GREGRE
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 837
წევრი No.: 88007
რეგისტრ.: 2-April 09
|
#22647749 · 23 Nov 2010, 18:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან. რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხოდა; სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა; სიუხვე მისი ნოტიოს ღრუბლისაგან უმრავლესად გაეგრილა ყოველთა კაცთა ზედა საბოძვარი ცათა წვიმისათვის გარდაემატებინა. მისი შიში და ზარი ესრეთ განფენილ იყო პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, მეხის ტეხისა უსაზარლესად მიაჩნდათ. მისი სიტკბო და ალერსი ესრეთ შეეტკბოთ,ჩჩვილთა წულთაებრ სძისა და ძუძუთა უსაყვარლესად მიეზიდათ. და იყო სახელი დიდისა მის და მაღლისა მეფისა ფინეზ. და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო, ჭკუითა ხმელთა სიგრძე და განი სრულად განეზომა, მეცნიერებითა ზღვათა უფსკრულთა მიწევნილ იყო, ჰაერთა და ვასკვლავთა საქმენი გულისა ფიცართა გამოეწერა;ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, ტინთა ცვლილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის. და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ. დიდად უყვარდა მეფესა ვაზირი იგი. და არა იყო გულსა მეფისა ზრუნვა,გინა შეჭირვება უძეობისა კიდე, რომე შვილი არა ესვა. დღესა ერთსა გახსნა და გასცა განძი ურიცხვი გლახაკთა ზედა, რათა ევედრონ ღმერთსა ძისა ბოძებისა მისისათვის. და იყო საჭურისა მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი, სეფეთუხუცესი იყო და გულითადი მეფისა, რომელსა ერქვა რუქა. და თქვა: - რომელსა მეფეთაგანსა გარდაუგია სალარო ესეოდენი? თქვა სედრაქ: -ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს. რუქავ, შენგან მიკვირს ეგეთი საუბარი! გამოხდეს ხანი და ჟამი რაოდენიმე. შეიწყალე ღმერთმან და მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტსა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა, ვარსკვლავნი მისსა კამკამებასა გაეცვიფრებინა, შავნი მერცხლისა მხარნი ბროლთა ზედან განპყრობით დაეშვენებინა, მელნის გუბენი გიშრის ლერწმით შემოესარა, ვარდი და ზამბახი ერთმანეთში აეყვავებინა. სახელად ჯუმბერ უწოდეს. რა მოიზარდა, გამოიყვანა მეფემან, ვაზირსა თვისსა სედრაქს და საპატრონოთა თვისთა აჩვენა. აიყვანა ვაზირმან, დალოცა და მოახსენა: -მეფეო, ღმერთმან გიცოცხლოს და ბედნიერმცა არს ძე შენი ესე და კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე. და მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა. ესმა რა ესე რუქა საჭურისსა, აღშფოთდა და უთხრა ვაზირსა: - რად მიიღე წყევა ძესა ზედა მეფისასა? ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს; მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს; მესამე: პირიდან ავი სიტყვა არ წაიცთუნოს; მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს; მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს. სედრაქ რქვა: -მე ძე მეფისა არ დამიწყევლია. თუცა გინებს, ადრე სცნობ. ვირი ერთსა უყესა ტალახსა შიგან გაატარე, რათა დაეფლას. მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს. ძაღლი კაცისა გლახაკისა, მჭლე და დიდად უსუქარი, მიიყვანე და მდიდარსა კაცსა მიაბარე, რათა გაასუქოს. მერმე ორთავე უხმონ. თუცა პირველი, დამამჭლობელი, დაუტეოს და რომელმან გაასუქა, მას გაჰყვეს, ორგულს არს. ჯინჭველი შეიპყრან და ერთსა ჭიქასა ათორმეტნი დღენი დააყოფინე მშიერსა და მერმე გამოუტევე. თუცა თვისისა ზომისაგან ოთხი წილი მეტი არ აიღოს წაღებად, უსუსურმცა არს და მე – სიტყვამცდარიო. მოასხეს სამნივე და ჰყვეს ეგრეთ და ყოველივე თქმულებრ იყო. იხარებდა მეფე დიდად ვაზირისა სიტყვასა და ძისა მისისა სიკეთესა ზედა. ღამესა ერთსა ეჩვენა მეფესა ჭაბუკი ვინმე შვენიერი, მსგავსი ლომისა, მხნე, ახოვანი, პირმწყაზარი, ტანსარო. ახლად სუმბული ამოსვლოდა და მცირედ ქუფრი მოჰხვეოდა, საყვარლად სახილველი. უთხრა მეფესა: - ღმერთმან გიდღეგრძელოს ძე ეგე შენი და, თუცა მე არა მომაბარებ, ნება შენდა, ვერვინ გასწვართოს; თუ მეძებო, მპოვო, თუ არა, შენვე ინანდეო. სახე თვისი, ეტრატსა ზედა გამოწერილი, ხელთა მისცა და უთხრა: - მეძებე, თავმან შენმანო! და თვით წავიდა. გაეღვიძა მეფესა და ნახა,ხელთა ეტრატი ჰქონდა,სხვა არავინ იყო მის თანა.რა იგი ჭაბუკი ვეღარა ნახა,ეგრე დაჭმუნდა,ვითა ძე იგი მოკდომოდა და დიდი ურვა შეექმნა. შევიდა სედრაქ,ნახა მეფე საგებელსა ზედა მწოლი და დიდად დაღრეჯილი.მოახსენა: - მეფეო,მრავალნი ჟამნი არიან,მე ჩრდილთა ქვეშე თქვენთა ვიმყოფები,ესრეთ შეჭირვებული არ მინახავხარ,სნეულება ღმერთმან მიგრიდოს. უბრძანა მეფემან: - არა სნეული ვარ. სიზმარი მეზმანა და მით დამიღრეჯიაო. ჯერეთ ვაზირმან ზმანება არა ჰკითხა და მოახსენა არაკი:
ხარბი გლახაკი
გლახაკი ვინმე იყო უპოვარი ყოვლისაგან ნივთისა.ეზმანა მას:სამეოცი ცხოვარი ჰყვა და ენება განსყიდვა. მოვიდა კაცი ერთი და მოსცა თითოსათვის ხუთ-ხუთი კირმანეული.ცხოვარისა პატრონმან ექვს-ექვსი სთხოვა.შეცილებასა ზედა გაეღვიძა კაცსა მას და სინანული იწყო. თვალნი ეგრეთვე დაიხუჭნა და ხელი მიუღო ვაჭარსა: -ოროლი კირმანეული მომეც, მოგცემო! ანუ ვინღა მისცემდა ვეცხლსა, ანუ ვისღა მიჰყიდდა? - ესრეთ არს ყოველივე ზმანება, მეფეო!სად შეიჭირვე ეშმაურსა საქმესა ზედაო? უბრძანა მეფემან: - არა ეგრეთ არს სიზმარი ჩემი. უთხრა ყოველივე და ეტრატი ხელთა მისცა. გაუკვირდა ვაზირსა სიკეთე სახისა მისისა და ეგრე მოახსენა: -თუცა თვით არ მოვიდეს კაცი იგი, პოვნა მისი საჭირო არს, ამად რომე თემი მისი არა ვიცით, სახელი მისი არა უთქვამს. რით უნდა ვპოვოთ? ქარი ხელითა არ დაიჭირვის, და თვალს ზარმაცი ვერ მიეწევის. რაც ბედი აქვს კაცსა ღვთისაგან, ის დაემართების. მეფეო, თუცა ღმერთსა კაცი იგი შენთვის უნდა, კართავე შენთა მოიყვანს, თვარემ პოვნა ძნელი არის. თქვა რუქამ: - წვიმა არ არის და თოვლი, კართა ჩვენთა მოვიდეს. თუცა ჩვენ არა ვიცით ადგილი მისი, მან რა იცის თემი ჩვენი? კაცი გავგზავნოთ, პოვნას ვეცადნეთ. რომელსა კაცსა ჩასდებია საჭმელი უხელოდ, რომელსა შეჰმოსია სამოსელი გაურჯელად?
