სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივით გამოდის .
როგორც უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, საქართველოში დემოგრაფიული საკითხი ძალიან მძიმეა. მისივე თქმით, ზოგიერთი რაიონების სოფლები, სადაც არის ბრწყინვალე ნიადაგი და მოდის კარგი მოსავალი, სრულიად დაცარიელებულია.
პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა ისრაელში არსებული სპეციალური სოფლები, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ერთად აწარმოებს, ამ სოფლებისთვის მიღებული შემოსავალიც არის საერთო. სამუშაოებზე კი მათ დასაქმებული ჰყავთ ახალგაზრდობა.
"საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ, მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს. ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები. ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ამ სოფლებში აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გააჩნინო შვილები და გაამრავლონ ერი.
პატრიარქის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთანაც და ხელისუფლება ამით დაინტერესებულია. "მე მაქვს ახალგაზრდობის იმედი, თუმცა ახალგაზრდობას არ აქვს გამოცდილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ კავშირი უფროს თაობებთან და პატივი სცენ მას. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, ჩიხი არ არსებობს, საქართველოს შეუძლია გამონახოს წინსვლისა და განვითარების გზა. ღმერმთა გაანათლოს ჩვენი გონება, რათა კიდევ ბევრი ასეთი აზრი მოვიდეს", - ბრძანა უწმინდესმა.
http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...leobisthvis-gad