მგონი სწორად შევარჩიე თემის ადგილი... :,)
ბევრი ვიფიქრე ცხოვრებაზე... ადამიანზე... რისთვის ჩნდება და საერთოდ, ზოგადად რა ხდება ადამიანი ცხოვრებაში. სულ 8 საფეხური გამოვყავი, იმედია არ დაგეზარებათ ამისი წაკითხვა და ველი თქვენს შეფასებას

1. ვიბადებით
9 თვე ყრუ ხმები გესმის სიბნელეში. შემდეგ სინათლე გჭრის თვალებს და უცნაურ სახეებს ხედავ – ზოგი შეშლილია, ზოგი მხიარული და ზოგიც იმედგაცრუებული, რადგან არ გელოდა... განსაკუთრებით პირველი 40 დღე ფრთხილად გევლებიან თავს. თვალებთან ახლოს ხედავ უაზროდ გაწელილ და გაკრეჭილ სახეებს, რომლბიც უცნაურ ბგერებს გამოსცემენ. შემდეგ უხეშ, ნაზ, თბილ თუ ცივ თითებს გრძნობ ლოყებსა და ტუჩებზე, ხელიდან–ხელში გადადიხარ და თავბრუ გეხვევა. ზოგი ბოხ ხმაზე და ზოგიც წიკვინით ცდილობს რაღაც გითხრას, მაგრამ შენ მათი არ გესმის, რის გამოც გაკვირვებული აცეცებ თვალებს და სუნთქვას უხშირებ. მერე იმდენად გაურკვეველ სიტუაციაში ხარ, რომ პატარა ნერვები ვეღარ ითმენს და იწყებ ტირილს. შენი დაწყნარების მიზნით ყურებში უცნაური ნივთების რაკა–რუკი გესმის და რბილი საგნები გეხეთქება სახეში. ეს უფრო გაღიზიანებს და იწყებ ღრიალს, რის შემდეგაც განერვიულებული სახე ძუძუს გთხრის პირში და გაიძულებს მოწოვო. ყველაზე ბედნიერი წუთები ღამე გაქვს, რადგან გარშემო სიჩუმეა და ის 9 თვე გახსენდება, რომელიც მყუდრო გარემოში გაატარე.
2. ვიზრდებით
დგამ პირველ ნაბიჯებს, ამბობ პირველ სიტყვას (ეს სიტყვა აუცილებლად დედა უნდა იყოს, რადგან სხვა არაფერი გესმოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში), შენს ყველა ქმედებაზე ყველა ბჟირდება, შენ კი მათ უცნაურ სახეებზე გეცინება, რითაც მათ უფრო ამხიარულებ. იმდენად გხიბლავს მათი გაწელილი და დაკრეჭილი სახეები, რომ ცდილობ ყოველ დღე ახალი ილეთი აჩვენო, რათა მათ რეაქციებზე იხალისო. როცა უკვე კარგად დადიხარ და ლაპარაკობ, მიყევხარ ახალ გარემოში, სადაც ბევრ შენნაირს აღმოაჩენ. თურმე ეს უფრო საინტერესო ყოფილა შენთვის და აკვირდები შენს თანატოლებს, მაგრამ როგორც კი „გოლიათებს“ ხედავ კოვზით შენსკენ მომართულს, მაშინვე წასვლა გინდება იქიდან.
3. ვსწავლობთ
6 წლის ჩამოყალიბებული ბავშვი მიდიხარ კიდევ ახალ გარემოში, მაგრამ მანამდე გაიძულებენ დაიზეპირო ლექსი ან სიმღერა, შემდეგ ტანზე მომჯდარ ტანსაცმელსა და გაპრიალებულ ტუფლებს გაცმევენ, სველ თმას გივარცხნიან (გიტკეპნიან) ან კიკინებს გიკეთებენ (გიჭერენ), ზურგზე შენხელა ჩანთას გკიდებენ და მიდიხარ სკოლაში, სადაც რატომღაც გინდება ბევრი ხულიგნობა ჩაიდინო მასწავლებლების გაღიზიანების მიზნით. სკოლის დამთავრების შემდეგ აბარებ უნივერსიტეტში, შენთვის საინტერესო სპეციალობაზე. აქ კი სერიოზულ დაკვირვებას იწყებ, რათა შენი ადგილი იპოვო. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის განსხავვება არის ის, რომ სკოლაში მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, ხოლო უნივერსიტეტში აბსოლუტურად დამოუკიდებელი, თუმცა სკოლაში ყველა საქციელი (უმეტესობა მაინც) გეპატიებოდა, რადგან ბავშვი იყავი, უნივერსიტეტში კი ერთი შეცდომა და ხმას აღარავინ გაგცემს (განა ეს უფრო ბავშვური საქციელი არ არის?).
