http://www.tabula.ge/article-1943.htmlფოტოები ლინკზე
პირით მექისკენ, გულით - სამშობლოსკენ „როცა მუსლიმებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვსაუბრობთ პრობლემაზე!” - მითხრა უცნობმა მატარებელში.
აჭარაში ჩასულს, სადგურში ტარიელ ნაკაიძე დამხვდა. ახალგაზრდა მუსლიმია. უფრო სწორად, ქართველი მუსლიმი. საკუთარ თავს ყოველთვის ასე მოიხსენიებს. აი, ახლაც - მე, ქართველი მუსლიმიო, მითხრა და თან წყენით დააყოლა, - აქ ჩვენ ბევრი „თათარს” გვეძახისო.
„ოცდამეერთე საუკუნეში სარწმუნოება ეთნიკურ კუთვნილებას არ უნდა განსაზღვრავდეს. რწმენა ადამიანის პირადი არჩევანია. ეს არჩევანი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგრამ ყველა ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და აქ სხვა ფაქტორი, კონსტიტუციის აღიარების გარდა, არ უნდა არსებობდეს, - მონდომებით განაგრძობს საუბარს და, სანამ სამუფთოში მივალთ, გზად ისლამზე მესაუბრება, - იყო ისლამის მორწმუნე, ნიშნავს, აღიარებდე ადამიანის პიროვნულ ღირსებას”. არ ვიცი რატომ, ეს ფრაზა განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა.
ბათუმის სამუფთო მუსლიმთა ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც 170-ზე მეტი მეჩეთი და ხუთი რაიონის სამუფთო ემორჩილება. აჭარის მთავარი მუფთი ახალ თანამდებობაზე არჩევიდან მეათე დღეს მოვინახულეთ. მისი კაბინეტი, ისევე როგორც მთელი შენობა, მეჩეთთან ახლოსაა. მოკრძალებულად გაფორმებული ოთახია, კედლებზე უამრავი ციტატაა გაკრული ყურანიდან, კარადებში კი ჩემთვის უცნობ ენაზე დაწერილი უამრავი წიგნი იპყრობს ყურადღებას... სწორედ აქედან იმართება აჭარის მუსლიმური საკრებულო. ბატონი ჯემალ პაქსაძე, ახლა უკვე აჭარის სამუფთო სამმართველოს ხელმძღვანელი, ღიმილით მესალმება და ვერ მალავს აჭარულ აქცენტს. მუფთმა კარგად იცის, რას ნიშნავს მასმედია! ამიტომ, უპირველესად, დაკარგულ ტერიტორიებზე იწყებს საუბარს და სამშობლოს სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს, თუმცა, დიპლომატიურად ცდილობს, თავი აარიდოს დელიკატურ საკითხებს, რომლებიც მისი სამუფთოს ოფიციალურ სტატუსსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მეჩეთებს ეხება. თითქმის ყოველ წინადადებაში ქართველობის ხაზგასმა მაფიქრებინებს, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც მუფთის სიტყვების არ სჯერა. ჰოდა, ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად იმეორებს სიტყვას „ქართველი”.
როდესაც ვუთხარი, ხულოში მივდივარ-მეთქი, დაბნეულობა შევნიშნე. როგორც შემდეგ გაირკვა, სოფლების დიდ ნაწილში სამუფთო დიდი ნდობით არ სარგებლობს. ასე ამბობენ, სამუფთო მხოლოდ აბრაზე არსებობს, მუფთი ჩვენ არ აგვირჩევია და ამიტომ არც ვენდობითო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აჭარის მთავარი სამუფთო არსად არ არის რეგისტრირებული.
„ასლან აბაშიძეს უნდა შეგახვედრო, ხულოში, - ჩემმა გამომეტყველებამ აუცილებელი განმარტება აიძულა ტარიელს, - არა, არა, ის ასლანი არა! ბატონი ასლანი ხულოს რაიონის მუფთია!”
