არა, ”პროფილში” არა. იმავე დღეს, ოღონდ გაერო-ში თურმე...

არ ვიცი, რამდენად ღირს ფორუმზე ამხელა (თან სრულიად არაფორუმული სტილის) ტექსტის დადება , მაგრამ რაღა ლინკს დებო, ბარემ მთლიანად დადეო, ნებართვა მივიღე, და აგერ, ვდებ

:
პროექტი კავკასიისათვისმიხეილ სააკაშვილის მიერ გაერო-ს ტრიბუნიდან 2010 წ. 23 სექტემბერს წარმოთქმული სიტყვა, შესაძლოა, საკმაოდ ინოვაციური გეოპოლიტიკური პროექტის, ერთგვარი კონცეპტუალური გარღვევის არსებობაზე მიგვანიშნებდეს. დრო დაგვანახებს, რამდენად სწორია ეს ვარაუდი. ამიტომ ამჯერად მის დასაბუთებას არ ვეცდები – მხოლოდ იმაზე მოგახსენებთ, რას ეფუძნება ეს შთაბეჭდილება, და კითხვას ასე დავსვამ: რა პოლიტიკური გეგმა შეიძლება იმალებოდეს ზოგადი სიტყვების უკან?
თავიდანვე ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები მათ, ვინც ამ გამოსვლაში დიდი სახელმწიფოების გავლენის არმცნობი, საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებლად მოთამაშე, საქართველოს ზურგის გასამაგრებლად გაერთიანებული კავკასიის იდეა დაინახა. აღწერილი სახით ეს იდეა იმდენად მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას, რომ გაერო-ს ტრიბუნიდან სააკაშვილის ”კვალიფიკაციისა” და ”ბექგრაუნდის” პოლიტიკოსი ასეთ რამეზე არ ისაუბრებდა.
ვფიქრობ, საუბარი სხვა რამეზეა – კერძოდ, კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების ახალ არქიტექტურაზე.
მინიშნებებისანამ ასეთი არქიტექტურის სავარაუდო კონტურებს მოვხაზავთ, პრეზიდენტის სიტყვის რამდენიმე მომენტს შეგახსენებთ (მუქად გამოყოფა ჩემია):
არასდროს არ არის გვიან, რომ დაამარცხო ცუდი პოლიტიკა.
ჩემი მეორე მოწოდება მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობისადმი: თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ.
თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა...
სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება.
...მსურს ვიხილოთ რუსეთი როგორც პარტნიორი... აი, ამიტომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს აშშ-ის გადატვირთვის პოლიტიკასა და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას.
იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ, ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში.
რეფორმების ფარულად გადაღებისა და შურის ნაცვლად, ჩვენთან უნდა ითანამშრომლონ, რათა სტაბილური და თავისუფალი ზონა ავაშენოთ.
დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა.
ყველას აინტერესებს სტრატეგიული რეგიონი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი უფრო სტაბილური, წარმატებული და გახსნილი იხილოს.
ჩვენი რეგიონი ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, თუკი ის არ იქნება ერთიანი.
ჩვენ ლიდერებმა ამ ხალხის თანაცხოვრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ და გეოპოლიტიკურ მოვლენად გარდავქმნათ.
ჩვენი ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და კიდევ ერთხელ, არ ვაპირებთ არანაირი საზღვრების შეცვლას.”თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ”, – მეორე პირის ასეთი გამოყენება წმინდა ამერიკული სტილია. ტექტსტის სავარაუდო [თანა]ავტორობაზე სხვა სტილისტური მინიშნებებიც არსებობს. თუმცა, მთავარი, ცხადია, შინაარსობრივი მხარეა.
რა ხდება?როგორც ჩანს, რუსეთს ასეთ ფორმულას სთავაზობენ: ”რაც უფრო მეტს დათმობთ, მით უფრო მეტს მიიღებთ”. ამ შემთხევაში საქმე ეხება კავკასიას, იმ კონტროლის დონეს, რომელიც მოსკოვმა უნდა დათმოს, და იმ სტაბილურობის ხარისხს, რომელსაც სანაცვლოდ მიიღებს. ცხადია, ზუსტი თანაფარდობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია – მთავარია სამოქმედო პრინციპი.
