პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ორგანიზაცია ‘’ქართული სპორტის ქომაგები’’ კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს და სურს, წერილობითი სახით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის თაობაზე.
‘’ქართული სპორტის ქომაგები’’ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ნაკრების კაპიტან კახი კალაძეს, რომელმაც 15 წლის განმავლობაში 83 მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების მაისურით (მათგან 50 შეხვედრაში გუნდის კაპიტანი იყო ) და ამ ხნის განმავლობაში ღირსეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
ჭეშმარიტი ქართველი ქომაგისთვის, მის ყველა წარმატებას, იქნებოდა ეს ეროვნულ ნაკრებში თუ ევროპულ კლუბებში, უდიდესი სიხარული მოუნიჭებია. სიხარული, რომელიც ძნელია, ასე ადვილად დავივიწყოთ ქართული ფეხბურთის ნამდვილმა ქომაგებმა. არაერთხელ გაგვჩენია სიამაყის გრძნობა მისი წარმატებული თამაშების გამო. კალაძის კარიერა და გაწეული შრომა დასაფასებელია თითოეული ქომაგის მიერ. სწორედ კახი იყო ერთ-ერთი იმ პირველ ადამიანთაგანი, რომელმაც საქართველოს სახელი მთელ სპორტულ სამყაროს ღირსეულად გააცნო.
სამწუხაროა, რომ როდესაც მის პროფესიონალიზმზე მიდის საუბარი, საქართველოში აღმოჩნდნენ ფეხბურთის ისეთი ’’მცოდნე ქომაგები’’, რომელთაც კახას მიერ ჩატარებული მატჩებიდან, მხოლოდ ერთი აქვთ ნანახი (საქართველო-იტალია 0-2 - რედ.). არავის ახსენდება კახის დებიუტი და მის მიერ ჩატარებული ბრწყინვალე თამაშები ეროვნულ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ სწორედ კალაძეა ის ადამიანი, რომელმაც პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში მოიგო უმაღლესი საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა და ამით კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს ქართული სპორტის არსებობის შესახებ.
საინტერესოა, თუ რატომ არ ახსოვთ ქართველ გულშემატკივრებს მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში გადადგმული გმირული ნაბიჯი, როდესაც თვალცრემლიანი გავიდა მოედანზე სათამაშოდ.
ბოლო პერიოდში თითზე ჩამოსათვლელად გვყოლია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც იმედს გვისახავდნენ და ეროვნული ნაკრები წარმატებისკენ მიჰყავდათ. სამწუხაროა, რომ ისეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი კლასის ფეხბურთელი, როგორიც კალაძეა, ტოვებს ეროვნულ ნაკრებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება უდიდესი დანაკლისი ეროვნული ნაკრებისათვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის. ’’ქართული სპორტის ქომაგები’’ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ დამსახურებისთვის, რომელიც მას ქართული ფეხბურთის წინაშე მიუძღვის. მადლობას გიხდით, კახი, ყოველი მატჩისთვის და იმ უსაზღვრო სიხარულისთვის, რომელიც შენს მიერ ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ დაუფლებიათ ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტ ქომაგებს!
„ქართული სპორტის ქომაგები“
http://worldsport.ge//Read.aspx?news=28753&lang=1