რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დღეს, დილის საათებში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს , - ამის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
სამინისტროს ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.
ამ დროისთვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი.
სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი.
ამჟამად, უკანონო "დემარკაცია" სოფელ ზემო ნიქოზშიც მიმდინარეობს.
http://new.interpressnews.ge/ge/konfliqteb...a-daitsyes.html