იდეა იმაშია, რომ რუსეთს ისეთი სიტუაციის უპირატესობები დაანახონ, სადაც ყველა მხარე მოგებულია (win-win strategy). რეგიონში მისი ინტერესების გათვალისწინება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ეს ვერ მოხდება ნდობის აღდგენის გარეშე. ამის უმთავრესი წინაპირობა დღეს საქართველოს დეოკუპაციაა – აქ ჩვენი ეროვნულ-პატრიოტული და დასავლეთის წმინდა პრაგმატული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
რუსებს ეუბნებიან (კართან მდგარი პოლიციელის ან ავარიული სამსახურის მაშველის ინტონაციით): ”შეგვიშვით შიგნით (კავკასიაში), იმისთვის, რომ ერთ დღეს თქვენ თვითონ არ დარჩეთ გარეთ”.
ასეთი მიდგომა მხოლოდ კავკასიის რეგიონთან მიმართებაშია სიახლე, თორემ არცთუ შორეულ წარსულში მას ერთი გაცილებით უფრო მასშტაბური პრეცედენტი აქვს:
წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ოცი წლის წინ აღმოსავლეთი ევროპის მიმართ დასავლეთს არავითარი ინტერესი რომ არ გამოეჩინა, და მოვლენები დინებაზე მიეშვა. შესაძლოა, დღემდე მოგვიწევდა იმის ყურება, როგორ ცდილობს მოსკოვი საკუთარი გავლენის შენარჩუნებას რეგიონში, რომლის ხალხებს მისი დიქტატის ქვეშ ცხოვრება აღარ სურთ, მაგრამ ძირეულად ვერაფერს ცვლიან. სცენარების სპექტრზე წარმოდგენას გვაძლევს ერთი მხრივ, 1980-იანების პოლონეთი, მეორე მხრივ, იუგოსლავიის კატასტროფა (ის არცერთ ბლოკს არ ეკუთვნოდა და “ხელიდან ხელში” ვერ გადავიდა).
რეალური ისტორია ვიცით: რუსეთი იძულებული გახდა უზარმაზარ გავლენის სფეროს შელეოდა – სამაგიეროდ, სტაბილური, თავისუფალი, ეკონომიკურად წინ წასული სამეზობლო მიიღო, რითაც ახლა თვითონაც ხეირობს.
იგივე ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში კავკასიაშიც. იმ განსხვავებით, რომ ეს გაცილებით უფრო პატარა რეგიონია, აღმოსავლეთ ევროპასთან შედარებით ჩამორჩენილი პოლიტიკური კულტურითა და ეკონომიკით, მისი ნაწილი რუსეთის საზღვრებშია მოქცეული, მთელი რუკა კი კონფლიქტებისა და ოკუპაციის ზონებითაა აჭრელებული.
თავის დროზე კავკასიას სწორედ მისი პერიფერიულობისა და პრობლემების გამო არ მიექცა სათანადო ყურადღება. დღეს ეს მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება.
რუსეთი აქ საკუთარი უსაფრთხოებისთვის უმთავრეს პრობლემას ხედვას. კავკასიაში მარცხის შემთხვევაში ფედერაციას დაშლა ემუქრება – ”მწვანე რკალი” შესაძლოა ვოლგა-ურალის რესპუბლიკებისკენ გადაიჭიმოს, რუსეთის ევროპული ნაწილი მოწყდება ციმბირს, და პირდაპირ შეხებაში მოვა ცენტრალური აზიის ”პანდორას ყუთთან”. ალბათ, ევროპაც ენთუზიაზმის გარეშე შეხვდება რუსული ”ბუფერის” ამ დონემდე დასუსტებას.
რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების სათავეც ესაა. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობა და სამხრეთის ფლანგის ”მოშიშვლებაა”. რუსეთის სატელიტის მდგომარეობა საქართველოსთვის მიუღებელია, მოკავშირეობა – სახიფათო, ხოლო ”პარტნიორობა” (სიტყვა, რომლის უკან თვითკმარი ძალა იგულისხმება) – ძნელად მისაღწევი. რუსეთის მხრიდან რისხვა და უნდობლობაც აქედან მოდის. მსგავსი პრობლემების დაძლევა ორმხრივ საფუძველზე თითქმის წარმოუდგენელია – ეს მხოლოდ ისეთი სისტემის ფარგლებშია შესაძლებელი, რომელიც მის მონაწილეებს შორის (მიუხედავად მათი ზომისა) კონფლიქტებს გამორიცხავს.
იმან, რომ რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ და საფრთხედ ნატოს ასახელებს, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. რუსეთის ხელისუფლება ჩვეულებრივი შანტაჟისტივით იქცევა. შანტაჟის ობიექტი ყოველთვის მდიდარი, ძლიერი, გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე მხარეა. საქართველოს ოკუპაციაც შანტაჟის ელემენტია – კიდევ ერთი მიზეზი დასავლეთისთვის, რომ მას არასდროს შეეგუოს.
