lazareმოდი და შეგზიზღდება:
სერგეი მარკოვი: ქართველი ერის მთავარი მტერი ქართული სახელმწიფოა!
Wednesday, 04 August 2010 13:20 დავით ავალიშვილი
საქართველოში შექმნილ ვითარებასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივებზე "პრაიმტაიმი" ესაუბრა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რუს პოლიტოლოგს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს სერგეი მარკოვს.
- ბატონო სერგეი, რამდენად აკვირდება რუსული საექსპერტო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? საერთოდ, რამდენად საინტერესოა ეს მოვლენები თქვენთვის?
- რუსეთისთვის ნამდვილად არ არის სულერთი, ვინ გაიმარჯვებს საქართველოში. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება საქართველოში, რადგან საქართველო ისტორიულად ჩვენი დიადი სამშობლოს – დიდი რუსეთის ნაწილია.
ჩვენთვის ძალიან მწარეა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 20 წლის წინათ ხელისუფლებაში მოვიდნენ და დღემდე რჩებიან ქართველი ერის უბოროტესი მტრები. ამ ბოროტმა, ანტირუსულმა და ანტიქართულმა ძალებმა საქართველოს თავს დაატეხეს ყველა უბედურება – სიღატაკე, კონფლიქტები და ომი რუსეთთან.
ძალიან გვინდა, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, გონს მოეგოს, გამოვიდეს ამ ოცწლიანი კოშმარიდან.
საქმე რა არის იცით? – საქართველოში რუსეთის მიმართ ჩამოყალიბდა "მიტოვებული ცოლის" მითოლოგემა და შესაბამისი ფსიქოლოგიური კომპლექსი. მიტოვებული ცოლი ყველაფერში ყოფილ ქმარს ადანაშაულებს. სწორედ ამ კომპლექსიდან და მითოლოგემიდან გამომდინარე, ქართული ელიტა ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებს. მათ შორის აგვისტოს ომშიც.
რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მაშინ, როდესაც აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც ქართული ელიტა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხი გაიხსენებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში სწორედ რუსეთი იფარავდა საქართველოს, რუსეთი ეხმარებოდა და ხელს უწყობდა საქართველოს აყვავებას. მომავალშიც ასე იქნება – ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებაში მოვა პრორუსული პოლიტიკოსი, რომელიც დაიწყებს რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციას და საქართველო კვლავ აყვავდება – ამაში იოტისოდენი ეჭვი არ მეპარება.
- კი მაგრამ, როგორ უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში პრორუსული ძალები? რა მექანიზმით აპირებს რუსეთი ამ ძალების ქვეყნის სათავეში მოყვანას? ჰყავს კი რუსეთს თავისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე?
- რუსეთისთვის სულ ერთი არ არის, ვინ მოვა თქვენი ქვეყნის სათავეში – იქნება არაადეკვატური ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც სერიოზული შანსი აქვს, ქვეყნის სათავეში მოვიდეს და მეორე "ქართველი ნაპოლეონი" გახდეს. პირველი "ქართველი ნაპოლეონი" სააკაშვილია.
ხელისუფლებაში შეიძლება ამჟამინდელი "გაერთიანებული ოპოზიციაც" მოვიდეს. ამ ოპოზიციაში ჩვენ ის მოგვწონს, რომ ის არ არის მზად, ახალი ომი გააჩაღოს.
ჩვენც სწორედ და მხოლოდ ეს გვაინტერესებს - ომზეა ორიენტაცია თუ მშვიდობაზე.
თუ ხელისუფლებაში არ იქნებიან სამხედრო დამნაშავენი, თუ ორიენტაცია იქნება რუსეთსა და მშვიდობაზე, დიპლომატია საშუალებას მოგვცემს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ ყველა სირთულე, მოვიშუშოთ იარები, წყენები და გადავიდეთ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე.
- ნინო ბურჯანაძემ სარჩელი აღძრა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ბრალდების გამო, რომ იგი რუსეთიდან ფინანსდება. ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ მოსკოვი არ აგზავნის ფულს საქართველოში, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არიოს?
- მე ასე გიპასუხებთ: საქართველო დღეს რუსეთის მტრული სახელმწიფოა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ქართველი ერის მთავარი მტერი და ყველა მისი უბედურების წყარო არის ქართული სახელმწიფო! ქართული სახელმწიფო დღეს არა მხოლოდ რუსეთის მტერია, არამედ თვით ქართველი ერისაც!!! ანუ ქართული სახელმწიფო არის საქართველოს, როგორც ქვეყნის, მტერი.
საქართველო შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს გარეშეც. ანუ რუსეთის ინტერესი აქ თვალნათელია. რაც შეეხება ბურჯანაძის სარჩელს, ვფიქრობ, იგი ცდილობს... ძალიან ოსტატურად კი გამოსდის ქალბატონ ნინოს: შევარდნაძისგან უკანასკნელ მომენტში სააკაშვილის ნავში გადასკუპდა და ახლაც ბოლო მომენტში ოსტატურად გადახტა ახალი ოპოზიციის ნავში.
- ესე იგი, თქვენ ადასტურებთ იმას, რაც არაერთგზის უთქვამს ბევრს საქართველოში: რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობით?
- დიახ, რუსეთი დაინტერესებულია, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ქართველ ერთან. ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო სხვადასხვა რამაა. ქართველ ერს უნდა შეეძლოს, აირჩიოს რუსეთთან ინტეგრაციის ფორმა: შეიძლება ეს იყოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ან ერთიანი ეკონომიკური სივრცე, თუ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება. ბოლოს და ბოლოს, თუ ქართველი ხალხი სახელმწიფოს აირჩევს, კი ბატონო – მისი ნებაა, მაგრამ ეს სახელმწიფო რუსეთისადმი მეგობრული უნდა იყოს; იქ არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის ბაზები და თავს არ უნდა ესხმოდეს დამოუკიდებელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.
- და როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთისადმი მეგობრული ქართული სახელმწიფოს საზღვრები?
- რუსეთისადმი მეგობრული ქართული სახელმწიფოც უნდა არსებობდეს იმ საზღვრებში, რომელშიც ქართველ ერს არსებობა შეუძლია. ესე იგი საზღვრებში, რომელთა ჩამოყალიბება საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს მერე დაიწყო – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.
- თქვენი აზრით, რით დასრულდება შიდაქართული დაპირისპირება?
- ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი მალე წავა. როდის და როგორ – სხვა საკითხია, მაგრამ 2013 წლამდე რომ ვერ მიაღწევს, ამაში ეჭვი არ მეპარება.
ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ მოვა სააკაშვილის ნაცვლად. თითქოსდა უდიდესი შანსი აქვს ლევან გაჩეჩილაძეს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო და არმია ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს.
რაც შეეხება ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც სოჭში განაცხადა, რომ სურს საქართველოს პრეზიდენტობა – რაც უფრო მეტი პრორუსი ქართველი გამოჩნდება სცენაზე, მით უკეთესი, თუმცა ხელისუფლებაში მათ მოსვლას დრო დასჭირდება.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...litika&Itemid=2