ექიმები ცოცხალი ბავშვის გაკვეთას გვთავაზობდნენ
Monday, 11 October 2010 10:28 მარიტა დამენია
საპატრიარქოს სამშობიაროს ექიმებს, პატარა ნინო ბუთხუზის ოჯახის წევრები სკანდალურ ბრალდებას უყენებენ. მათი თქმით, ექიმებმა, დაუდევრობის გამო, ჩვილი მკვდრად გამოაცხადეს და მშობლებს მიზეზის დასადგენად მისი გაკვეთა შესთავაზეს.
პატარა გარდაუვალ სიკვდილს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩა, თუმცა მომხდარმა მის ჯანმრთელობას დაღი სამუდამოდ დაასვა.
ლალი ბუთხუზი, ბავშვის ბებია: „მშობიარობისას ბავშვი მოტრიალდა. რადგან ჯდომით იყო, აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთა, თუმცა ოპერაციაზე ანესთეზიოლოგს დააგვიანდა. ისეთი დაძაბული ვიყავი, ზუსტი დროის თქმა გამიჭირდება, თუმცა საკმაოდ დაიგვიანა. საკეისრო კვეთიდან ორმოცი წუთის შემდეგ ვიღაც გამოვიდა და მითხრა, ბავშვი დაიღუპაო, მიზეზად კი გულის მანკი დამისახელა. მაშინვე ვუთხარი, რომ ბავშვი მათი დაუდევრობით დაიღუპა, რადგან დროულად ვერ ამოიყვანეს, თუმცა არ დამეთანხმა. შემომთავაზა, გავკვეთოთ და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გავიგოთო. კიდევ კარგი, გაკვეთაზე უარი ვუთხარი. საათ-ნახევარი საოპერაციო ბლოკში ბავშვი უპატრონოდ იყო, ერთი საათის შემდეგ პროზექტურაში ჩაჰყავდათ. ჩვენ ჩასასვენებლის დასამზადებლად მივდიოდით, მაგრამ ჩემმა შვილმა, ბავშვის მამამ, აიჩემა, ჩემი შვილი უნდა ვნახოო. ვუშლიდი, ვფიქრობდი, ეს მთელი ცხოვრება მწარედ დაამახსოვრდებოდა. საოცრად ბინძურ ადიალაში ჰყავდათ გახვეული. რომ გადახსნეს, ანგელოზს ჰგავდა, ისეთი ლამაზი იყო. მამამისმა ფეხზე ხელი მოჰკიდა და იტირა, ამ დროს ბავშვმა პირი გააღო. ჩემი შვილი აყვირდა, ცოცხალიაო. ექიმებმა პირი მოუკუმეს, ბავშვმა ისევ გააღო და ისევ დაუხურეს. ეტყობა, ამოსუნთქვა უნდოდა მაგ საცოდავს. მამამისს უკვე ვეღარ ვაკავებდი, ყველას უმტკიცებდა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო. ექიმები მაინც ამბობდნენ, რომ ბავშვს, უბრალოდ, ჰაერი ჰქონდა ფილტვებში და სანამ არ დაეცლებოდა, ასე იქნებოდა. რადგან ყველა ამბობდა, რომ მკვდარი იყო, ჩვენც დავიჯერეთ და ქვევით ჩავედით. ვბჭობდით, სად დაგვეკრძალა. ცოტა ხნის შემდეგ ზევით რძლის სანახავად ავედი და ექიმმა მითხრა, რაღაც უნდა გითხრა და ყვირილი არ დაიწყოო. მეგონა, ჩემს რძალსაც რამე დაემართა. სასწაული მოხდა და ბავშვი გაცოცხლდაო. სიხარულისგან ხუთ კიბეს ვახტებოდი, რომ ჩემებისთვის ეს ამბავი მიმეხარებინა, ვიღაცამ კი მომაძახა: ბავშვი რომ ამდენ ხანს უჟანგბადოდ იყო, ტვინს რა დაემართებოდაო. იქიდან პირდაპირ ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანეს რეანიმობილით“.
ექიმებმა მომხდარი მარტივად ახსნეს, სასწაული მოხდა და ბავშვი გაცოცხლდაო და ნინო დაარქვეს, თუმცა ოჯახის წევრებს ასეთი სასწაულის არ სჯერათ, განსაკუთრებით კი ის აშფოთებთ, რომ ექიმებმა კინაღამ ცოცხალი ბავშვის გაკვეთაზე დაითანხმეს.
„ბავშვი ცოცხალი ყოფილა და ვერ შენიშნეს, თორემ როდის იყო, მკვდარი ცოცხლდებოდა? თან ამდენი ხნის შემდეგ. ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს, მე სამშობიარო ბლოკთან ვიდექი და ბავშვის კნავილის ხმა გავიგონე. წარმოგიდგენიათ? ცოცხალი ბავშვის გაჭრას მთავაზობდნენ. შემდეგ რეანიმობილის ექიმებმა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს ბავშვი. მთელი ღამე ჟვანიაში ბავშვთან გავატარეთ, მეორე დილით ადრე ჩემი რძლის სანახავად მივედი. იმას სეფსისი დაეწყო და ღუდუშაურში გადავიყვანეთ. ბავშვი მთელი ორი თვე საავადმყოფოში იწვა“.
