ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ამბავი დანტეს ჯოჯოხეთიდან, რომელიც ქანდაკებაში გადმოსცა ფრანგმა მოქანდაკემ ჟან-ბატისტ კარპომ.
პიზას მმართველი, უგოლინო დელა გერარდესკა, საკუთარი ქალაქის მოღალატე, თავად უარესი ღალატის მსხვერპლი გახდა. იგი ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში, მოღალატეებშია და დანტეს თავის ამბავს უყვება, თუ როგორ გამოკეტეს იგი "შიმშილის კოშკში" ოთხ შვილთან ერთად და შიმშილისთვის გაწირეს. როცა შვილებმა ნახეს, რომ მამა სიმწრისგან თითებს იჭამდა...
"ადგნენ, ერთბაშად წინ დამიდგნენ, შემომქვითინეს:
რას შვრები, მამავ, თუ სიყმილი გაწუხებს ეგრე,
ჰა, ჩვენი ხორცი, ეს ინებე, რადგან ხორცით
ეგზომ ვნებულით შენ შეგვმოსე, წაიღე შენად.
დავდუმდი მყისვე, მათთვის გული რომ არ მომეკლა,
სდუმდნენ ოთხნივე, როგორც იმ დღეს, ისე შემდეგშიც.
ო, მკვიდრო მიწავ, ნეტავ ჩემთვის გაგეხვნა პირი,
როცა მეოთხე დღე გათენდა, დაეცა გადო,
ჩემს ფერხთით იწვა და ამგვარად მევედრებოდა:
რისთვის არ გინდა მომეშველო, ჩემო მამილო?
იქ მოკვდა იგი, და როგორაც მე აქ მიყურებ,
ისე მეც ვნახე საკუთართა თვალთა წინაშე
ოთხივე ვაჟი ვით კვდებოდა, ოთხივე ზედიზედ.
უკვე მეხუთე და მეექვსე დღე შემოთენდა,
თვალის სინათლე დამელია ისე ვბორგავდი,
და მათ ცხედრებზე დავდიოდი გაოგნებული.
კიდევ სამი დღე ვიჯახირე და ვივალალე.
ბოლოს შიმშილმა გაიმარჯვა დარდის წინაშე..."ამ ეპიზოდზე არის აზრთა სხვადასხვაობა: რას ნიშნავს დარდის წინაშე შიმშილის გამარჯვება. შიმშილის სიმწარემ აჯობა შვილებზე დარდს თუ დამშეულმა უგოლინომ საკუთარი შვილების ხორცი შეჭამა? ბორხესმა თქვა: "სურდა თუ არა დანტეს გვერწმუნა, რომ უგოლინომ თავისი შვილების ხორცი შეჭამა? ასე ვიტყოდი: დანტეს არ სურდა, რომ ეს გვერწმუნა, მაგრამ ჩვენში უნდა აღეძრა ასეთი ეჭვი.
ცნობისთვის: უგოლინოს, მისი შვილებისა და შვილიშვილების ცხედრები გამოიკვლიეს (სინამდვილეში არა ოთხი შვილი, არამედ ორი უმცროსი შვილი და ორი შვილიშვილი გამოკეტეს მასთან ერთად). მოხუც უგოლინოს თითქმის აღარ ჰქონდა კბილები და სავარაუდოდ ის შვილების ხორცს ვერ შეჭამდა. მართალია ტანჯვით კვდებოდნენ, მაგრამ მათი გარდაცვალების მიზეზად ძალადობრივ სიკვდილს და არა შიმშილს ასახელებენ.



რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)