cheshire cat
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 683
წევრი No.: 72816
რეგისტრ.: 30-October 08
|
#21415044 · 3 Sep 2010, 19:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო დროს სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში ფსიქონევროლოგიური ტიპის პრობლემები და დარღვევები განსაკუთრებითაა მომატებული. მეტყველების დეფექტები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა, სოციალური ადაპტაციის პრობლემები, ლეგასთენია, ალერგოდერმატოზები, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები – მასწავლებლებისთის კარგად ნაცნობი დიაგნოზებია. მართალია, სტატისტიკურ მონაცემებს და ზუსტ ციფრებს ვერ დავასახელებ (მეეჭვება, ამგვარი მონაცემები არსებობდეს), თუმცა, აუცილებლად დამეთანხმებიან ზემოთთქმულში კოლეგები(დაწყებითი კლასების მასწავლებელები) და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელები. თავისთავად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სოციალური და ეკოლოგიური პირობების გაუარესების პირდაპირპროპორციულია, არ გამოირიცხება ასევე გენეტიკური განპირობებულობაც, თუმცა არაკოორდინირებულ და მიშვებულ საგანმანათლებლო პროცესს, უდაოდ, საკუთარი წვლილი შეაქვს პრობლემის გაღრმავებაში. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული (შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო) მნიშვნელობა ენიჭება სწავლების პროცესის სწორ დაგეგმვას ბავშვის ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს თანამედროვე სასწავლო პროგრამა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის. ბაღების დირექტორებს და აღმზრდელებს დამოუკიდებლად უწევთ გადაწყვეტილების მიღება. ძირითადად, სამუშაო დღის უმეტესი ნაწილი ეთმობა სხვადასხვა სეზონური ზეიმისთვის მზადებას, ლექსებისა და სიმღერების გაზეპირებას – დანარჩენი აღმზრდელის ენერგიაზე, გამოცდილებაზე, სურვილზე და განათლებაზეა დამოკიდებული. ბაღებში არის ე.წ. სასკოლო– დამამთავრებელი ჯგუფი, სადაც ბავშვებს იმას ასწავლიან, რაც, წესით, სკოლის პრეროგატივაა. სახელმწიფო ბაღების გამოსაშვებ ჯგუფებში ბავშვების უმეტესობამ იცის ანბანი და ელემენტარული ანგარიში. ასეთი შედეგებით მშობლები კმაყოფილები არიან, სამაგიეროდ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები აწყდებიან სირთულეებს – ბავშვებისთვის სკოლაში სწავლების პროცესი მოსაწყენი და უინტერესოა. ამაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მცირე ასაკის ბავშვი თავისი ფიზიკური, მოტორული, სამეტყველო, მხედველობითი, სივრცითი ორგანიზაციით, უბრალოდ, არ არის მზად იმ დატვირთვისთვის, რაც წერა–კითხვის და ანგარიშის შესწავლას სჭირდება. სწორედ ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობა იგულისხმება ზევით, როდესაც საუბარია საგანმანათლებლო პროცესის წვლილზე ბავშვის სწორი და ჯანსაღი განვითარებისთვის. ადრეულ ასაკში ინტენსიურ ინტელექტუალურ დატვირთვაზე მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი სულ სხვა უნარების განვითარებაა. კარგი იქნება, თუკი ამ მოსაზრების დამადასტურებელი კვლევები და არგუმენტები მშობლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რადგან ,ასე ვთქვათ, მრავალპროფილიანი განათლება მცირე ასაკიდან სწორედ მშობლების დაკვეთაა – ყველას სურს ბავშვი თავიდანვე იყოს დაკავებული „ სასარგებლო“ და „შემეცნებითი“ საქმიანობით. სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ასეთ „საქმიანობასთან“ იშვიათად ასოცირდება. ბევრისთვის, უბრალოდ, გაუგებარია, როგორ შეიძლება სწავლის პროცესი იყოს დაკავშირებული რაიმე ნეგატიურ გამოვლინებასთან. არადა, დადასტურებული ფაქტია, რომ 6–7 წლამდე ასაკის ბავშვის ძვალ–კუნთოვანი და ნერვული აგებულება არ არის მომწიფებული იმ ინტენსიური აქტივობებისთვის, რასაც წერა–კითხვის და ანგარიშის შესწავლა ითხოვს. (უცხო ენებზე რომ არაფერი ვთქვათ..) ცხადია, სკოლამდელი დაწესებულების ვალდებულება მხოლოდ ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოვლა არ არის. მას გაცილებით სერიოზული სოციალური დანიშნულება აქვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის თანახმად „ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს: ა) ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრული განვითარებისაკენ“ ( 29–ე მუხლი) მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაღმა შეითავსოს სკოლის ფუნქცია. იგი უდაოდ, უნდა იყოს ორიენტირებული სკოლაზე, მაგრამ ამასთან, ხელი არ უნდა შეუშალოს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და დაწყებითი განათლების სრულფასოვან ათვისებას სკოლაში.
ბაღებისთვის სარეკომენდაციო სასწავლო გეგმების და მეთოდების შემუშავებას განათლების სამინისტროში 2010 წლის ბოლოსთვის აპირებენ. საინტერესოა, რა სტანდარტით, პროგრამით თუ კონცეფციით იხელმძღვანელებს სამინისტრო, გაიზიარებს თუ არა რომელიმე ქვეყნის სკოლამდელი აღზრდის მოდელს, ასევე – ჩატარებულია თუ არა წინასწარი კვლევები და იქნება თუ არა გათვალისიწნებული ბავშვის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური მოცემულობები. გარდა მეთოდისტებისა, არიან თუ არა ჩართული სამუშაო ჯგუფში ფსიქოლოგები, პედაგოგები. იმედია, საბაზისო „ სარეკომენდაციო სასწავლო გეგმები და მეთოდები“ მიმართული იქნება არა აქსელერაციისკენ, (ინტენსიური ინფორმაციული ზემოქმედების შედეგად დაჩქარებული განვითარება ) არამედ გაითვალისწინებს ასაკისთვის შესაბამის უნარებს, განავითარებს მათ და უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და მაქსიმალურ რეალიზებას(ამპლიფიკაცია).
--------------------
http://www.shokoladi.ge/blog/163
|