akkai
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 43147
წევრი No.: 47018
რეგისტრ.: 16-November 07
|
#25448071 · 13 May 2011, 23:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტატიაში მოყვანილი ფაქტები თუ მართალია,უნდა აგოს თუ არა ბრალდებების ადრესატმა პასუხი:
"მაოხრებელი გზირი" - არალეგიტიმური ნოდარ ახალკაცი, უმცროსი
ქართულ ფეხბურთში ფულის ფლანგვა, განუკითხაობა და "ჩაწყობები" დღეს არ დაწყებულა, გაიხსენეთ 2007 წლის 13 მაისის ფეხბურთის ფედერაციის უნიკალური არჩევნები
ნოდარ ახალკაცმა ფეხბურთის ფედერაციას დანგრეული ფეხბურთი, გაჩანაგებული ფინანსები და 9 876 840 ლარი ვალი დაუტოვა
ჩაწყობილი თამაშების თემა დღეისათვის არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე აქტუალურია. სამართალდამცავებმა უკანონო გარიგებებში მონაწილე ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, ჩვეული მეთოდებით მოხდა დანაშაულის გახსნა და ინფორმაციის "შოუს" ფორმატში მიწოდება საზოგადოებისთვის. 2 მაისის ყველა საინფორმაციო გადაცემა ქართულ, და არა მარტო ქართულ, მედიასივრცეში სწორედ ხსენებული თემით დაიწყო. თემა გააგრძელეს ღამის ეთერის შოუებმა, ყველაზე საინტერესო კი "რუსთავი2"-ზე შეკრებილი საზოგადოება გახლდათ. დიმიტრი ობოლაძის გადაცემაში ქართული ფეხბურთის თითქმის ყველა წარმომადგენლის კომენტარი მოვისმინეთ, უკანონო გარიგებები და ჩაწყობილი თამაშები თითქმის ყველამ დაგმო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები საუბრობდნენ ისე, თითქოს ეს პირველი შემთხვევა ყოფილიყო და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე ქართულ ფეხბურთში უკანონო გარიგებები მხოლოდ დღეს ხდება.
გასაოცარია, რომ ჯოხის გადატეხვა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე ხდება, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ვიდეოში ვიხილეთ. საოცარია ასევე, რომ არავის გახსენებია ჩვენი ფეხბურთის უახლოესი წარსული, თურმე უკანონო გარიგება მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელის ქმედებაში გამოიხატება, თურმე ქართულ ფეხბურთს მხოლოდ როინ ონიანის მიერ აუტზე გადაგდებული ბურთი ანგრევს და ამ შემზარავ საქციელთან შედარებით, ნოდარ ახალკაცი უმცროსი ფრთიანი ანგელოზია. თუ "ვით-ჯორჯიას" ფეხბურთელი ბეჭვაია 20ათას ლარს აიღებს მაისურის გახდაში, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიას უთხრის ძირს და თუ ფეხბურთის ფედერაცია 300 ათას ევროს კრედიტს ისე იღებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერსაც ვერ გაარკვევენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
თურმე "ჟიგულის" მარკის ავტომობილში შემდგარი გარიგება იმაზე მეტად ულახავს ავტორიტეტს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარებული 2007 წლის 13 მაისის არჩევნები, როდესაც გიორგი ნემსაძემ 6 ხმით მოუგო არჩევნები ნოდარ ახალკაცს და ფედერაციის პრეზიდენტი მაინც ნოდარ ახალკაცი გახდა. სანამ გიორგი ბეჭვაიას და როინ ონიანს ქართული ფეხბურთი საბოლოოდ `დაუნგრევიათ~, ნოდარ ახალკაცის "საგმირო საქმეები" გავიხსენოთ. ნოდარ ახალკაცი-უმცროსი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზარ-ზეიმით დანიშნეს (და არა აირჩიეს), მან, პრაქტიკულად, პირველივე განცხადებაში აღნიშნა, რომ ძველი ფედერაცია არაფერს აკეთებდა და მხოლოდ ფულის კეთებაზე იყო გადასული. ახალკაცს ფედერაციის ძველმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ არ უპასუხა, მაგრამ როცა უმცროსმა