თუმცა, ყველაზე ლიბერალური რუსეთიც არ ისურვებს ისე წასვლას, რომ რეგიონი, რომელიც გეოგრაფიულად მის მეზობლად რჩება, ქაოსმა მოიცვას.
გამოსავალი: რუსეთისთვის უნდა გაივლოს მკაფიო ”წითელი ხაზები”, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია, და ამავე დროს მან უნდა მიიღოს გარკევული გარანტიები, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება მის საწინააღმდეგოდ არ შეტრილდება. ამ გზით რუსეთის დაყოლიება გაცილებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მის ინტერესებსა და პატივმოყვარეობაზე ფრონტალური შეტევით.
ევრო-ამერიკული პომპეზურობით ორგანიზებული პოლიტიკურ-დიპლომატიური პროცესის ფარგლებში კრემლს ჯარების გაყვანაც, და ოდესღაც ”აღიარებული” ტერიტორიების სტატუსის ”ევოლუციაზე” საუბარიც გაუადვილდება. ასე რომ, მაინც და მიანც საქართველოს წინაშე კაპიტულაციასა და დარცხვენილი სახეებით აღიარების გაუქმებას ნუ ველით. მთავარია ფაქტიური შედეგი – დეოკუპაცია და რეინტეგრაცია.
შესაბამისი ინიციატივების განხილვის წინაპირობები შესაძლოა უკვე რუსეთის 2011-2012 წლების საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში მომწიფდეს, თუკი კრემლში, ხელისუფლების ავტომატური გადაცემის მაგივრად, მოულოდნელად სხვა ინტრიგა გათამაშდება, სადაც ერთ-ერთ მხარეს დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა დასჭირდება. ასევე, სწორედ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრადიციულად ახსენდებათ კავკასია, და ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის ეფექტურობის ჩვენება სურთ ხოლმე. სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის სიახლოვე რუსეთისთვის სამხედრო ავაინტიურას ზედმეტად სარისკოს ხდის, მაშინ როდესაც დიპლომატიური გარღვევა პირიქით, მის სასარგებლოდ იმუშავებდა.
რა თქმა უნდა, გარანტირებული აქ არაფერია, მხოლოდ შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება დასავლეთის დაინტერესებას, კავკასია აღარ არის მისი პასუხისმგებლობის ზონის ”გარეთ”, შორეულ პერიფერიაზე. ის დასავლური ექსპანსიის ცენტრალურ აზიაში ღრმად შეჭრილი ვექტორის ზურგში აღმოჩნდა. თანაც, თუ ოცი წლის წინ კავკასიის შიგნით დასავლეთს დასაყრდები არ ჰქონდა, დღეს საქართველოს სახით ასეთი არსებობს.
საქართველო საკუთარ თავზე ვერ აიღებს მთელ რეგიონზე პასუხისმგებლობას - ამისთვის სათანადო დემოგრაფიული, ეკონომიკური, სამხედრო რესურსები არ გააჩნია. მაგრამ მას აქვს რეგიონში ყველაზე ხანგძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, მოდერნიზირებული სახელმწიფო აპარატი, გამოკვეთილი პოლიტიკური ორიენტაცია, საკვანძო ადგილმდებარეობა და ა.შ. ამიტომ საქართველოს ინტერესების გათვალისწინების (კიდევ ერთი მინიშნება დეოკუპაციის აუცილებლობაზე) და აქტიური მონაწილეობის გარეშე კავკასიაში ვერანაირი გეოპოლიტიკური პროექტი ვერ განხორციელდება.
”საპროექტო დავალება”არის სამი ფაქტორი, რომელიც კავკასიის მთელი ისტორიის მანძილზე მოქმედებს:
1. ის მძლავრი გარეშე ძალების გეოსტრატეგიული კონკურენციის ობიექტია. მათი შეთანხმების გარეშე არაცერთი ადგილობრივი კონფლიქტი ბოლომდე არ მოგვარდება.
2. რეგიონი უაღრესად ფრაგმენტირებულია (როგორც საზღვრების, ისე პოლიტიკური, რელიგიური, ეთნოკულტურული თვალსაზრისით).
3. კავკასიის შიგნით არ არსებობს ძალა, რომელიც მთელ რეგიონს ერთიანი მმართველობის ქვეშ მოაქცევდა, მოაწესრიგებდა და დაიცავდა.