4. ვმუშაობთ
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შენი პროფესიით იწყებ მუშაობას. რატომ? იმიტომ, რომ ფული იშოვო და მაქსიმალური კომფორტი შეიქმნა თუ რაც კი რამ გისწავლია და გიშრომია, სადღაცას გამოამჟღავნო და გაიგო თუ რა შესაძლებლობები გაგაჩნია? პრინციპში ალბათ ორივე, მაგრამ დასაწყისში პირველი უფრო გიზიდავს, რადგან დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მეტი შეგრძნება გაქვს და გინდა საკუთარი ჯიბე საკუთარი შრომით გაავსო და არა ოჯახის ნაწვალებით. თნ ვალდებულიც ხარ იმუშაო, რადგან როდემდე უნდა გარჩინოს მშობელმა?! მან გაგზარდა, გასწავლა, დაგახარჯა იმისთვის, რომ მომავალში შენ დაეხმარო, ანუ მარტივად რომ ვთქვათ როლებს ცვლით. როდესაც ფულის გემოს გაიგებ, შემდეგ იწყებ კარიერაზე ფიქრს და ცდილობ წარმატებული პიროვნება გახდე.
5. ვქმნით ოჯახს
როდესაც ზემოთ ხსენებულ 4 საფეხურს კარგად გაივლი, გაქვს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც სიახლეა სჭირო შენს ცხოვრებაში, რის გამოც იწყებ საპირისპირო სქესის ადმიანთან ურთიერთობის დამყარებას. გინდება ცხოვრების მეორე ნაწილი უკვე იმ ადამიანთან ერთად დაიწყო რომლის მიმართ სიმპათიები გაქვს, რომელიც გიგებს და ინტერესდება შენი ცხოვრებით. მოკლედ ერთმანეთს თქვენი ცხოვრების პირველ ნაწილს უზიარებით, ხოლო მეორეს გეგმავთ, თუ როგორ გაატაროთ ერთად. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმის დროს არ აჩქარდე, რათა შეცდომა არ მოგივიდეს. სახუმარო საქმე არ არის შენი ცხოვრები სხვისთვის მინდობა. თუ შეცდომა მოგივიდა დალაგებული „ცხოვრების ფურცლებს“ ქარი დაუბერავს და სულ აგირ–დაგირევს, შეიძლება რამდენიმე „ფურცელიც“ კი დაგიკარგოს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ არ აჩქარდე!
6. ვზრდით შვილებს
მოკლედ, იმდენი რამ დაგვიგროვდა, რომ დრო მოვიდა ვიღაცას გავუზიაროთ და ვასწავლოთ, ანუ გვიჩნდება სურვილი იმისა, რომ მომავალი თაობა ავღზარდოთ, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით – გავაჩინოთ ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ჩვენს მიერ დაწყებულ გზას გააგრძელებენ. ცხოვრება ხომ ერთ დიდი გზაა, რომელსაც თაობები ამუშავებენ, ასწორებენ და ალამაზებენ. თავიდან იყო ერთი ჩვეულებრივი ბილიკი, რომელიც დიდმა ბაბუამ და ბებიამ გააფართოვეს იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი დატეულიყო, შემდეგ ბაბუამ და ბებიამ მიწა გაასწორეს, რათა სავლელად ადვილი ყოფილიყო, მამამ და დედამ სხვადასხვა ხეები და ყვავილები დარგეს იმისთვის, რომ მომავალ თაობას მისი ტკბილი სურნელი შეეგრძნო, ახლა კი შენი ჯერია. მოკლედ, ყველას თავისი საქმე აქვს. მთავარია არ იზარმაცო და შენი საქმე სხვას არ დაუტოვო, რადგან იმას ისედაც თავისი საქმე ექნება და ნუ გაუორმაგებ.
