თბილისელ აბონენტთა ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდა. ახალი ტარიფით გადასახადი ერთ სულზე 3,5 ლარი იქნება.
ამასთან, იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, გაძვირებული ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში წყლის კომისიის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისისთვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც 3,15 ლარს შეადგენს. გიგი უგულავა სემეკის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურის თხოვნით, დღეს სპეციალური კომისია გაიმართა. უგულავამ ნიკა გილაურს მადლობა გადაუხადა სხდომის მოწვევისთვის. კომისიის სხდომამ დააკმაყოფილა თბილისის მერის წინადადება, რის საფუძველზეც, წყლის ტარიფი 2,40 ლარზე იმ აბონენტებისთვის შენარჩუნდება, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. შეცვლილი ტარიფი, 3,15 ლარი ერთ სულზე, გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება. გიგი უგულავას განცხადებით, ეს არის მოტივაცია, წყლის კომპანიისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების პროგრამის განხორციელება.
გარდა ამისა, უგულავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისევ წყლის გადასახადის ნახევარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 50%-ს თბილისის მერია დაფარავს, რაც 105 000 სოციალურად დაუცველი ადამიანისთვის უკვე გათვალისწინებულია თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში. "ჩვენ ვცდილობთ, რომ სოციალური ტვირთი მინიმუმამდე შეეხოს სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს, ამიტომ თბილისის მერია, გადაიხდის სოციალურად გაჭირვებული ადამიანების წყლის გადასახადის 50%-ს", - აღნიშნა უგულავამ.
გარდა ამისა, თბილისში წყლის ტარიფის რევიზია არ მოხდება და ის უცვლელად მომავალი 5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
წყარო
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]