უკვე ორი წელია ამ ნიკით რამდენიმე ნაწარმოები დაიდო ურაკპარაკზე
http://urakparaki.com/?m=7&WUID=11796&sm=1აქვეყნებს, როგორც პროზას, ასევე დრამატურგიას და ლექსებს. პროზა მრავალფეროვანია, აშკარად გამოცდილი ავტორია, მაგრამ ვინ იმალება ამ ნიკის უკან მე არ ვიცი. არც იმდენად ახლოს ვიცნობ 21-საუკუნის მწერლობას რომ მივხდე ავტორის ვინაობას.
დარწმუნებული ვარ, ლიტერატურის ყველა მოყვარული აღმოაჩენს მისი მრავალრიცხოვან ნაწარმოებებში თავისთვის ახლობელს და საინტერესოს. პირად მე განსკუტრებით მომეწონა, მისი ორი მოთხრობა: ''პროვინციული ადიულტერის სურნელი'' და ''პადრე ლორენცოს „საიდუმლო მისია”''. ეს მეორე, რატომღაც მაგონებს ''ანტონიო და დავითს,'' მაგრამ მსგავსება მინიმალურია და უფრო ჩემი კრიტიკული გონის მონაგონია. აი, როგორ იწყება ''ადიულტერი''
''ტიტულარულ მრჩეველს, ევროპეული განმანათლებლური იდეების მოტრფიალეს, თავად იასე ქაიხოსროს-ძე გედევანოვს დაოჯახება ფრიად დაუგვიანდა. ამის მიზეზთა შორის, სწორედ მოგახსენოთ, სახელმწიფო სამსახურის უანგარო ერთგულებას ბოლო ალაგი არ ეჭირა. დამსახურებულ პენციაზე გასული, კარგა რიგიანი დანაზოგით გულმიცემული ყოფილი მოხელე გორის მაზრის სოფელ ყორნისში თავის მცირედ მამულს დაუბრუნდა, რომელიც მის მშობლებს კარგა ხანია ოხრად დაეგდოთ ბუნებითი მიზეზის გამოისობით. იმან ორიოდე მეზობელი გლეხის შეწევნით მორღვეული ქვის ყორე აღადგინა, ახალი ვაზი ჩაყარა და ოჯახის შექმნის თადარიგს შეუდგა.. "კეკლუცი და ცუნდრუკა გოგო მე არ შემეფერება,- ფიქრობდა ის, -უფრო დარბაისელი და დამჯდარი გუნებისა სჯობს, სახელიანი კაცის ქვრივსაც არაუშავს რა, ოღონდ ძველებურს, დაობებულს აზრებზე აღზრდილს კი ვერ შევიწყნარებ".
თითქო ჯიბრზეო, ისე მოეწყო, სწორედაც ლამაზი და ახალგაზრდა შეახვედრა ბედისწერამ. ქვიშხეთში, ფურცელაძეზე გათხოვილი დისა თუ ბედის ახირებით მისი თანამეცხედრე შეიქნა ქვიშხელი მღვდლის ყელბერაშვილის ქალი. ლიზიკო, მართალია არცთუ კეთილშობილი გვარისა, მაგრამ კეთილაღნაგი, დროის კვალობაზედ ერთობ განათლებული, (აქ კი გაუმართლა თავადს), ევროპეულ შეხედულებებს ნაზიარები,ყოფილი გიმნაზისტკა გახლდათ. ქალს მზითევში რუსულ პოლსაპოშკებთან, ნახევარ დუჟინ გოლანდიის თეთრეულთან, ქართულ დაქარგულ ბალიშებთან და ვენეციანურ სარკესთან ერთად "ქართული ღრამატიკა", "ვისრამიანი", ბარბარე ჯორჯაძის კერძების წიგნი და ფრანციულითგან გადმოღებული წიგნები მოჰყვა, რომელთა შორის იმყოფებოდნენ: "ახალი ელოიზა", "მანდილოსანი კამელიებით", "მანონისა და დეგრიეს ამბავი" და სხვანი.''
ვისაც არ წაგიკითხავთ, ისიამოვნეთ
http://urakparaki.com/?m=4&ID=61972