ გაყიდა. ის მიჰყიდა თავად ნაირა გელაშვილს. იმ დღიდან მოკიდებული ამ ფართს დღემდე "კავკასიური სახლი" ხმარობს.
ეს ორივე ორგანიზაცია: სამთავრობო და არასამთავრობო "კავკასიური სახლები" ერთ ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენდა _ ერთ მძლავრ კულტურულ-საგანმამათლებლო და სამშვიდობო ცენტრს, რომელსაც მთელ კავკასიასთან და ევროპის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰქონდა კავშირი და ახორციელებდა მრავალფეროვან კონცეპტუალურ პროგრამას, სადაც განსაკუთრებული ადგილი საერთო კავკასიურ პროექტებს ეკავა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს სწორედ სამთავრობო "კავკასიური სახლის" გაუქმებას, რომელსაც ჯერ კიდევ 2005 წელს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ერთად შეუწყდა დაფინანსება, რაც, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან თავისთავად შეცდომა იყო "კავკასიური სახლის" როგორც სამშვიდობო ორგანიზაციის დიდი მნიშვნელობისა და ავტორიტეტის გამო კავკასიასა და ევროპაში. მით უფრო, რომ ეს დაფინანსება სიმბოლური გახლდათ (დაახლოებით 20 000 ლარი წელიწადში).
მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ბატონმა გიორგი გაბაშვილმა განგვიცხადა, რომ მართალია, "კავკასიურ სახლს" შეუჩერდა დაფინანსება ბიუჯეტიდან, მაგრამ როგორც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ორგანიზაციას, მიეცემა ე. წ. საპროგრამო დაფინანსება იგივე თანხის ოდენობით. და რომ კულტურის სამინისტრო აუცილებლად შეეცდება აღადგინოს "კავკასიური სახლი" საჯარო სამართლის იურდიულ პირად და ოფიციალურად დაუმტკიცოს ევროპული ფონდის "HORIZON" მიერ დანგრევას გადარჩენილი, რესტავრირებულ-რეკონსტრუირებული შენობა, რომელიც ამ ფონდმა 1998-2000 წლებში კულტურის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით სწორედ როგორც "კავკასიური სახლის" ოფისი ისე აღადგინა. ამ შეთანხმებაში ერთაზროვნად არის ნათქვამი, რომ თუ "კავკასიურ სახლს" აიძულებენ დატოვოს მისთვის აღდგენილი და კეთილმოწყობილი შენობა, ფონდი უფლებას იტოვებს, მიმართოს ჰოლანდიის შესაბამის სასამართლოს და უკან გაითხოვოს რესტავრაციაში გადახდილი თანხა.
მაგრამ ბატონმა მინისტრმა დაპირების მხოლოდ პირველი ნახევარი შეასრულა და მეორე ნახევარი დაპირებად დარჩა.
რატომ იყო სამთავრობო "კავკასიური სახლის" აღდგენა ესოდენ აუცილებელი, მას ხომ ფაქტობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია ინახავდა? იმიტომ, რომ შენობასთან ოფიციალური, იურდიული მიბმულობა სწორედ სამთავრობო "კავკასიურ სახლს" ჰქონდა, ხოლო არასამთავრობო "კავკასიურ სახლს" მასთან დადებული ჰქონდა ურთიერთსარგებლიანობის ხელშეკრულება. ეს ერთგვარად უნიკალური მოდელი შესანიშნავად ფუნქციონირებდა და კიდევ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ "კავკასიური სახლის" მთელი სამშვიდობო პოლიტიკა, რამაც მას დიდი ნდობა მოუპოვა მთელ კავკასიაში, სახელმწიფოსაც მიეწერებოდა.
მაგრამ სამთავრობო ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ "კავკასიური სახლი" თავის მიერვე რესტავრირებულ და კეთილმოწყობილ შენობაში, რომლის მთელ მიმდინარე და კომუნალურ ხარჯებს დღემდე მისი დონორი ორგანიზაცია ფონდი "HORIZON" იხდის, იურდიული უფლების გარეშე დარჩა.
