თევზუკ, გინდა ჩვენმა და ზოგადად წყლის ნიშნებმა წავლეკოთ თემა?

კი ბატონო, მე თანახმა ვარ

______________
ტაკს.. გახლავართ მწერალი
პროზაიკოსი, თუმცა იშვიათად ლექსებსაც ვწერ

ვწერ რომანებს, მოთხრობებს, ნოველებს, მინიატურებს..
ბოლო ხანებია განვაახლე ხატვა, რომელიც 13 წლის ასაკში მივატოვე )
ჩემი აზრით, ასტროლოგიურად ეს აიხსნება იმით, რომ პირველ რიგში მყავს ხელოვანი მზე

ასევე ბევრი ცნობილი მწერალია დაბადებული მთვარე - მშვილდოსნით.
არ უნდა გამომრჩეს ის ფაქტი, რომ ვენერა ასევე თევზებშია და მარსი კუროს ანუ ვენერით მართულ ნიშანში მდებარეობს.
აქვე ხელს მიწყობს აქტიური მეხუთე სახლი, რომელიც კარგ პერფორმანსერობას მანიჭებს.
მერკური მერწყულში, რომელიც კრეატიულ და არაორდინალურ იდეებს მაწვდის.
და კიდევ აღსანიშნავია, რომ მზე, ვენერა და აღმ. კვანძი მყავს მესამე (ტყუპების) სახლში, რომელიც ინფოების წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ადამიანს ლიტერატურულ ნიჭს აძლევს )
მოკლედ რუკა მაქვს მწერლის რა