ხულოს რაიონის მუფთი შუა ხნის მამაკაცია. ასლან ეფენდი, როგორც მას ეძახიან, საღვთო სალმით გვესალმება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უფრო ორჯერ თავის ერთმანეთზე მიდებაა, ვიდრე გადაკოცნა. მისი „ნივა” ყველგან ვერ მივა, მაგრამ, სულ მცირე, ორ სოფელში ნამდვილად აღმოვჩნდებით. მანქანაში, სარკესთან, ლურჯი გული კიდია. ზედ არაბულად რაღაც აწერია... მუფთი მანქანიდან სოფლის ორღობეებში შემხვედრთ ესალმება... ასსალამ ალლეი ქუმ - სალამალეიქუმად ისმის აქეთ-იქიდან... სამუფთოში ბავშვები ხმაურობენ... აქ ახალგაზრდა ხულოელებს ისლამის საწყისებს, არაბულსა და საქართველოს ისტორიას ასწავლიან. შესვლისთანავე ჩემი ფეხსაცმელები გარეთ რჩება... თუ მეჩეთში ფეხზე საერთოდ არ უნდა გეცვას, სამუფთოში ჩუსტებს გთავაზობენ. ფეხსაცმელზე გამახსენდა: მუფთი მიყვებოდა ვიღაცაზე - ისეთი მდიდარი იყო, რომ სახლში ფეხსაცმლით დადიოდაო. ჰოდა, არ ვიცი, რისი ბრალია, ფუმფულა ნოხის თუ ზოგადი ავლა-დიდების, მაგრამ ბატონ ასლანთან შესვლამდე, ფეხსაცმელები შესასვლელში მივყარე.
ოთახი მთავარი მუფთის კაბინეტისგან განსხვავებულია, უფრო დიდი და, ცოტაც, აღმოსავლური. აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან შესახვედრად მთელი მეჯლისი მოსულა. არა, ცეკვას არავინ აპირებს, მეჯლისი მუფთის დამხმარე ადმინისტრაციული ორგანოა, რომელშიც, ძირითადად, უხუცესები და აქტიური მუსლიმები შედიან. ასლან ეფენდი მშვიდი, არაორაზროვანი ჟესტებით მიგვანიშნებს ადგილზე და დიქტოფონიც ირთვება... ის კარადასთან მიდის, სამუფთო სამოსს იცვამს, უცნაურ ქუდს იხურავს, რომლის სახელიც ვერა და ვერ დავიმახსოვრე და ამაყად გვეუბნება: „ამ ქუდის ქვეშ ტყუილს ვერ ვიტყვი!” დარწმუნებული ვარ, ასეთ მყარ გარანტიას ვერც ერთი სიცრუის დეტექტორი ვერ მისცემს ვერც ერთ ჟურნალისტს! ამაყი კაცია ხულოს მუფთი. კარგად იცის, რომ სიცრუე და ორპირობა სულს და ხორცს ერთად ვნებს.
მუფთი თვლის, რომ ზოგიერთის შეხედულება ოსმალთა იმპერიის ბატონობასა და ამ მხარეში ქართველობის ძალით გამუსლიმებაზე არასწორად დასმული საკითხია. „ეს რწმენა ძალადობით არ მიგვიღია. ჩვენ ის გულით მივიღეთ და შევიყვარეთ!” არ ერიდება, მიგვანიშნოს, რომ თავის დროზე პირველი მონოთეისტური რელიგია, ქრისტიანობაც, სწორედ აჭარიდან შემოვიდა საქართველოში და რომ მის გავრცელებასაც თან ახლდა გარკვეული ძალადობა. მიაჩნია, რომ ეროვნული რელიგია არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ის უნდა აირჩიო და თუ სიძველე ჭეშმარიტებასაც განაპირობებს, იქნებ არმაზის კერპის აღდგენაც მოგვიხდეს? ჩემ წინ ქართველი მუფთი ზის და მთელი მეჯლისის წინაშე აქტიურად უპასუხებს ყველა კითხვას. „რწმენის გამოცვლისას, თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა, ან იმიტომ ინათლება, რომ უფრო მისაღები იყოს ვიღაცისთვის, მე მას ვერ გავუგებ... მაგრამ თუ ეს პიროვნული ძიებით განახორციელა, ღმერთმა გაუმარჯოს”. ეს პასუხია მუსლიმთა ნათლობაზე, რომელიც ხულოს რაიონში, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც განხორციელდა. 40 მეჩეთის მმართველი შორს მიდის და მორალზე საუბრობს... სასულიერო პირებს ყოველთვის უყვართ ზნეობაზე ქადაგება, მე კი, უფრო მეტად, მათი ყოფა მაინტერესებს, ადამიანები.