ამ ფაქტორებისთვის თვალის არიდება არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს მათთან შეგუებას. უბრალოდ, მოსაძნებია ისეთი მოდელი, რომელიც მათი ურთიერთქმედების ლოგიკას მთლიანად შეცვლის:
დიდი სახელმწიფოების კონკურენციის მაგივრად მათ თანამშრომლობას დაეფუძნება, ხოლო რეგიონის მრავალფეროვნებას გათიშულობის მიზეზიდან შინაგანი წონასწორობის ფაქტორად აქცევს.ამისთვის აუცილებელია, რომ ახალი სისტემა:
1. აღიარებდეს და სამართლებრივ გაფორმებას აძლევდეს დასავლეთის ჩართულობას კავკასიის საქმეებში – კავკასიონის ორივე მხარეს(!) (ანუ, ”აცემენტებდეს” დასავლეთის ეფექტურ კონტროლს რეგიონის განვითარებაზე).
2. შეიცავდეს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების ინსტიტუციონალურ მექანიზმს;
3. მისი რეალური შესაძლებლობების შესაფერის პოლიტიკურ როლს უნარჩუნებდეს და შესაბამის ვალდებულებს აკისრებდეს რუსეთს – მაგ., დასავლეთთან ”პრივილეგირებული” პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მისი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების საშუალებით. ამასთან, სამხრეთ კავკასიაში უნდა აიკრძალოს უცხოური სამხედრო ბაზების არსებობა – რაც გულისხმობს რუსების გასვლას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ (რაღაც ეტაპზე) სომხეთიდანაც.
4. სრულად ითვალისწინებდეს სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსს, ისევე როგორც კავკასიონის ორივე მხარეს მცხოვრები სხვა ხალხების სწრაფვას თვითმმართველობის ხარისხის გაფართოვებისკენ.
5. საფრთხეს არ უქმნიდეს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს. ამავე დროს, ერთხელ და სამუდუმოდ გამორიცხავდეს კავკასიაში გამყოფი ხაზებისა და ჩაკეტილი საზღვრების წარმოქმნას.
რა სისტემას შეუძლია ასეთი წინააღმდეგობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება?
ასიმეტრიული გაერთიანებასაუბარი შეიძლება იყოს ევროკავშირის მსგავს გაერთიანებაზე (ადაპტირებული სახით), რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებით:
ევროკავშირს დასაბამი მიეცა კონტინენტის შიგნით – საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობების მოგვარებით. კავკასიაში პარიტეტისთვის აუცილებელია მსგავსი (არა ფორმით, არამედ პოლიტიკური დანიშნულებით) შეთანხმება შედგეს რუსეთსა და ”გარე” მოთამაშეებს შორის (აშშ და ევროკავშირი).
ევროკავშირში სუვერენული სახელმწიფოები შედიან. კავკასიის გაერთიანება უნდა ფუნქციონირებდეს ორ დონეზე – ანუ, მაგ., უსაფრთხოების საკითხებს მხოლოდ სუვერნული სახელმწიფოები განიხილავენ, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებისა ან გარემოს დაცვის საკითხებზე მათთან ერთად სუბნაციონალურმა ერთუელებმა შეიძლება იმსჯელონ.
არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ რაიმე ფედერაციაზე ან კონფედერაციაზე, ან თუნდაც სუვერენულ სახელმწიფოებზე ”ზემდგომ” კავშირზე – მხოლოდ და მხლოდ ევროკავშირის მაგვარ სუპრანაციონალურ (სუვერენიტეტის ”პარალელურ”) გაერთიანებაზე. თუმცა, მისი შინაგანი მოწყობის მხრივ გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ესპანეთის ”ასიმეტრიული ფედერაციის” პრინციპთან:
სუვერენული სახელმწიფოების კომპეტენცია გაემიჯნება დანარჩენებს, მაგრამ ამ დანარჩნებში დასაშვებია გარკვეული გრადაცია: წინასწარ გაწერილი კომპეტენციების ”მენიუდან” თითოეული ავტონომია თვითონ აირჩევს იმ ჩამონათვალს, რომელსაც გაუმკლავდება – არა მხოლოდ უფლებების, არამედ თანმდევი ვალდებულებებისა და ხარჯების გათვალისწინებით. თუკი რომელიმე მათგანი (მაგ., ჩეჩნეთი) დროთა განმავლობაში სუვერენული სახელმწიფოს სტატუსში გადავა, ეს არსებითად არ შეცვლის ერთიან სისტემას. თუმცა ასეთი გადასვლა მხოლოდ დემოკრატიული პროცედურის მეშვეობით, ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობით იქნება შესაძლებელი. უნდა არსებობდეს როგორც ”პატარების” ”დიდებისგან” დაცვის, ისე სისტემიდან ”ამოხტომის” მცდლობების აღკვეთის მექანიზმები.