როცა შვილი გიჩნდება რა თქმა უნდა გაქვს სურვილი იმისა, რომ ყველაზე საუკეთესო, გამორჩეული და ჭკვიანი იყოს. ამიტომ მას ყველანაირ კომფორტს უქმნი, მაგრამ ეს ზომიერად უნდა მოხდეს. ფსიქოლოგები ამბობენ:„ 6 წლამდე მოექეცი, როგორც მეფეს, 6–11 წლამდე, როგორც მონას, ხოლო 11–დან როგორც მეგობარს.“ კიდევ ერთი აუცილებელი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ – თიხა სანამ სველია, მანამდე უნდა მიაღებინოთ ფორმა, თორემ თუ გაქვავდა მისი გადაკეთება გაძნელდება. ასეა ბავშვიც, ადრეულ ასაკში უნდა დააყენო სწორ გზას, რომ გაიზრდება მისი შეცვლა ძნელი იქნება, მაგრამ ყევლაზე მთავარი კი არის ის, რომ შეეგუეთ როდესაც თქვენი შვილი იზრდება და ის უკვე პატარა აღარ არის. ნუღარ მისცემთ მითითებებს, შენიშვნებს და ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. 20, 21, 22 ეს წლები, როცა სერიოზული დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ხელი შეუწყეთ იმაში, რომ იყოს თავისუფალი, ცნობისმოყვარე, კონტაქტური და რაც შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეს. ერთი–ორი შეცდომის დაშვების უფლება მიეცით, რათა გაიგოს რა არის შეცდომა და სწორი გზა. ყველაფერს თქვენ ნუ ასწავლით. ამის გაგება ერთი პატარა და მარტივი მაგალითით შეიძლება. მაგალითად, გზაზე, რომელზედაც შენ და შენი შვილი დადიხართ, ბევრი ლამაზი და ამავე დროს ეკლიანი ყვავილია. ყველა ყვავილის განლაგებას ნუ ეტყვი და თვითონ ისწავლოს, იტკინოს და გაიგოს რომელია ყველაზე ლამაზი სურნელის მქონე ყვავილი. შენს იმედზე ნუ ამყოფებ, თორემ რომ აღარ იქნები, უშენოდ გაუჭირდება და მისი ცხოვრება უინტერესო გახდება. მოკლედ, ზრდასრული ადამიანი რომ გახდება, თმას ნუღარ გადაუვარცხნი, ნუღარ აჭმევ და ნუღარ ჩააცმევ, საკუთარ თავს თვითონვე მიხედოს.
7. ვბერდებით
ყველაზე ტკბილი ეტაპი. მოხუცები და ბავშვები ხომ ერთნაირები არიან – ორივეს ტკბილეულობა უყვარს, ორივეს მოვლა–პატრონობა სჭირდება და ორივე ყველას უყვარს. ბებია და ბაბუა, ხომ ყველაზე საყვარელი ადამიანები არიან. შვილიშვილების დანახვაზე თვალები უნათდებათ, დამჭკნარ ტუჩებზე თბილი ღიმილი უთამაშებთ და რაც კი რამ გააჩნიათ, ყველაფერს აძლევენ. იმის შიშით, რომ როცა მოკვდებიან არავის დაავიწყდეთ, თავიანთი ცხოვრების ყველაზე მძაფრი ემოციების შესახებ ესაუბრებიან (არა აქვს მნიშვნეობა ეს ცუდი იქნება თუ კარგი) და შვილიშვილებს გულს უჩუყებენ. რაც ყველაზე მთავარია შვილიშვილების ტოლები ხდებიან და მათთან ერთად თამაშობენ. მოკლედ, ახალგაზრდა მოხუცები არიან.
8. ვკვდებით
ამდენი სწავლის, მუშაობის, ბავშვების მოვლის და საჭირო საქმეების კეთების შემდეგ ჩვენი დრო იწურება, თუმცა არ ვიცით ვის რამდენი დრო გვაქს, ზოგს ცოტა ზოგს ბევრი. ამიტომ ერთი წუთიც კი უქმად არ უნდა გავატაროთ და ყველამ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
სამწუხაროა, რომ ადამიანს ვაფასებთ მაშინ, როდესაც ის ცხოვრებას ასრულებს. მერე ვიწყებთ მისი ცხოვრების გაანალიზებას და ვხვდებით, რომ ის ღირსეული ადამიანი იყო, რომ მისაგან ბევრი რამ გვისწავლია და გვიანღა ვხვდებით, რომ ახლა გვერდით სწორედ ეს ადამიანი გვჭირდება, მაგრამ ახლა ის უკვე შორს არის შენგან. ამიტომ ვისწავლოთ ადამიანის დაფასება სიცოცხლეშივე და პატივი ვცეთ თითოეულის ცხოვრბას. თუ გინდა რომ დაგაფასონ – დააფასე შენც!