თქვა რუქამ არაკი: უგუნური მცურავი
მცურავი ერთი მიჰქონდა წყალსა. თქვა: ღმერთო, მიშველეო! მეორე ამხანაგმა უთხრა : ხელი გაიქნიე, გახვალ და ნაშველები იქმნებიო. -მოვნახოთ და ვპოოთ. თქვა ვაზირმან: - თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისა ცდითა არა ღონე დაიდების და ცუდი შრომა შერჩების, ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმა. უბრძანა მეფემან ვაზირს: -ყოველსა კეთილად იტყვი ბრძნისა გონებისა თქვენისა მსგავსსა. შენ და რუქასა საუბარი არ დაგელევათ. აწე უბრძანე სპათა ამხედრება და მეცა აღვჯდე ტაიჭსა. მივიდეთ ადგილსა კეთილსა და ამოსა, ვინადიროთ და მსგეფსი ერთი მუნ დავყოთ! ოდეს სცნეს ჭაბუკთა ნადირობად გასვლა მეფისა, ეგოდენი ჯარი შეიყარა, მიწასა ემძიმებოდა. და მოხუცებულნი ყრმათაებრ ხლდებოდნენ: გვე-მცა-ღირსაო სიახლესა მეფისასა სვლა. და ყრმანი ხანდაზმულებრ იქცეოდნენ: თუცა მეფისა ბრძანება გვეწიოსო. ესრეთ შეფრფინვა იყო. დაყვეს რვანი დღენი.ნადირი ურიცხვი მოსწყვიდეს. შემოიქცა და მოვიდა ადგილსა ერთსა. კვიპაროზი იდგა შვენიერი, ძირს წყარონი დინდეს და კორდნი ყვავილითა შემკულნი. მნახავსა სევდანი გაიქცეოდეს. ხის ჩრდილსა ჭაბუკი მძინარე იყო, თან აკაზმული ცხენი ება. მოუწოდეს ჭაბუკსა მას. მოვიდა და ნახა მეფემან. ფუცა, მსგავსი მის ეტრატისა სახისა არისო. ყოველს კაცს უკვირდა სიკეთე მისი. წამოდგა ყრმა იგი, მეფე დალოცა, დიდი ქება შეასხა, ხელს აკოცა. მეფემან აღსვა ცხენსა და წაიტანა თანა. ჰკითხა სადაურობა, ვინაობა და სადა მიმავალობა. მან მოახსენა: - მე არა ვიცი სადაური ვარ, მეფობისა წინაშე რა ვიკადრო? ეს ვიცი: მე ლეონ მქვიან, მამაჩემი დედის ჩემისა ჩემზედ ორსულობასა მომკვდარა და დედაჩემი-ჩემსა შობასა და მე აქა-იქ სვლითა გავზრდილვარ. რქვა რუქამ ლეონს: -თავმან მეფისამან, დიდად ბედუკეთური თურე ხარ! შემოხედა ლეონ და სცნა საჭურისობა მისი. უთხრა: -მართალსა იტყვი. თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო. უთხრა ვაზირმან ლეონს: - მოვედ, მეფესა ემსახურე იყო თავი ვაზირთა და უხუცესი ჩემი, და მეფემან ძმურად პატივ გცეს. თქვა ლეონ: -მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცაშორს წავა ყინვა დაჰძრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორეს თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს; მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს; მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდეს ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს; მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს გაგონილი, არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას; მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს. თქვა ლეონ არაკი:
უტკბესი და უმწარესი
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო! წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო! წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და, ენა მომიტანეო?! მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
-აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ. უბრძანა მეფემან: -რაგინდ ბევრი იუბნა, ღმერთს თავი შენი ჩემთვის მოუცია. აჰა, ნიშანი შენი, რომელი შენვე მომეც ძილსა შინა! ნახა სახე თვისი, თაყვანი სცა მეფესა და დამორჩილდა, წამოყვა, წამოვიდნენ. მოვიდნენ ქალაქსა მეფისასა, დაიდვეს ნადიმი, განისვენეს. ოდეს გათენდა და შავთა უფსკრულთა ფარდაგი ცეცხლისა ალისა მსგავსისა მზის შუქითა დაიხივა, მისნი ელვარე მოციქულნი ხმელეთსა გამოუგზავნნა, წავიდა მეფესთან ლეონ. მეფემან მოიყვანა ძე თვისი საყვარელი ჯუმბერ, მოსცა ხელთა და უთხრა: ეგე ორნივე-ღვთისათვის და ეგ შენდა შემომივედრებიაო! მოახსენა ლეონ: -დღეს ვნახე ნიშანი წახდენისა ჩემისა. მე ძისა შენისა გაწვრთნა არ ძალმიც. თქვა ლეონ არაკი:
მეფე და მხატვარი
მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა.უბრძანა: -მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს, -ვით მკადრეო, - და თუცა ორთვალი,- მომკლავს,-ოდეს არს მსგავსი ჩემიო? მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი. -აწ ვხედავ, მიზეზი ჩემი ეს არის, აწვე მომკლა, ვინ გიშლის, ანუ ვინ დაგგმობს? უბრძანა მეფემან: - არა ნდობითა ჩემითა არის, ბედისაგან მოცემული ხარო. მოახსენა ლეონ: -ხელითწერილი მომეც ფიცისა, ვირემ ჩემი სიტყვა არ მოისმინო, სხვათა ენით არ მომაკვდინო. მისცა მეფემან ხელითწერილი ფიცისა. წაიღო ლეონ საფიცარი იგი, მოჭედა ოქროთა და დაირჭო თავსა ზედა. აღაშენა სახლი სამეფო და ჯდა მუნ. დაუწყო ჯუმბერს წვრთნა და ასწავლიდა დღივ და ღამ. და მეფის წინაშე აღარ მიიყვანის ხშირად. ნადიმად დაჯდა ლეონ. სამი დღე და ღამე წართვით სვა. ჯუმბერ მწდედ დაიყენა, არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა. მერმე უბრძანა დაჯდომა და ჭამა პურისა. რუქა დიდად მტერი იყო ლეონისა. მან სცნა ესე.