ამან გამოიწვია ყველა დონორი ორგანიზაციის, და ცხადია, პირველ რიგში ფონდ "HORIZON" შეშფოთება. მან არარერთხელ მიმართა პრეზიდენტს, კულტურის მინისტრებს ბატონებს გიორგი გაბაშვილს და ნიკა რურუას, შეკითხვებითა და პრაქტიკული შეთავაზებებით, მაგრამ ამაოდ. არავისგან პასუხი აღარ მიუღია. ასეთმა აბუჩად აგდებამ მადლობის ნაცვლად, ცხადია, გააოგნა და გააწბილა ამ ფონდის გამგეობა, რომელიც გერმანელი, ჰოლანდიელი, ინგლისელი მართლაცდა კეთილშობილი ადამიანებით, ინტელექტუალებით არის დაკომპლექტებული. ამ ადამიანების ცხოვრების ერთ უმნიშვნელოვანეს შინაარსად საქართველოს სიყვარული, კავკასიური სახლის იდეა და ამ გატანჯული კუთხისთვის ყველანაირი დახმარების გაწევის სურვილი იქცა.
შეგახსენებთ, რომ ფონდმა "HORIZON" გარდა "კავკასიური სახლისა" და სოფელ ნუკრიანის პირველი საჯარო სკოლის შენობებისა (სადაც განთავსებულია "კავკასიური სახლის" ფილიალი) აღადგინა სვანეთის საყდრები და ჯვარ-ხატები, გადაარჩინა ერმაკოვის უნიკალური არქივი, სადაც ჯერაც მიმდინარეობს მუშაობა, დააფინანსა ნეკრესის გათხრები, უკვე ათი წელია აფინანსებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილი ბავშვების განათლებასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, კავკასიურ სახალხო უნივერსიტეტს, ჩვენს გამომცემლობას, რომელიც კავკასიურ და ევროპულ ენებზე მუშაობს და სხვა და სხვა. ფონდი მზად იყო დაეფინანსებინა დავით გარეჯის რესტავრაცია და კიდევ ბევრი სხვა პროექტი, მაგრამ გული გაუტყდა.
შეურაცხყოფის გრძნობამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც გაზეთმა "24 საათმა" 2008 წლის გაზაფხულზე (ე. ი. აგვისტოს ომის წინ) გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა რუსი ინტელიგენციის ცნობილ წარმომადგენელთა წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომელშიც ეს ბატონები და ქალბატონები, აქამდე ხმა რომ არ ამოუღიათ კავკასიისა და საქართველოს გაპარტახების გამო, განგაშს სტეხდნენ, რომ თურმე ნუ იტყვით, "სმირნოვების მუზეუმი" განადგურების პირასაა და სასწრაფოდ საჭიროა მისი გადარჩენა, და რომ თურმე "კავკასიური სახლი" სმირნოვების მუზეუმის ტერიტორიაზეა შეჭრილი.
როგორც გამოირკვა, ამ დეზინფორმაციული, კოლექტიური წერილის ორგანიზაცია განუხორციელებია თბილისში მოქმედ "რუსულ კლუბს", მისი ერთერთი წევრის, "კავკასიური სახლის" ყოფილი თანამშრომლის, მუზეუმის ყოფილი მცველის ალექსანდრე სვატიკოვის თაოსნობით, რომელიც დღიდან დაარსებისა ფარულად თუ აშკარად ებრძოდა "კავკასიურ სახლს", რადგან მიაჩნდა, რომ ამ სახელწოდების ორგანიზაცია არ უნდა არსებულიყო.
ამ წერილის გამოქვეყნებისთანავე კულტურის სამინისტრომ ჩვენთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მოულოდნელად ტელევიზიით განაცხადა, რომ ის აპირებს სახელმწიფო სტატუსი მიანიჭოს "სმირნოვების მუზეუმს", ანუ, გამოყოს იგი "კავკასიური სახლიდან."
ისიც ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო, რომელიც "კავკასიურ სახლს" არცერთ წერილზე პასუხს აღარ სცემდა, აქტიურად თანამშრომლობდა რუსულ კლუბთან და ბატონ ალექსანდრე სვატიკოვთან, რომელსაც "კავკასიური სახლის" თანამშრომლებმა უნდობლობა გამოუცხადეს.
ამ თანამშრომლობის ნაყოფად მოგვევლინა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ კულტურის სამინისტროსა და რუსული კლუბის მიერ გამოცემული ალბომი "სმირნოვების სახლი", სადაც მთლიანად წაშლილია "კავკასიური სახლისა" და ევროპული ფონდების, ანუ ქართულ-ევროპული კვალი და ერთი სიტყვით არ არის ნახსენები, რომ "სმირნოვების მუზეუმი" "კავკასიური სახლის" ნაწილია, რომელიც ამ სახლმა და მისმა მეგობარმა ევროპულმა ფონდებმა გადაარჩინეს, ააღორძინეს, და რომ ამის გარეშე სახლიცა და მუზეუმიც დიდი ხნის აღგვილი იქნებოდა პირისაგან მიწისა.
