Geronti
License to Drill

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24823
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
|
#21217477 · 21 Aug 2010, 17:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვისაც პატიმრები ჰყავს ახლობლები და დანამდვილებით იცის ფაქტები, დაპოსტეთ, დავდოთ საერთო სურათი.
ეს სახალხო დამცველის ოფისის დასკვნებია.
მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზუგდიდის N#4 საპყრობილე
სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ზუგდიდის N4 საპყრობილეში გეგმიური მონიტორინგი განახორციელა. აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი იმათგანია, რომლებზეც სახალხო დამცველმა თავის საანგარიშო მოხსენებებში ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა. საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად არ ექვემდებარება გარემონტებას. იმავე მიზეზის გამო შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების გაქრობა დაწესებულების ტერიტორიიდან. აღნიშნულ პრობლემას ამწვავებს ის ფაქტორიც, რომ საპყრობილე გადატვირთულია - მონიტორინგის დროს საპყრობილეში განთავსებული იყო 453 პატიმარი (მათ შორის, 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი) რაც აღემატება დადგენილ ლიმიტს – 305 პატიმარი. მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის. პატიმრებმა აღნიშნეს, რომ საპყრობილეს წყალი 24 საათიან რეჟიმში არ მიეწოდება. საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების მდგომარეობას. სამედიცინო მომსახურების კუთხით ზუგდიდის საპყრობილე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დაწესებულებად უნდა მივიჩნიოთ. დოკუმენტაცია (მათ შორის სამედიცინო მომსახურების ამსახველი ანგარიშები) არასრულად და არასწორადაა წარმოებული, მაგალითად ტრავმების აღრიცხვის ჟურნალში, ასევე, ახლად მიღებულ პატიმართა დაზიანებების აღრიცხვის წიგნში თარიღების თანმიმდევრობა არეულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩანაწერები არ კეთდება რეგულარულად და კანონით დადგენილი წესით. ასევე მოგვიანებით ხდება შემთხვევათა ჩამატება. ძალიან ხშირად არ არის მითითებული დაზიანებების მიყენების დრო და გარემოებები. გარდა ამისა, ექიმის ჩანაწერებში დაფიქსირებული იქნა ისეთი ტიპის დანიშნულება, როგორიცაა: ”შაქრიანი წყალი, ”კანფეტი” და ხალვა”. პაციენტები ვერ იღებენ ექიმ-კონსულტანტთა მიერ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი ე.წ. სამედიცინო სტაციონარი, რომელსაც ორი საკანი აქვს დათმობილი, არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. მათში შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა. მონიტორინგის ჯგუფის მიერ ნანახი იქნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საავადმყოფოდან დაბრუნებულ ნაოპერაციებ პაციენტს დაუჩირქდა ჭრილობა, რაც ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით გასაკვირი არ არის. ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ ხორციელდება ფსიქიატრის ვიზიტები, რის გამოც ციხის მოსახლეობა პრაქტიკულად ფსიქიატრიული დახმარების გარეშეა დარჩენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საპყრობილის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, პატიმრები აღნიშნავენ, რომ ექიმის ხელმისაწვდომობა უკანასკნელ თვეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა და რაიმე მნიშვნელოვანი პრეტენზია თანამშრომელთა მიმართ ამ კუთხით არ გამოუთქვამთ. მხოლოდ ერთეულებმა აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ გრძელდება არასათანადო მოპყრობა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავი შეიკავეს. მონიტორინგის დროს მონახულებულ იქნენ კარცერში განთავსებული პატიმრები. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კარცერში მოთავსებულ პატიმრებს ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული. აღნიშნულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარცერში ყოფნის პერიოდში ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და აბანოთი. დანარჩენი პატიმრები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღიურად, კვირის გარდა, ხოლო აბანოთი - კვირაში ერთხელ. პატიმრები ასევე აქვთ მიმოწერის უფლება ოჯახის წევრებთან, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი უმეტესობა ამ უფლებით არც თუ ისე ხშირად სარგებლობს.
მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბათუმის N#3 საპყრობილე სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმიური მონიტორინგი განახორციელა ბათუმის #3 საპყრობილეში. აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი იმათგანია, რომლებზეც სახალხო დამცველმა თავის საანგარიშო მოხსენებებში ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა. საპყრობილის შენობა-ნაგებობები იმდენად მოძველებულია, რომ შეუძლებელია პატიმრებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა. მონიტორინგის პერიოდში საპყრობილეში განთავსებული იყო 697 პატიმარი, მათ შორის, 29 ქალი და 5 არასრულწლოვანი. დაწესებულებაში არის გადატვირთულობა. მონიტორინგის დროს საპყრობილეში იყო აუტანელი სიცხე, რაც კლიმატურ პირობებთან იყო დაკავშირებული - ყველა საკანსა და დერეფანში დამონტაჟებულია გამწოვები და ყველა საკანს აქვს ვენტილატორები. სასურველია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, პარაზიტებისა და მწერების საწინააღმდეგო ზომების გახშირება. საპყრობილეში ისევ პრობლემურია წყლის მიწოდება. აღნიშნული უკავშირდება ზოგადად ბათუმის წყლის მომარაგებაში არსებულ პრობლემებს, თუმცა სასურველი იქნება, რომ აღნიშნული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და საპყრობილე უზრუნველყოფილი იქნას წყლის მომარაგების დამოუკიდებელი სისტემით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაცია რეგულარულად ამარაგებს პატიმრებს წყლით, რომელიც დაწესებულებაში მიაქვს ადგილობრივი წყლის მომარაგების სამსახურს ცისტერნებით. აღნიშნულს ადასტურებენ პატიმრებიც. მონიტორინგის დროს დაწესებულებაში ასევე არ იყო უზრუნველყოფილი სატელეფონო კავშირი. ადმინისტრაციის თქმით, გარკვეული პერიოდის წინ მოპარული იქნა ციხესთან დამაკავშირებელი სატელეფონო კაბელი, რის გამოც ხდება სატელეფონო კავშირის აღდგენისთვის ალტერნატიული გზების მოძიება. სატელეფონო კავშირის პრობლემა ბათუმის საპყრობილეში უკვე დიდი ხანია დგას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაყვანილობის უხარისხობის გამო სატელეფონო კავშირი უკიდურესად შეფერხებული იყო, განსაკუთრებით წვიმების დროს, რაც ბათუმში არცთუ ისე იშვიათია. აღნიშნული პრობლემა უახლოეს მომავალში ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქნას მოგვარებული, მით უმეტეს, რომ #3 საპყრობილეში განთავსებულია ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელთათვისაც ტელეფონი ახლობლებთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა. მონიტორინგის დროს კარცერში არ იმყოფებოდა არცერთი პატიმარი, თუმცა კარცერები აღჭურვილი იყო ლეიბებით და თეთრეულით. როგორც მონახულებულმა პატიმრებმა აღნიშნეს, კარცერში მოთავსების ზომას ადმინისტრაცია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავს. პატიმრებმა ზოგადად აღნიშნეს, რომ საპყრობილის თანამშრომლები მათ ნორმალურად ეპყრობიან. პატიმრებისვე თქმით, ადმინისტრაცია ცდილობს, გაითვალისწინოს მათი თხოვნები. გასეირნების უფლებით პატიმრები სარგებლობენ ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. შაბათ-კვირას ისინი სარგებლობენ აბანოთი. ერთ-ერთ სასეირნო ეზოში დამონტაჟებულია 3 სხვადასხვა სახის ტრენაჟორი, რომლებითაც, ადმინისტრაციის განმარტებით, მსჯავრდებულები უახლოეს მომავალში ისარგებლებენ. სამედიცინო მომსახურების მხრივ დაწესებულებაში შენარჩუნებულია შესაძლებლობის ფარგლებში ექიმის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ექიმთან გეგმური მიმართვიანობა წარმოებს კვლავ პატიმრის მიერ დაწერილი განცხადების შესაბამისად. სამედიცინო ბარათი იწარმოება თითოეული პატიმრისათვის, ბარათები შევსებულია და სისტემატიზებულია ექიმის მიერ. დაწესებულებაში იწარმოება ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი. მიუხედავად მასში არსებული რიგი ხარვეზებისა, აღრიცხული შემთხვევები იძლევა ადეკვატურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. დაწესებულებაში კვირაში ორჯერ მოდის სტომატოლოგი და აწარმოებს პაციენტთა მიღებას. 2010 წლის თებერვლიდან, დაწესებულებაში შეწყდა ფსიქიატრის გეგმური ვიზიტები, რის გამოც პატიმრებს აღარ მიეწოდებათ კვალიფიციური ფსიქიატრიული დახმარება. მთავარი ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სადაც პაციენტების გადაყვანა წარმოებს საჭიროების შემთხვევაში. განსხვავებით სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებისაგან, ბათუმის საპყრობილეში არ ხორციელდება სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა სისტემატური ვიზიტები, რის გამოც ადგილობრივი პატიმრები მოკლებულნი არიან ამ უმნიშვნელოვანეს სერვისს. საპყრობილეში დადიან მხოლოდ რენტგენ-ლაბორანტი, ექოსკოპისტი და ლაბორანტი. ყველა საკანში გამოკრულია პატიმართა უფლება-მოვალეობები. დაწესებულებას აქვს ბიბლიოთეკა, თუმცა სასურველია წიგნების ფონდის განახლება. პატიმრები შეუზღუდავად სარგებლობენ მიმოწერის უფლებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის საპყრობილის სოციალური სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ორი თანამშრომლისგან შედგება, პატიმრები მათ იცნობენ და საკმაოდ დადებითად აფასებენ მათ მუშაობას, რაც თვალშისაცემია სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სოციალურ სამსახურებთან შედარებით.
This post has been edited by Geronti on 21 Aug 2010, 17:29
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|