რუსული ენა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე "სახელმწიფო ენა" გახდება. როგორც სააგენტო "რესი" იუწყება, ამის შესახებ ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა .
კოკოითის თქმით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოსური ენის განვითარებაზე მუშაობენ და ეს ნორმალურია, რადგან ე.წ. სახელმწიფო ენა ოსურია.
"ამავდროულად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს არ მივცეთ საშუალება, სიტუაცია შეარყიოს და ყოფითი საკითხები სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათშორისი ურთიერთობის სიბრტყეში გადაიყვანოს. ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება, რომ დაგვემართოს", - განაცხადა კოკოითიმ.
ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემოქმედებითმა, სამეცნიერო და კულტურულმა ინტელიგენციამ რუსული და ოსური ენების განვითარების პროგრამაზე უნდა იმუშავოს.
ipn.ge