ამის გამო ფონდმა "HORIZON" საპროტესტო წერილი გამოუგზავნა კულტურის სამინისტროს, რაც რა თქმა უნდა, კვლავ უპასუხოდ დარჩა.
ხელისუფლების კონსპირაციული ქმედებებიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი აპირებდა "კავკასიური სახლის" ჩანაცვლებას არა უბრალოდ სმირნოვების მუზეუმით, არამედ რუსული კულტურის სახლით. მაგრამ საინტერესოა, როგორ უნდა განახორციელოს სმირნოვების მუზეუმმა ან რუსულმა კლუბმა საერთო კავკასიური პროექტები? მაგ., როგორ უნდა შეუწყოს ხელი ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა გაღრმავებას, ლიტერატურის გამოცემას კავკასიურ ენებზე, თანამედროვე კავკასიურ კონფლიქტებსა თუ რუსეთ-კავკასიის ისტორიული ურთიერთობის ობიექტურ აღწერას?....
დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: ფონდი "HORIZON" სთავაზობს ხელისუფლებას შენობის გამოსასყიდ თანხად ჩათვალოს მის მიერ შენობის რესტავრაციისთვის გაღებული თანხა (ნახევარ მილიონზე მეტი დოლარი) და დაუმტკიცოს არასამთავრობო "კავკასიურ სახლს" მისთვის რესტავრირებული შენობა, ხოლო სამ ოთახში განთავსებული "სმირნოვ-თამამშევების მუზეუმი" წაიღოს თვითონ. ან წაიღონ მთელი შენობა და დაუბრუნოს რესტავრაციისთვის გაღებული თანხა, რათა მან "კავკასიურ სახლს" შეუძინოს ახალი შენობა. სწორედ ეს პირობაა ჩადებული ფონდ "HORIZON" და საქართველოს კულტურის სამინისტროს შორის (1998-99 წლებში) დადებულ ხელშეკრულებაში: თუ "კავკასიურ სახლს" აიძულებენ დატოვოს მისთვის რესტავრირებული შენობა, საქართველოს მთავრობამ ფონდს უკან უნდა დაუბრუნოს რესტავრაციისთვის გადახდილი თანხა.
ასე, რომ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, "კავკასიური სახლის" თანამშრომლები, რომლებსაც კარგა ხანია, ხელისუფლება არ გველაპარაკება, ველოდებით: ეგებ გაიმარჯვოს რაციონალურმა საწყისმა და საქართველოსა და კავკასიას არ დაუკარგონ დიალოგის, შეხვედრების, მშვიდობის, აღზრდა -განათლებისა და კულტურის უნიკალური ცენტრი, სახლი, რომელიც უკვე ამდენი ხანია ინახავს კავკასიური სოლიდარობის მხსნელ იდეას; არ დაანგრიონ ყველა მშვიდობისმყოფელი კავკასიელის, ამდენი ლტოლვილი ბავშვისა და ნაციონალური უმცირესობებისათვის მშობლიური მიკროსამყარო.
რაც შეეხება არასამთავრობო "კავკასიურ სახლს", ის გააგრძელებს მუშაობას, თუმცა შენობიდან გასვლის შემთხვევაში მის პროექტებს: "შაბათ-კვირის სკოლა დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის", "კულტურის კალენდარი", "საუბრები კავკასიაზე" და სხვა, შეექმნებათ პრობლემები.
ჩვენ ხომ ბედად გვერგო გაუთავებელი თავდასხმები დღიდან დაარსებისა რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებისა თუ ყველა ჯურის ობსკურანტების მხრიდან.
უახლოეს დღეებში, ხელისუფლების მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების შესაბამისად, მოგიწვევთ "კავკასიურ სახლში" საკითხის საჯარო განხილვისთვის და შემდგომი მოქმედების შესათანხმებლად.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თანადგომისთვის.
"კავკასიური სახლის" პრესსამსახური
2010 წლის 27 ივლისი
* * *
სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი?
* * *
მაპატიეთ რომ ვერას სურათი არ დავდე