#21816342 · 29 Sep 2010, 17:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2010 წლის 29 სექტემბერს დილის საათებში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო „საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს" ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში: ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.
ამ დროისათვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა.
სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის (ბერუაშვილების) კუთვნილი სახლები და ერთ-ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი.
სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები - 5 ჰექტარი, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი.
ამჟამად, უკანონო „დემარკაცია" მიმდინარეობს სოფელ ზემო ნიქოზშიც.
|