იოსებ აბაშიძე უკვე მოხუცდა. კომუნისტების პერიოდიც ახსოვს და აქაური მუსლიმების ცხოვრებაც. კარგად იცის, რომ დევნას მხოლოდ მღვდლები კი არა, მოლებიც განიცდიდნენ. იმ ადამიანსაც იცნობს, უწინ რომ ჯამეში ანუ მეჩეთში ხალხს მისვლას უშლიდა და ახლა, დროის ცვალებადობასთან ერთად, უკან დაბრუნდა. ისლამი მიმტევებელი რელიგიააო, ამბობს... წუხს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაზე ზრუნავს. „ჩვენ რა, არ ვარსებობთ?” აწუხებს, რომ საპატრიარქო მის სოფელში, სადაც უმრავლესობას მუსლიმები შეადგენენ, ეკლესიებს აშენებს. მუსლიმებს კი წვრილმან დახმარებაზეც უარს ეუბნებიან. ერთ-ერთი მამაკაცი საუბარში ერთვება: „დახმარება ის იქნება, ხელი არ შემიშალონ”. შევატყვე, მუფთს არ მოსწონს პოლიტიკაზე გადასვლა.
სადილი მუფთის გარეშე შედგა - მარხულობდა. მზემ ლუკმა პირში არ უნდა დაინახოსო. ამიტომ, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ჭამა არ შეიძლება. დადგენილი მარხვა არ იყო, მუფთი პირადი ინიციატივით მარხულობდა. ამ სასადილო ოთახში პანსიონის ბავშვები სადილობენ. გვერდით საკლასო ოთახია. არდადეგებზე მეტი დრო უნდა გამოეყოს ისლამის შესწავლას! სადილობისას ცოდნის მნიშვნელობაზე ჩამოვარდა საუბარი. ამბობენ, რომ სწავლა ადამიანს ცვლის - მას უფრო მეტად შემწყნარებლად და მოზომილად აქცევსო. „განათლებულ ადამიანს როგორ შეუძლია სხვას ზიანი მიაყენოს?” მეუბნება პანსიონის 17 წლის მოსწავლე.
სამშობლოს სიყვარული ყველგან იგრძნობა. ბარბარიზმებისგან თავისუფალი ქართულით 18 წლის ზაზა დიასამიძე სამშობლოს სიყვარულზე საუბრის სურვილს გამოთქვამს. ეს სიყვარული ვერ იქნება უბრალოდ გრძელი სადღეგრძელოები... ღვინოს არ სვამს და არც არასდროს დალევს - ის ხომ მუსლიმია! სამაგიეროდ, არსებობს განათლება, რითაც ერთგულებას დაამოწმებს! ეროვნული გამოცდების შედეგებს, ათასობით თანატოლთან ერთად, მოუთმენლად ელოდება. ალაჰს შეწევნას სთხოვს. გეგმავს, რომ ისწავლოს და ამით, საკუთარი თავის გარდა, საქართველოსაც გამოადგეს. „ალაჰი მოწყალეა. ის საქართველოს დაიფარავს!” ამ რელიგიური ნდობის მიღმა სავსებით რაციონალური აზრი იმალება - მას უნდა, საქართველო იყოს მთლიანი და ძლიერი, ხოლო თავად - ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. მას არც ოშკზე მიშენებული ტუალეტი მოსწონს და არც - ქობულეთის მეჩეთზე.
„ჯობია ქააბას კედელი ჩამოანგრიო, ვიდრე ერთ ადამიანს აწყენინო!” ეს ფრაზა სოფელ დიდაჭარაში გავიგონე... ქააბა მექაშია. ის კუბის ფორმის მუსლიმური სიწმინდეა, რომელშიც შავი ქვა ინახება - ალაჰის მიმტევებლობის სიმბოლო. სწორედ მისკენ მიაპყრობენ პირს ქართველი მუსლიმები დღეში ხუთჯერ და ნამაზს კითხულობენ. თვით ქააბაც კი კარგავს მნიშვნელობას, თუ ვინმე მას ადამიანის ღირსებაზე მაღლა აყენებს. რწმენით ადამიანის გარჩევა მხოლოდ ქორწილის დროს იციან, ისიც იმ მოტივით, რომ ოჯახში ერთი აზრი შევინარჩუნოთ. თუმცა, ისტორიულად, ყოველთვის ცდილობდნენ, ისევ ქართველ მუსლიმებთან ერთად შეექმნათ ოჯახები.