ეს ჩემი ავტოპორტრეტი ^^

და ეს კი ჩემი ერთ-ერთი მოთხრობა..
ციფერბლატიანი მარტოობა
ისე ძალიან მეხვეოდა თავბრუ, რომ ვერაფრით გავიხსენე რამდენი საათი იყო, რაც ამ გადაპრანჭულ რესტორანში ვიჯექი.
თავის მხრივ სრულებით არ მაღელვებდა ეს სიტუაცია, რადგან გონებით სულ სხვაგან გახლდით.
ჩემ წინ მჯდარი ენტონი, მალიმალ აპარებდა ჩემკენ მზერას და ამის შესანიღბად გაუთავებლად ლაპარაკობდა.
რა თქმა უნდა, მე არც კი ვუსმენდი მას.
საქმიანი შეხვედრები სასტიკად მღლიდა.
საათის ტარება არასოდეს მქონია ჩვევაში, ქვეცნობიერად დროის მარწუხებს გავურბოდი და თუმცა ეს ვერ გამომდიოდა, მაინც ჯიუტად ვაბრალებდი ყველაფერს ციფერბლატს.
ენტონი ცხარე კამათში ჩართულიყო თავით–ფეხებამდე და ისიც კი ვერ შენიშნა, რომ აგერ უკვე მესამედ დავამთქნარე მორიდებულად.
არადა ყველაფერს მერჩივნა ახლა ჩემს დივანზე წამოწოლილს ლისტისთვის მომესმინა.
გავიხდიდი ამ თავაზიანობას და დავტკბებოდი საკუთარი სიშიშვლით მარტოობაში.
ეს მეტად უცნაური ახირებაა, გიყვარდეს საკუთარი თავი მხოლოდ მაშინ, როცა მარტო ხარ. ვისაც არ გამოუცდია, შეუძლია ჩათვალოს რომ თავი არ ჰყვარებია.
არ არის ძნელი ვიღაცის გვერდით ან ვიღაცის გავლენით იყო კარგი, მთავარია მარტოობაში როგორ წარმოაჩენ თავს.
აი, მაგალითად, ჩემი და ენტონის ურთიერთობა თითქმის 2 წელია გრძელდება, თუმცა დღემდე ვერ გადამაჩვია ამ უცნაურ ახირებას.
გიკვირთ? თუ გინდა იყო ბედნიერი მამაკაცთან, მაშინ ნუ დაემსგავსები მას, რადგან მხოლოდ შინაური ცხოველები ემსგავსებიან პატრონებს.
ერთად ცხოვრება კი ის გარდაუვალი რუტინაა, რაც პარტნიორებს სახეცვლისკენ უბიძგებს.
ესეც რომ არა, რა ამატანინებს ყოველდღე ახალგაღვიძებულზე მის აბურძგნულ ფიზიონომიას!
არა, სიყვარული ეს მხოლოდ სიამოვნებაა და არა მსხვერპლშეწირვა.
ეს მხოლოდ ღმერთებს სჭირდებათ, სიყვარული კი უბრალოდ ადამიანური სისუსტეა.
ჩვენ ორის ურთიერთობაში, ენტონი ჩემზე სუსტია, ამიტომაც დღემდე მიმტკიცებს რომ მზად არის ჩემთან გადმოსაბარგებლად, რომ ჩემს გამო გაიღებს ასეთ მსხვერპლს.
მე კი ვერაფრით შევაგნებინე, რომ ღმერთი არ ვარ.
ყველაზე მეტს იდეალებს სთხოვენ, მე კი ჩემი მარტოობა მაქვს უცნაურ ახირებად.
შუაღამისას გალეწილი მთვრალი მომადგა სახლში. ეს იმდენად არ შეეფერებოდა მის ხასიათს, რომ უთქმელად შემოვუშვი.
ამღვრეული მზერა მოავლო ოთახს, არეული ნაბიჯით კაბინეტში შეაბიჯა და დივანზე წამოწვა.
თვალებზე ხელი გადაიფარა, იმდენად ღელავდა რომ სუნთქვის დროს მუცელი ებერებოდა რიტმულად.
სავარძელში ჩამოვჯექი და მის გონზე მოსვლას დაველოდე.
როცა სული მოითქვა, წამოჯდა და დაკვირვებით მომაჩერდა.
– რატომ მიყვარხარ?
იმდენად ღრმად ჟღერდა მისი ხმა, რომ კითხვის აბსურდულობა აღარ მიგრძვნია.
როცა კითხვა სიყვარულს ეხება, იქ ყველა პასუხი მხოლოდ ილუზიაა.
– იმიტომ რომ, შუა ღამისას ასეთი გალეწილი მთვრალი ამომადგე და უაზრო კითხვები დამისვა.
ვუთხარი ღიმილით. იმ მომენტში მას ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა, როცა პირველად მნახა და გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების ქალი.
(რა ბანალურია, ხომ?)
წამოდგა და ჩემ წინ ჩაიმუხლა.
– შენ.. შენ რატომ გიყვარვარ?
ისე ბავშვურად ჩამაჯინდა თვალებით, ცოტა დამაკლდა რომ გულიანად არ გამცინებოდა.
ნასვამი მამაკაცი ეს ყველაზე დაუცველი არსებაა.