ახალკაცმა ეს კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, ჟორდანიამაც ხმამაღლა თქვა - იმას რატომ არავინ ამბობს, რომ მე ფედერაცია მილიონ-ნახევრიანი ვალით გადავიბარე, ახალმა პრეზიდენტმა კი წელში გამართული ფედერაცია ჩაიბარა, სტრუქტურა, რომელსაც ვალი არ ჰქონიაო. ჟორდანიამდე ფედერაციის პრეზიდენტი უფროსი ნოდარ ახალკაცი იყო... უმცროსი ნოდარ ახალკაცის "მოღვაწეობის" დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის ვალი 9 876 840 ლარს შეადგენდა. ნოდარ ახალკაცის შემდეგ გაპრეზიდენტებულმა ზვიად სიჭინავამ პირველი, რაც გააკეთა, მისი წინამორბედის ფინანსური საქმიანობის აუდიტი ჩაატარა. ანუ გაირკვა თანხა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ 2005-2009 წლებში დახარჯა და კონკრეტულად რამდენი ვალი დარჩა ამ პერიოდის შემდეგ. 2005-2009 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 55 924 408 ლარი დახარჯა, 2006 წელს ფედერაციამ სახელმწიფოსგან მიიღო 3 400 000 ლარი, 2007 წელს 1 800 000 ლარი, 2008 წელს 5 600 000 ლარი და 2009 წელს 5 225 000 ლარი.
სულ სახელმწიფოსგან ფედერაციას მიღებული აქვს 16 025 ათასი ლარი. დანარჩენ თანხებს ფეხბურთის ფედერაცია იღებდა ფიფასგან და უეფასგან. სატელევიზიო უფლებების გაცემით, სპონსორებით, სანაკრებო თამაშებით. აუდიტის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ნოდარ ახალკაცის წასვლის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას ბანკში ჩადებული ჰქონდა ფედერაციის შენობა და 2 მილიონი დოლარის გადახდის შემთხვევაში, შენობა უკან დაბრუნდებოდა. გარდა ამისა, ბანკში იყო ჩადებული ეროვნული სტადიონის 5% წილი, რომელიც ფედერაციას ეკუთვნის.
საინტერესო ისტორია დაფიქსირდა "ტაობანკიდან" მორიგი სესხის აღების დროს. 300 ათასი ევროს კრედიტი ფეხბურთის ფედერაციამ ისე აიღო, რომ ვინ მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას ხელი ფედერაციის მხრიდან, დღესაც გაურკვეველია. ასევე გაურკვეველია, რაში დაიხარჯა ეს ფული. გარკვეული მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციას, ამ თანხის მომსახურება 150 ათას ევროზე მეტი დაუჯდა. 2010 წლის ბოლოს სწორედ ამ ვალდებულების გამო ბანკმა ფედერაციას ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღა.
ყველაზე საინტერესო ერთი გარემოებაა - ზვიად სიჭინავა, რომელიც ორშაბათს საღამოს ონიანს და ბეჭვაიას რამდენიმე ათასი ლარის აღების გამო ლამის დედას აგინებდა, რამდენიმე თვის წინ ნოდარ ახალკაცის საქმიანობის შეფასებისას, ასეთ კომენტარს აკეთებდა, - "რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა დაისაჯოს ამ ვალების გამო. ვფიქრობ, რომ ეს არ არის იურიდიული პასუხისმგებლობის საქმე. ეს არის არასწორი მენეჯმენტი და მართვა". თურმე, თუ ადამიანი მილიონებს არასწორად განკარგავს და საბიუჯეტო ორგანიზაციას აზარალებს, ეგ მენეჯმენტის პრობლემაა და თუ ბეჭვაია ბურთს არასწორად გადააგდებს აუტზე, ეს სამშობლოს ღალატია. სად არის დღეს ნოდარ ახალკაცი, არავინ იცის, მაგრამ ყველა კარგად ვხედავთ, რა უქნა მან ქართულ ფეხბურთს. მისი მოღვაწეობის პერიოდში მოწვეულ იქნა მსოფლიოს ორი ყველაზე ძვირადღირებული სპეციალისტი, რომლებსაც მილიონები გადაუხადეს, ამ დროს კი საქართველოს ეროვნული ზედიზედ ორჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ქვეჯგუფებში ბოლო ადგილზე. სწორედ ამ პერიოდში დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სარეკორდო, ზედიზედ 17 მატჩიანი მოუგებელი სერია.
