
ხვალ, 14 ოქტომბერს არის მნიშვნელოვანი თარიღი: სვეტიცხოვლის განახლების 1000 და დაარსების 1700 წლისთავი.
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფებიან რუსეთის, პოლონეთის, სერბეთის, იერუსალიმის, რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, ასევე ორი მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი - ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი და ჩეხეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ქრისტეფორე.
სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ხვალ მცხეთაში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება.
9:00 საათიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ძველი დედაქალაქის სტუმრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.
მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხური რეწვის, კერამიკის, თექის, ფერწერისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლების, კლუბებისა და საჯარო სკოლების საშემოდგომო გამოფენები, სხვადასხვა წარმოდგენითი სანახაობები გაიმართება.
ბავშვებს საშუალება ექნებათ, საცირკო და ნიღბების თეატრის წარმოდგენებს დაესწრონ.
სახელმწიფო არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში წიგნის “მცხეთის ისტორიული გზამკვლევი” პრეზენტაცია მოეწყობა, ასევე ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
16:00 საათზე მცხეთის ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგემილი გრანდიოზული კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გასტანს.