– იმიტომ რომ, შენ ხარ ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც უმიზეზოდ ვუყვარვარ.
თვალმოუშორებლად ვუპასუხე და სავარძლიდან წამოდგომა ვცადე.
თითქოს ამის შიში ჰქონოდა ისე სწრაფად შემომხვია ხელები ფეხებზე და მიყუჩდა.
იმდენად სენტიმენტალური მეჩვენა ეს მომენტი, რომ გულის რევაც კი ვიგრძენი.
უმიზეზოდ მხოლოდ მაშინ უყვართ, როცა ილუზიის ტყვეები არიან.
რა ბანალურია იყო ვიღაცის ცხოვრების ქალი და თანაც უმიზეზოდ უყვარდე.
ალბათ მალე მომბეზრდებოდა ასეთი სიტუაცია, ენტონი სრულად რომ არ მერგებოდეს ხასიათებით და ყველა ჩემს ახირებას ოლიმპური სიმშვიდით არ ხვდებოდეს.
ძნელია გიყვარდეს ქალი, რომელსაც მარტოობა ჩვევაში აქვს.
გორგოლაჭებიან სავარძელში ისე უმწეოდ იჯდა, რომ ვერაფრით მოვახერხე თუნდაც ერთხელ გაღიმება, ასე მეგონა უფრო ეტკინებოდა ჩემი ღიმილი.
ჩაი გავუმზადე და კატაბალახას წვეთები გავურიე, ექიმის რეკომენდაციით, ეს საკმარისი იქნებოდა მის დასამშვიდებლად.
მთელი დღე ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მიყურებდა სევდიანად და მერე სიბრაზისგან მუჭავდა ხელებს. ეს იმდენად უმწეო ბრაზი იყო, რომ წუთით ვიფიქრე კიდეც, ნეტავ ახლა თავზე დამამხოს–მეთქი ყველაფერი.
მინდოდა დაცლილიყო, თუნდაც ჩემს თავზე.
სასაცილოა.. მე არ ვამტკიცებდი სიყვარული მხოლოდ სიამოვნებაა–თქო?
მაშინ რატომ ვწირავ მსხვერპლად ჩემს თავს კაცს, რომელიც ერთ დროს ჩემზე სუსტი იყო ჩვენს ურთიერთობაში.
სახლში ყველა ციფერბლატიანი სხეული მოვაშორე და მაინც ვერაფრით გავთავისუფლდი. კვლავ დამყვება განცდა, რომ დრო მდევნის..
მეც არ მაწყენდა კატაბალახას დალევა, ნერვებს უფრო ვგრძნობ, ვიდრე არსებობას.
მე – ცარიელი ნერვები.. ის – უმწეო ბრაზი.
და მაინც როდის დავსახლდით ერთ სახლში, სრულებით არ მახსოვს..
– ვერასოდეს რომ ვერ გავიარო, რას იზამ?
მოულოდნელად გადაწყვიტა ჩემთან საუბარი და თვალებში უსაშველო სევდა გაუკრთა.
– ჩემი ხელით გაგიპარსავ ხოლმე სახეს, რადგან ძალიან არ უხდება შენს ნაკვთებს წვერი.
იმდენად სერიოზულად ვუპასუხე, რომ წამით წვერის გარდა ყველა საფიქრალი გაუწყდა. თავი გადააქნია ინსტინქტურად და ისევ თავის ფიქრებს ჩაუღრმავდა.
გორგოლაჭებიან სავარძელს მივუახლოვდი, თავი მუხლებზე ჩამოვუდე.
– რომ გითხრა უკანასკნელ 24 საათში ვკვდები–მეთქი, რას იზამ?
ვკითხე მშვიდად.
არ დაბნეულა, მხოლოდ უპეები ჩაუმუქდა.
– წვერს მოვუშვებ პროტესტის ნიშნად.
დაღლილი ღიმილი ჰქონდა.
ყველაზე კეთილშობილი ირონია მაშინ არის, როდესაც საკუთარი თავისკენაა მიმართული.
თვითირონია – ეს ხომ ერთ–ერთი უებარი წამალია.
ენტონი აღარ შედის მწვავე კამათებში და მეც აღარ ვამთქნარებ, როცა გაუთავებლად საუბრობს, რათა სხვებს დაუმალოს ჩემკენ გამოქცეული მზერა.
მან ვერაფრით გაიგო, რატომ შეიძლება გაატარო მთელი ცხოვრება ხეიბარ მამაკაცთან და პასუხს ისე გაფაციცებით ეძებდა, რომ ბოლოს ყველაფერი ჩემი, ციფერბლატიანი სხეულების სიძულვილს გადააბრალა. დროზე არფიქრი მაშინ უფრო ადვილია, როცა ვინმეზე ზრუნავ.
მე კი ყოველდღე ვუმტკიცებ რომ დროის სიძულვილის კი არა, მისი სიყვარულის გამო ვარ ქალი, რომელიც დღეგამოშვებით წვერს პარსავს.
.. და თუმცა სენტიმენტალურია, მაგრამ ხანდახან ჯობია გიყვარდეს ვინმე, ვიდრე მარტოობაში საკუთარ თავზე იყო შეყვარებული.
This post has been edited by woman_ on 15 Nov 2010, 21:36