მოკლედ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩვენს ფეხბურთში ასეთი საშინელი მდგომარეობა არ ყოფილა. გავიხსენოთ 2007 წლის 13 მაისი, რომელიც, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გავიხსენოთ არა იმიტომ, რომ ვინმეს ნიშნის მოგებით ვესაუბროთ, გავიხსენოთ იმიტომ, რომ დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ მაშინ ჩაეყარა იმ სიტუაციას საფუძველი, რომელსაც დღეს მწარედ ვაკრიტიკებთ. გავიხსენოთ ისიც, რომ დღეს ნოდარ ახალკაცი თავისუფალია და მხოლოდ მენეჯერულ უნარებს უწუნებენ. ეს არის კაცი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა, ამ დროს კი კონკრეტულ ფეხბურთელებს სამშობლოს მოღალატის იარლიყს აკერებენ. გავიხსენოთ, ის რომ ბეჭვავიამ ყვითელი ბარათი იმ ეპიზოდში მიიღო, როდესაც გოლი გაიტანა და მაისურის გახდით აღნიშნა, ბეჭვავია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს. საპირისპირო სიტუაცია იყო, ზუსტად 4 წლის წინ, 2007 წლის მაისში, ნოდარ ახალკაცმა არჩევნები პირწმინდად წააგო გიორგი ნემსაძესთან, თუმცა ის არ გაუშვეს. ის, რაც მოხდა "ქორთიარდ მერიოტში", ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი რგოლების არჩევის დროს, წარმოდგენის ყოველგვარ საზღვარს სცილდება. 2005 წელს, ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას დაკავების შემდეგ, საზოგადოებას წარუდგინეს გოკა გაბაშვილის მიგნება გერმანიაში - ნოდარ ახალკაცი-უმცროსი, რომლის ბობოლა ქომაგთა რიცხვს მალე დაემატნენ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და კახა ლომაია. ამ კვარტეტმა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე ბეჯითად გაუსუფთავეს პრეზიდენტის სავარძლისკენ მიმავალი გზა ქართული ფეხბურთის ახალ იმედს, - სხვა ყველა კანდიდატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა ახალკაცის სასარგებლოდ. მიზეზი გასაგებია. ორი წელიწადი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნოდარ ახალკაცის, როგორც სპორტული მოღვაწისა და ფუნქციონერის, სრული "ლუსტრირება" მომხდარიყო. გერმანიაში მივიწყებული კაცი უცებ საქართველოში ქერის ორმოში და საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საფეხბურთო საქმეები საქართველოში უკან-უკან წავიდა, მაგრამ ამ ქვეყანაში საქმე კი არა, ის ფასობს, რომ ყველგან ხელისუფლების კაცი იჯდეს. მაგრამ ფედერაციის არხეინ პრეზიდენტს, თავისივე საქციელის გამო, თანდათან მოუმრავლდნენ მეტოქეები და მოწინააღმდეგეები საკურატორო სფეროში. 2007 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სხვა ფრთამ, დავით კირკიტაძის მეთაურობით, სცადა ამ ტენდენციის გამოყენება ახალკაცის წინააღმდეგ. მაშინ კირკიტაძე ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი იყო, მთელი რეგიონალური განშტოებები მას ემორჩილებოდა და შესანიშნავად გამოიყენა კიდეც ეს მდგომარეობა: არ დაიზარა და რაიონებში დიდი სააგიტაციო და საორგანიზაციო სამუშაოები ჩაატარა გიორგი ნემსაძის სასარგებლოდ - უკვე კალენდარული ყრილობის წინ. ზემოაღნიშნული კვარტეტი კი (ბოკერია, ლომაია, უგულავა, გაბაშვილი) იმდენად ღრმად იყო დარწმუნებული თავიანთ უკიდეგანო ავტორიტეტში, რომ, ფაქტობრივად, თითი თითზე არ დაუკარებიათ ძველი პროტეჟის წინასწარი მხარდაჭერისთვის. თანაც, ყრილობაზე ნოდარ ახალკაცი ხუთქულიანი ფორით მივიდა - ფეხბურთის ფედერაცისთან არსებული, ასე ვთქვათ, ქვეფედერაციების (ფუტზალის, ქალთა ფეხბურთის, ვეტერანების და ა.