გამარჯობა
ამ კვირას, 14:00 საათზე გამომცემლობა ალიანსი აკეთებს "მსოფლიოს ფანტასტიკის" სერიის პრეზენტაციას.
“გამომცემლობა ალიანსი” გახლავთ საქართველოში ახლად შემოსული კომპანია, თუმცა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს.
გამომცემლობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი არის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის წიგნების ქართველი მკითხველისათვის მშობლიურ ენაზე მიწოდება. შესაბამისად პირველივე წიგნები გამოშვებული იქნა “მსოფლიო ფანტასტიკის” სერიიდან. მათ შორისაა ამერიკელი ფანტასტის, კლიფორდ საიმაკის ორი ნაწარმოები: “გობლინთა ნაკრძალი” და “რა შეიძლება იყოს დროზე მარტივი”, ასევე არტურ კლარკის “ქალაქი და ვარსკვლავები”.
კლიფორდ საიმაკი ერთერთი გამორჩეული ფიგურაა ფანტასტიკის სფეროში და მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მას მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორისაა _ “ჰიუგო”, “ნებულა”, აღიარებულ იქნა “ამერიკის ფანტასტ მწერალთა ასოციაციის” მესამე “გრანდ მასტერად”. მისი ნაწარმოები “გობლინთა ნაკრძალი”, რომელიც გამომცემლობა ალიანსმა შემოგვთავაზა, ითვლება ერთერთ ბესტსელერად აშშ-ში. აი რას სწერს გაზეთი “ნიუ იორკ ტაიმსი” ამ წიგნის შესახებ: “როგორც ყოველთვის, საიმაკი უმაღლესი ხარისხის თავგადასავალს გვჩუქნის”. არანაკლებ საინტერესო და რეიტინგულია მისი მეორე ნაწარმოებიც, “რა შეიძლება იყოს დროზე მარტივი”.
რაც შეეხება “მსოფლიო ფანტასტიკის” სერიის მესამე წიგნს, ეს გახლავთ არტურ კლარკის “ქალაქი და ვარსკვლავები”. არტურ კლარკი, რობერტ ჰაინლაინთან და აიზეკ აზიმოვთან ერთად ითვლებიან სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების “დიდ სამეულად”. იგი 1998 წელს ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეტ მეორის მიერ რაინდად იქნა კურთხეული თავისი დამსახურებისთვის ლიტერატურის დარგში. 1968 წელს მასთან სტენლი კუბრიკმა ითანამშრომლა და მისი ნაწარმოების მიხედვით გადაიღო გახმაურებული ფილმი “კოსმოსური ოდისეა 2001”. “ქალაქი და ვარსკვლავები” განეკუთვნება ისეთ წიგნებს, რომლებსაც ყველა ასაკის მკითხველი მოჰყავთ აღფრთოვანებაში.
ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში ერთერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია, რასაც მოწმობს სტატისტიკაც გაყიდვების მოცულობის მიხედვით. სამწუხაროდ საქართველოში ეს ჟანრი შედარებით ნაკლებად არის განვითარებული. რეალურად ქართულად გამოშვებული წიგნებიც ამ ჟანრიდან თითზე ჩამოსათვლელია. “გამომცემლობა ალიანსი” გვთავაზობს საუკეთესო ნაწარმოებებს და ცდილობს არა მარტო ამ ჟანრის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად მხატვრული ლიტერატურისაც, რადგან უცხოელ ექსპერტთა გამოთვლებით საქართველო საკმაოდ არასახარბიელო ადგილზე დგას მოსახლეობის მწიგნობრობის მიხედვით, სამეცნიერო ფანტასტიკა კი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის არის მისაღები, ახალგაზრდებისთვის კი ეს ვირტუალური სამყარო და გამოგონილი არსებები უფრო ახლოს დგას პოპულარული ვიდეო-კომპიუტერული თამაშებიდან გამომდინარე, ასე რომ მათ ამ ჟანრის მეშვეობით შესაძლოა კითხვისადმი ინტერესი ერთიორად გაეზარდოთ.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით კვირას, 11 აპრილს 14:00-ზე მაღაზია “პარნასში”, პუშკინის 10 ნომერში, დაგეგმილია “მსოფლიო ფანტასტიკის” სერიის პრეზენტაცია “გამომცემლობა ალიანსის” მიერ, სადაც მოხდება ამ სერიის წარდგენა მკითხველთათვის, გათამაშდება ვიქტორინა თავისი პრიზებით, ასევე გაგაცნობთ მომავლის გეგმებს. გთხოვთ მობრძანდეთ.
This post has been edited by David_Gilmouridze on 9 Apr 2010, 11:06