პრაგმატიზმის მანიფესტიბედის ირონია და, ამავე დროს, უდიდესი პოლიტიკური პრაგმატიზმია იმაში, რომ რუსეთის გეოპოლტიკის ”ევროპული” ტრანსფორმაცია არა, ვთქვათ, პეტერბურგით ან კენიგსბერგით, არამედ ყველაზე პრობლემატური რეგიონით – ჩრდილოეთ კავკასიით უნდა დაიწყოს.
კავკასიის პოლიტიკური მოდერნიზაცია მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ეს რეგიონი რუსეთს გამოეთიშება. ამ შემთხვევაში ის თვითონაც უფრო მომზადებული შეხვდება მომავალს, რუსეთიც უფრო იოალად შეელევა (რაკი დესატაბილიზაციის საფრთხეს აღარ იგრძნობს), და სხვებსაც ნაკლები პრობლემები შეექმნებათ. რუსეთის ცალმხრივი ღონისძიებებით ეს არ მოხდება, ამიტომ აუცილებელი რუსეთის დარწმუნება, რომ მისთვისაც მომგებიანია ამ პროცესში დასავლეთთან თანამშრომლობა.
დღესდღეობით საქართველოსთვის სახიფათოა როგორც რუსეთთან მჭიდრო შეხება, ისე ის, რამაც ჩვენს საზღვრებთან რუსეთი შეიძლება შეცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი საფრთხეების არსებობა XXI საუკუნეში ცივილიზებული ქვეყნისთვის მიუღებელია – აუცილებელია ამ ფლანგზე ურთიერთობის დალაგება.
ვფიქრობ, ამისთვის რუსეთიც და ჩრდ. კავკასიაც საქართველოსთან ურთიერთობების ისეთ სისტემაში უნდა მოექცეს, რომელზეც მათი შიდაპოლიტიკური ამბები და ერთმანეთში დამოკიდებულება ნაკლებად აისახება. მარტივად რომ ვთქვათ: რუსეთისგან გამოყოფის შემთხვევაშიც ჩრდ. კავკასია ვაკუუმში არ უნდა აღმოჩნდეს, იგივე სისტემაში უნდა დარჩეს.
ასეთ სისტემას რუსეთთან ან მის ავტონომიებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვერ ავაგებთ. ამიტომ გვჭირდება დასავლეთის მონაწილეობა, უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სივრცის შექმნა.
***
ეს არის პრეზიდენტის გამოსვლიდან ამოკრეფილი ნაწყვეტების შესაძლებელი ინტერპრეტაცია. არ ვამტკიცებ, რომ ეს ერთადერთი სწორი წაკითხვაა – მხოლოდ ერთ-ერთი ვერსია. შესაძლოა, არანაირი გეგმის მონახაზი ამ წერილის გარდა არც არსად არსებობდეს.
რაც შეეხება გამოსვლის დამასრულებელ ნაწილს, აქ ძირითადი ადრესატი თვითონ კავკასიაა, და არა რუსეთი. კავკასია, რომელიც უნდა გამოფხიზლდეს, ჩამოყალიბდეს. დღეს მას არანაირი პოლიტიკური სუბიექტურობა არ გააჩნია. ვერც კორუმპირებული ბიუროკრატია, და ვერც მილიტანტური იატაკქვეშეთი ხალხის სახელით ვერ ისაუბრებს. მხოლოდ ეროვნულ (სეკულარულ, დემოკრატიულ) ნიადაგზე მდგომი სამოქალაქო საზოგადოება შესძლებს საკუთარი ხმა გარე სამყაროს გააგონოს, შეიძინოს მოკავშირეები, მისცეს დასავლეთს სერიოზული საბაბი რუსეთთან ჩრდ. კავკასიის პრობლმებზე დიალოგისთვის.
საქართველოს ამ პროცესში შეუძლია ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს – ოღონდ არა დიდ სახელმწიფოებს, არამედ რეგიონში არსებულ ტრადიციონალისტურ ინერციასა და განვითარებისკენ ბუნებრივ სწრაფვას შორის.