ეს ჯამე ახლახან ააშენეს, მას შემდეგ, რაც კომუნისტური რეჟიმი დაემხო. სალოცავის წინ მოხუცი კაცი გადმომდგარა, სვანური ქუდით. დიდაჭარელი გრიგოლ წულუკიძე მეუღლესთან ერთად თავს მიწათმოქმედებით ირჩენს. თუმცა, ნამაზს ანუ ლოცვას ვერ აღასრულებს - ამბობს, მუხლები მტკივაო... ცოლის მიმართ დიდი სიყვარული „აქვენ”. პრობლემებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა, ისურვებდა, რომ შვილებს მეტი დრო გაეტარებინათ მასთან, სოფლის საქმეებში დახმარებოდნენ. განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც ახალგაზრდების უმეტესობა სოფლიდან გადის. საერთოდ, როცა მაღალმთიან აჭარას ახსენებ, გგონია, რომ განსხვავებულ გარემოს და ადამიანებს დაინახავ. ალბათ უფრო კონსერვატიულს, როგორც ტაქსის მძღოლმა იხუმრა - ისეთს, ნამეტნავად ქე რომ იჭრიან ვენებს ჩაცმულობაზეო. არადა, სურათი სულ სხვაა.
მუფთის მეუღლეს, უამრავი აჭარელი ქალისგან განსხვავებით, უარი არ უთქვამს სარწმუნოების მიერ დადგენილი თავშლის ტარებაზე. სოფელ ოქრუაშვილებში ამ წესს ყოველთვის აღასრულებდნენ - „როგორც ახლა, ისე ადრე!” იმისთვის, რომ სტუმრებზე ეზრუნა, საღამოს ნამაზი არ შეასრულა... როცა ქალბატონი ეთერი სადილს ამზადებდა, ქმარი და მაზლი გვერდით ოთახში ლოცულობდნენ. ორი ათწლეულია, ერთად არიან. ერთმანეთი სოფელში გაიცნეს. დემოკრატიული ოჯახი გვაქვსო, - ამბობს ქალბატონი ეთერი. ყველაფერი სიყვარულსა და ისლამს ეფუძნება - ამით ბედნიერია. ყველაზე მეტად ქსოვა უყვარს. ნამაზიდან ნამაზამდე, თუ სხვა საქმე არ აქვს, ქსოვით ერთობა. მისი შვილი, მუჰამედი, ახლახან შესრულდა თვრამეტი წლის. მშობლებს სურთ, მამის გზას გაჰყვეს, მაგრამ ეს მისი არჩევანია, არაფერს დააძალებენ. მუჰამედი თანატოლებთან მაბარებს, სამშობლოს სიყვარული საქმით დავადასტუროთო... ერთ-ერთ სასწავლებელში ის ბავშვებს არაბულ კითხვას ასწავლის. მეუბნება, რომ სრულებით არ არის ძნელი.
პარასკევი ახლოვდება... პარასკევი - ჯუმა დღე! ყველა მუსლიმს ევალება, მივიდეს მეჩეთში და ღმერთს დიდება შესწიროს. „აბა, ნახე მთებში გახიზნული ტერორისტები?” - მეხუმრება ტარიელი ბათუმში დაბრუნებულს. აზანი მინარეთიდან არ წაუკითხავთ. არ გვიყვარს და იმიტომო, - მეხუმრებიან ბათუმის მეჩეთში შეკრებილი ახალგაზრდები. თურმე მოსახლეობას აწუხებს. „ზარების ხმას რით არ ჯობია?” - სიცილით მეუბნება მეორე.
ბოლოს, უკვე თბილისში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი, რომ ერთი მუსლიმი გოგონა გავიცანი. სევდიანი იყო. პრობლემებზე მიყვებოდა. უახლოესი ადამიანი დაშორებია, სხვადასხვა რელიგიის ვართ და ერთად ვერ ვიქნებითო. ამიტომ, საკუთარ სარწმუნოებას არავის უმხელს. ძნელია მარტო შებრძოლება. თუ გულზე ჯვარი არ გკიდია, ისე არ მიგიღებენო. ამიტომ ჯვარს ატარებს. როგორც თავად დაამატა - გარემოებათა გამო.
„ეს ჩემი არჩევანია, მხოლოდ ჩემი. ისლამისთვის უცხოა დაძალება. პატივი ეცით ჩემს არჩევანს. ვიმეორებ, ჩემს არჩევანს! იმას კი ნუ მეტყვით, რომ ქვეყანა ჩემზე მეტად გიყვართ. არ შესცოდოთ ღმერთს. ეს წმინდა წყლის ტყუილია!”