მომხდარი პატარა ნინოს ცხოვრებაზე ძალიან უარყოფითად აისახა. ახლა იმ ასაკშია, როცა უკვე სიარულს უნდა იწყებდეს, ის კი ჯერ ჯდომასა და თავის დაჭერასაც ვერ ახერხებს, ხშირი კრუნჩხვები კი მის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
„არაფერზე რეაქცია არ აქვს, თვალს არ გვაყოლებს, არ ტირის, ხმაურზე, საჭმელზე არ რეაგირებს, დევს, ფაქტობრივად. არასდროს წოვის რეფლექსი არ ჰქონია, საკვებს ვუბლენდერებთ და კოვზით ვაძლევთ. უბრალოდ, ყლაპავს. თვალის ფსკერი კარგი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, უმნიშვნელოდ ხედავს. თან მომხდარმა ცერებრალური დამბლის უმძიმესი ფორმა დაუტოვა და ამას თან ერთვის ეპილეფსიაც. გლობალური ჩამორჩენა აქვს. მისი ტვინი უჟანგბადობით მნიშვნელოვნად დაზიანდა. ეპილეფსია რომ მოეხსნას სამ წლამდე, შეიძლება კიდევ რაღაც ეშველოს. მაგრამ აქ ეპილეფსიას ვერ უხსნიან, იტალიაში ყოფილა სარეაბილიტაციო ცენტრი. თუმცა ჩვენ ბავშვის იქ გაგზავნის საშუალება არ გვაქვს. მე სპეციალურად ვიყავი მისული საპატრიარქოს სამშობიაროს დირექტორთან, ვეფხია ოდიშარიასთან, და ვთხოვე, რადგან ბავშვს მათთან დაემართა ასეთი რამ, მათვე ეზრუნათ ბავშვის რეაბილიტაციაზე. პირველად რომ მივედი, კუთხეში მიმწყვდეულ დასჯილ ბავშვებს ჰგავდნენ. მეორედ რომ მივედი, ექიმმა, ვინც ამშობიარა, ვახტანგიშვილმა მითხრა: ნუ ნერვიულობ, კიდევ ეყოლებათ შვილიო. მესამედ რომ მივედი, თამამად განმიცხადეს, ნუ გვაწუხებო. ანგელოზივით არის და არ ვიცი, რა ეშველება. დღეში ზოგჯერ ოცჯერაც ემართება ეს კრუნჩხვა, იტირებს, დაიკლაკნება და თვითონ გამოდის. კრუნჩხვების გამო, ძალიან ძლიერ წამლებს ვასმევთ, ამიტომაც არა აქვს რეფლექსები. კრუნჩხვები რომ მოეხსნას, წამლებიც აღარ დასჭირდება და იქნებ გონებრივად ცოტათი მაინც განვითარდეს“.
მოკლედ, მძიმე სურათია, ჩვენ ვცადეთ, ამ ყველაფერზე ექიმებსაც გავსაუბრებოდით. ექიმ მანანა გოცირიძეს ვერ დავუკავშირდით, ხოლო მერი ვახტანგიშვილმა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ვეფხია ოდიშარია, საპატრიარქოს სამშობიაროს დირექტორი:
– პირადად ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჯანდაცვის კომისიას გაერკვია ეს საკითხი და ვინც დასასჯელი იყო, დასჯილიყო. ესენი ამას ამბობენ, ექიმები სხვას ამბობენ. მე კომისიიდან მომივიდა დასკვნა, რომ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ ჩემამდე არ მოსულა, ლიცენზია არავის შეჩერებია.
– ოჯახის წევრები მიყენებული ზარალის გამო, მიიჩნევენ, რომ სწორედ თქვენმა სამშობიარომ უნდა გაიღოს თანხა ბავშვის რეაბილიტაციისთვის.
– ისინი რას თვლიან, მათი ნებაა. არაერთხელ შევხვდი მათ და ჩემი თხოვნა იყო, რომ კომისიის დადგენილების მიხედვით გაკეთებულიყო ყველაფერი, კანონი არის უზენაესი.
– თუ კომისიამ დაადგინა, რომ ნამდვილად ექიმები არიან დამნაშავე, თქვენი სამშობიარო შეუწყობს ხელს ფინანსურად მის რეაბილიტაციას?
– სამშობიარო ყველაფერს ხელს უწყობს, თავისი შესაძლებლობის მიხედვით. მოგეხსენებათ, სამშობიარო საპატრიარქოსია. აქ ყველაზე დაბალი ფასებია, რადგან სოციალურად გაჭირვებული ხალხი მოდის. თუ ექიმის დანაშაული გამოიკვეთა, რასაც ზემდგომი ორგანოები გადაწყვეტენ, იმას გავაკეთებთ.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...adoeba&Itemid=3ღმერთო რა საყვარელი ბავშვია პატარა ანგელოზი, რა დააშავა რომ ამ ქვეყანაში დაიბადა!