ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა
17:31 31-08-2010
ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა . როგორც კვიტაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წრეებიდან თსუ-ის რექტორის პოსტზე შემოთავაზება ჰქონდა, რაზეც თანხმობა განაცხადა.
"დღეს, 18.00 საათზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ჩემი კანდიდატურა განიხილება. ვაპირებ იქ მივიდე, რადგან მიწვეული ვარ. დღეს დავწერე განცხადება, რათა საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეეშალოს", განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი პატივია უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მუშაობა. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობის წევრებს. მისივე თქმით, მან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ორი წელი და შვიდი თვე იმუშავა და ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო.
"ჩემთვის დიდი პატივია, რადგან უნივერსიტეტი ჩემი საყვარელი დაწესებულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი ოჯახის ძირია, რადგან ჩემი ბაბუა წლებია ისტორიის ფაკულტეტის დეკანია და ეს ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მინდა ვუთხრა მადლობა მათ, ვინც მეხმარებოდა ამ ხნის განმავლობაში ასეთი რთული საქმის შესრულებაში", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
რაც შეეხება კვიტაშვილის შემცვლელს, როგორც ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ დაინიშნება ამ თანამდებობაზე. ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი შეასრულებს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...oba-datova.htmlვინ იქნება შემდეგი?