შ.) ამდენივე ხმა გარანტირებული ჰქონდა. და მაინც, 2007 წლის 13 მაისს, ნოდარ ახალკაცი-უფროსის ტრიუმფის დღეს, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი სასტიკად დამარცხდა მთელი ექვსი ხმით. მაგრამ გიორგი ნემსაძის მხარდამჭერებს ბანკეტი ჩაუმწარდათ: იქვე გაიგეს, რომ ახალკაცის პროტექტორთა კვარტეტი ახალგამოღვიძებულ პრეზიდენტთან მივარდნილა და საჩივრების კორიანტელი დაუყენებია. მოკლედ, ბოკერიას ოთხეულმა შავბნელი სურათი დაუხატა საქართველოს პრეზიდენტს: რომ ნაციონალური ერთობა ირღვევა და ქვეყანა დიდ საფრთხეშია. მიხეილ სააკაშვილსაც მეტი რაღა უნდოდა, იქვე გამოსცა განკარგულებები და გიორგი ნემსაძის მხარდამჭერების უკან აღიმართა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას - ციხეების მაშინდელი უფროსის შავბნელი აჩრდილები (სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარას ვინღა ჩიოდა). გიორგი ნემსაძეს კი მომხრეებისთვის არაფერი უთქვამს, ისე წავიდა სახლში. მერე კი ყველაფერი წმინდა ნაციონალური ხაზით წარიმართა: კვლავ მოიწვიეს ყრილობა და ნოდარ ახალკაცი ურცხვად ისევ წამოჯდა ფედერაციის პრეზიდენტის სკამზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თუმცა პირველი ნამდვილი არჩევნების შემდეგ, თვითონაც მიულოცა გამარჯვება გიორგი ნემსაძეს. საერთოდ, პირველად, ასე ცალსახად და გადაჭრით, სწორედ მაშინ აგრძნობინა ხალხს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში აღარავითარი არჩევნები - არც სპორტში, სხვა ორგანიზაციებში თუ საქვეყნო - აღარ იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ ახალკაცს არ აკლდა სახელისუფლებო მხარდაჭერა და ფინანსური უზრუნველყოფა, მაგრამ პოსტზე ადამიანის ნაძალადევად გათრევის შემთხვევაში, შედეგი სწორედ ისეთია, რამაც გუშინ წინ მთელი საქართველო გააოგნა. ნოდარ ახალკაცმა ხუთი ბედნიერი წელი გაატარა ქართულ ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა კი ამდენივე უბედური წელიწადი მის ხელში. P.შ. მომიტევოს ნოდარ ახალკაცი-უფროსის სულმა. ამ დიდმა მწვრთნელმა გაანგრია რუსული კედელი და ევროპას ქართული გენია აჩვენა. მაგრამ, როგორც შვილები არ აგებენ პასუხს მამების შეცდომებზე, ისე შვილებისთვის მამების ღვაწლი ინდულგენცია არ არის. ვიდრე ნოდარ ახალკაცი, უმცროსის შეცდომები და მისი მმართველობისდროინდელი ფინანსური მაქინაციები საფუძვლიანად არ იქნება შესწავლილი, ქართული ფეხბურთის აღორძინება ისევ მითად და ზღაპრად დარჩება, ხოლო ელიტური კორუფცია კიდევ მრავალი წელი იქნება ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევების მთავარი თემა.
--------------------
ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია!
ძალიან მიყვარს ტყუილის მოსმენა, როდესაც ვიცი სიმართლე!
|