kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6812
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#21886754 · 4 Oct 2010, 11:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახა კაციტაძე - "ხელისუფლებამ ქართველი ერი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა - რევოლუცია ან ქვეყნის ზიმბაბვიზაცია... მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგვიკვირდება, ისე სწრაფად განვითარდება მოვლენები"
" ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩვეულებრივი, გეგმური სამუშაო ვიზიტი ჰქონდა. არც ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნაში იყო რაიმე განსაკუთრებული, რადგან საქართველოში კარგა ხანია არის ნატოს წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში. სხვა საქმეა, როგორ აპიარებს ამ გეგმურ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლება. ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნამ ილუზია არ უნდა გაგვიჩინოს, არავითარი პრინციპული ცვლილება არ არის. საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ იქ რომ შევიდეს, პირობების მთელი კასკადი უნდა დააკმაყოფილოს". - აცხადებს ექსპერტი, ფილოსოფოსი კახა კაციტაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლება კი არა, ჩვენც გავგიჟდით" / "ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება - დარჩეს ხალხად თუ ერად იქცეს". "ნატოში გაწევრების საკითხში არავითარი ნოვაცია არ ხდება. უბრალოდ, სააკაშვილს საზოგადოების ყურადღების გადატანა უნდა, რადგან ირგვლივ ყველაფერში წარუმატებლობაა, - კილოგრამი ნიორი ლამის 15 ლარი ღირს, რუსები როგორც უნდათ, ისე იკავებენ ჩვენს სოფლებს და ხელისუფლება ამას წინ ვერაფრით აღუდგა. ყურადღების ვითომ პოზიტიურ მოვლენაზე გადატანა განსაკუთრებით საჭირო გახდა სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. სააკაშვილს მაკკეინიც კი არ შეხვედრია! ჰილარი კლინტონი კაბინეტშიც არ შეხვდა სააკაშვილს, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი არათუ მიიღო ობამამ, არამედ მასთან უაღრესად თბილი და არსობრივი საუბარი ჰქონდა. სააკაშვილი კი გვეუბნება, სენეგალის პრეზიდენტს შევხვდი, სენეგალი აფრიკის ერთ-ერთი სოლიდური სახელმწიფოაო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კაციტაძე. "ჩვენი სამხედროები საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ იღუპებიან ჰამიდ ყარზაის რეჟიმის მხარდასაჭერად, რომლის წარმომადგენელი გაეროში უკვე მეორე წელია მხარს არ უჭერს რეზოლუციას ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე. ჩვენი ხელისუფლება ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავს. ავღანეთი ერთ ღილაკზე არ აჭერს თითს ჩვენი გულისთვის და ამ დროს ჩვენი ბიჭები იცავენ კორუმპირებულ ყარზაის, რომელზეც უკვე დიდი ეჭვია, რომ ფსიქიკურადაც ნორმალური არ არის. გაუგებარია, რატომ ვეხმარებით რეჟიმს, რომელიც არ არის თანახმა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ... სააკაშვილის ხელისუფლებას აღარ უშველის ჩვენი ჯარისკაცების რომელიმე მისიაში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას არა აქვს პერსპექტიული პოლიტიკა და სტრატეგია. სააკაშვილის რეჟიმი ძალიან დაემსგავსა ბრეჟნევის მმართველობის ბოლო პერიოდს. ესენი ახალგაზრდა ბრეჟნევები არიან", - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. "სამხედრო სტრატეგიაში არსებობს ცნება "ხახუნის მზარდი ნეგატიური ტენდენცია" და სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ ამ ტენდენციის ქვეშ არის -გასაგებად რომ ვთქვა, ჭაობში მოხვედრილი ადამიანი რაც მეტს მოძრაობს, მეტად იძირება. ასეთ ვითარებაში რეკომენდაციას აძლევენ, რომ ჭაობში მოხვედრილი უმოძრაოდ იყოს, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე წარმოიდგენთ, რომ ის გაჩერდება? რომ არ გაჩერდება, ამის დასტურია მისი ნათქვამი ბერლუსკონიზე ("სილვიო ბერლუსკონის მჭიდრო, ახლობლური, თითქმის ინტიმური მეგობრობა აკავშირებს პუტინთან"). ამ განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი დიდხანს არ მოგვაწყენს. ეს ხელისუფლება თავისი ქმედებებით ქმნის საზოგადოებაში უარყოფით განწყობას. ტყუილია, რომ რევოლუციას ახდენს ოპოზიცია, რევოლუციას ყოველთვის ხელისუფლება ახდენს, რომელსაც საქმე იქამდე მიჰყავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის", - მიიჩნევს კახა კაციტაძე. "საქართველოს არც არასოდეს ჰქონია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების დაბლოკვის ბერკეტი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის არსია, რეალური ვირტუალურით ჩაანაცვლოს. ჩვენი ხელისუფლება ამბობს, ის, რაც "იმედზე", "რუსთავი 2"-ზე, I არხსა და "რეალ-ტვ"-ზე არ გადაიცემა, არც ხდებაო. ჩვენი ხელისუფლება რეალობას მოჩვენებად ასაღებს და მოჩვენებას - რეალობად. ამბობენ, საქართველოს დავით აღმაშენებელი სჭირდებაო. მე კი მგონია, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ქართული ფსიქიატრიის ფუძემდებლის, მიხეილ ასათიანის (რომელსაც თავიანთ მიმოწერაში ფროიდი და იუნგიც კი ახსენებენ) მოვლინება. დღევანდელ საქართველოს მხოლოდ ასეთი დონის ფსიქიატრი Yთუ გადაარჩენს. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ასათიანის საავადმყოფოს გიჟებმა შიგნიდან მიაჭედეს კედელს აბრა "საგიჟეთი". მართლაც გარეთ უარესი საგიჟეთია. ხელისუფლება კი არა, ჩვენც გავგიჟდით", - დასძენს ექსპერტი. "სახალხო კრება" - ეს არც რუსული გეგმაა და არც გადარჩენის გზა. ეს არის იმის გამოხატულება, რომ საზოგადოება ძიების პროცესშია. ჯერ კიდევ შარშან ვთქვი - ოპოზიციამ თავი ამოწურა-მეთქი. ეს ოპოზიცია ასპარეზიდან წავა, რადგან საზოგადოების ნდობა ვერ გაამართლა და მას სხვა ძალა ჩაენაცვლება. ირაკლი ოქრუაშვილიც რომ აპირებს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას, ამაში ვერ ვხედავ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოებას ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა სურს და არა ხუთი ოპოზიციური ლიდერის თუ პარტიის გაერთიანება რაღაც საბჭოში, რომლის მსგავსი უკვე არსებობდა 2009 წლის აპრილის აქციების დროს. ხუთი დაბალი რეიტინგის პარტიის შეერთებით მაღალ რეიტინგს ვერ მივიღებთ", განმარტავს გამოცემის რესპონდენტი. "ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები ყველაზე უფრო არაპროგნოზირებადი სცენარით წარიმართება. გაგვიკვირდება, ისე სწრაფად განვითარდება მოვლენები. რა იქნება ამ პროცესის დაწყების ბიძგი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ხელისუფლება რაღაც ისეთს უსათუოდ შემოგვთავაზებს, რაც, სამწუხაროდ, ვითარებას დაძაბავს. ხელისუფლებამ ქართველი ერი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა - რევოლუცია ან ქვეყნის ზიმბაბვიზაცია (ზიმბაბვეს თითქმის 40 წელია დიქტატორი მუგაბე მართავს). ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება - დარჩეს ხალხად თუ ერად იქცეს. ჩვენი ისტორიისა და საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მგონია, ერად ჩამოყალიბების გზისკენ წავალთ", - დაასკვნის კახა კაციტაძე.
|