თემა არ არის სომხების წინააღმდეგ მიმართული. ეხება რუსეთის პოლტიკას მიმართულს საქართველოს წინააღმდეგ ბოლო 200 წელიწადში.
სტატია დაწერილია 1899 წელს
ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ... სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.
ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც - ევროპელს თუ რუსს - საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას“, სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.
სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები“ ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები“ ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი - იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.
ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.
რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.
ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა - მთელს ერს სომხისა შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას. როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.
დანარჩენი აქ წერია
http://www.lib.ge/body_text.php?6801მე გამომაქვს საკუთარი დასკვნა რომ ეს ხდებოდა რუსების წაქეზებით. ვინც არ მეთანხმება კრიტიკისადმი გახსნილი ვარ
This post has been edited by dexter-dexter on 15 Aug 2010, 02:34