kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6817
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#22416043 · 8 Nov 2010, 12:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იაგო კაჭკაჭიშვილი - "ძალიან დიდი გზაა გასავლელი ლიბერალური ცნობიერების ჩამოყალიბებამდე... დემოკრატია თუ ლიბერალურ ღირებულებებს არ შეერწყა, შეიძლება ძალადობის წყაროდაც იქცეს"
"ვიტყოდი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აკლია როგორც დემოკრატიის, ისე, მით უფრო, ლიბერალური დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. დემოკრატიის ამოსავალი პრინციპი სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ "აქილევსის ქუსლად" რჩება. ლიბერალური დემოკრატიის არსი ის არის, რომ უპირატესობა ენიჭება არა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, არამედ ინდივიდებისა და ცალკეული ჯგუფების ინტერესებს. უფრო ზუსტად, უმრავლესობის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ ზომით მიიღება, რამდენადაც ისინი არ არღვევენ პიროვნების თავისუფლებას, რომელ უმცირესობასაც უნდა ეკუთვნოდეს ეს პიროვნება, ნებისმიერი ნიშნით", - აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გლობალიზაცია საფრთხე იმისთვის არის, ვინც თავის ფასი არ იცის / დემოკრატია, თუ ის ლიბერალურ ღირებულებებს არ შეერწყა, შეიძლება ძალადობის წყაროდაც კი იქცეს.
"დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენთან: მმართველი გუნდი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს იმას, რომ უმრავლესობაშია და გადაწყვეტილებებს ამ უპირატესობის გამოყენებით იღებს, რითაც ახდენს ალტერნატიული მოსაზრებების უგულებელყოფას, რაც, შესაძლოა, ფორმალურად კანონიერიც კი იყოს (ბოლო კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტმა ყველა წესის დაცვით მიიღო)... ბიზნესმენი ვერ რისკავს ოპოზიციურ ტელევიზიაში რეკლამის მიტანას, რადგან იცის, რომ მისი კერძო ინტერესები უმრავლესობის რისხვას შეეწირება; ფართობის მფლობელს ეშინია ის ოპოზიციურ პარტიას მიაქირაოს, რადგან აქაც უმრავლესობის აშკარა თუ ფარული ცენზურა მოქმედებს. ამდენად, დემოკრატია, თუ ის ლიბერალურ ღირებულებებს არ შეერწყა, შეიძლება ძალადობის წყაროდაც კი იქცეს - სხვათა შორის, ამას ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა ანტიკურ საბერძნეთში", - აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.
"თავი დავანებოთ ხელისუფლებას - თავად საზოგადოება მოქმედებს კოლექტიურ-იდეოლოგიური სტანდარტებით, რომელთათვისაც უცხოა ნებისმიერი განსხვავება და გადახვევა. ლიბერალური დემოკრატიის არსი მარტივად ასეც შეიძლება გამოითქვას: დასაშვები და მისაღებია ყველაფერი, რაც არ შეიცავს სოციალურ საშიშროებას, ანუ არ ემუქრება სხვის უსაფრთხოებას. ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი ასეთი ლიბერალური ცნობიერების ჩამოყალიბებამდე", - განმარტავს გამოცემის რესპონდენტი.
"ფაქტია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ქვეყანაში არსებული "ადამიანური განვითარების" მდგომარეობის შეფასება გაცილებით კომპლექსური და ადეკვატურია, ვიდრე ცალკეული მახასიათებლების (მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიიოლის) ჭრილში ქვეყნის რეიტინგი. არავინ დავობს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში ბიზნესის ლეგალურობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი სირთულეების მოხსნა. თუმცა, ბიზნესის დაწყების და გალეგალურების სიადვილე არავითარ შემთხვევაში არ არის მისი შენარჩუნების არათუ გარანტი, არამედ საკმარისი წინაპირობაც კი. ყველაზე დამაბრკოლებელი ისაა, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა არ არის პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისაგან დაცლილი. საქართველოში, ჩავარდნილი ბიზნესის გამო, ფრუსტრირებული ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წარმატებული ბიზნესმენებისა. და კიდევ: საქართველოში მასობრივი (ანუ წვრილი) ბიზნესი უკიდურესი სიღარიბისაგან თავის დაძვრენას უფრო ემსახურება, ვიდრე გამდიდრებას", - დასძენს სოციოლოგი.
"არავინ დავობს იმაზე, რომ ტურიზმი საქართველოში შემოსავლის ერთ-ერთი სერიოზული წყარო შეიძლება გახდეს. აქ სხვა რამეა საკითხავი: ტურისტული ინფრასტრუქტურის აწყობას და ამ ინფრასტრუქტურით უცხოელების პროვოცირებას ბევრი წელი დასჭირდება - პროცესი შედეგებს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს. მეორეც, აუცილებელია ტურიზმის სამიზნე ადგილების ფრთხილი და გააზრებული შერჩევა და შექმნა. კერძოდ, ტურისტულ ცენტრებად უნდა ვაქციოთ ის, რაც საქართველოს დანარჩენი ქვეყნებისგან განასხვავებს და არა ის, რაც მას სხვებთან ამსგავსებს. მაგალითად, ვერანაირად ვერ მოიზიდავ და განაცვიფრებ ევროპელს განახლებული სიღნაღით, რადგან ასეთი დიზაინის პატარა ქალაქს ევროპაში ასობით ნახავთ, იგივე ითქმის ბათუმზეც. ჯერჯერობით საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა ჰომოგენიზაციის ნიშნით უფრო ვითარდება, ვიდრე უნიკალურობაზე აქცენტირებით"- აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი და შეკითხვას - "საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქიმ განაცხადა, რომ აქ სპარსული ენის სპეციალისტები ჩამოვლენ. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დიპლომატიური მანევრირება, ალბათ, ძალიან კარგია, მაგრამ გაუძლებს კი ერი ამდენი ენის მასობრივ სწავლას?" - პასუხობს:
"საქართველოში სპარსული ენის შესწავლის პერსპექტივა არანაირად არ შეიძლება შეედაროს ინგლისურს. ირანული ენა ვერასოდეს გახდება მასობრივი შესწავლის საგანი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ირანელები საგარეო ურთიერთობებში, სხვადასხვა სფეროში, ინგლისურს იყენებენ. რამდენჯერმე შევხვედრივარ თეირანის უნივერსიტეტის პროფესორებს და მათ მშვენივრად იცოდნენ ინგლისური. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბიზნესის სფეროშიც. მეორე მხრივ, საქართველოში ყოველთვის გატაცებით ეუფლებოდნენ აღმოსავლურ ენებს, მათ შორის, ულამაზეს სპარსულ ენას".
|