და თქვა რუქამ არაკი:
ქურდი მკერვალი
ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსვლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო! ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა. ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა:
-ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო? -ამისთანა მეფის ძის ზრდა ვის უნახავს და ან ვის ასმია? შიმშილითა დაბნედილა და ზეზე დგომით ტერფი დახეთქია. სედრაქ ვეზირმან რქვა: - რუქა, დიდად მიყვარხარ და თავსა ჩემსა მირჩევნიხარ, მაგრამ საქმენი შენნი მიკვირან. პატრონისა შენისა უმჯობესსა და საწყენსა რად არ არჩევ?
თქვა რუქამ არაკი:
მოძღვარი მელი
ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურმე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული. ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: -რა დაგმართებიაო? მელმან უთხრა: -ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო. მამალმან უთხრა: -რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც დამიტანე, მადლი მოგხვდებაო! მელმან წაიტანა და წავიდნენ: შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: -რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო? მან უთხრა: -მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო. მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა. შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: -შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო. იგინი დამორჩილდნენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო, და თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: -ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი – ვეღარაო. მათ მადლი მოახსენეს: -თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა.
უბრძანა პირველსა მოწაფეს, მამალსა: -ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა დადვა. მანც შეუნდო. მერმე ეს უბრძანა: -ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები.ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო. მესამე უთხრა: - მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდვა. უბრძანა ძერას: -ის, რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა და მან შეუნდო. მეორე უთხრა: -ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო. მესამე უთხრა: -ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, ეგ რა არისო? მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხი არჩივა, მელს ოსტატობით გარდაამეტა. ჰკითხა მელამან ოფოფსა: -სამეფპ თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო? ოფოფმან უთხრა: -სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო. მელმან უთხრა: -მოწამე ვინა გყავსო? ოფოფმან უთხრა: -ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. მელს სიხარიბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა. ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა. მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა. ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნენ მონადირენი. მანამდის ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. ოფოფმან დაუძახა: -მელო,მოწამე ვერ გიშოვნეო! მელმან უთხრა: -რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა. -ეგ კაცი ის მელი არის და ბევრგან ნავალი. ასეთს საქმესა იქმს, შენვე თავსა შემოიკრა და აღარა გეშველოს რა! ლეონ ნადირობდა და ლხინობდა, არას ზრუნევდა. დღესა ერთსა წავიდა ნადირობად. თვით თოხარიკსა ცხენსა შეჯდა. ჯუმბერს ხელთ ქორი შეუსვა, უცხენოდ წინ წაიმძღვანა, საღამომდინ არბენინა, ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა. მეორეს დღეს მწევრები მისცა ხელთა. მთათა და გორათა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო. მესამეს დღეს წინ შიკრიკად გამოიმძღვანა. მეტად დაშვრა, მალ-მალ დაეცემოდის, და არ მოეშვა. მანამდინ არბენინა, სადგომს მიიყვანა. ესმა ესეცა რუქას და შეასმინა მეფესა.
თქვა რუქამ არაკი:
ოთხი ყრუ ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა. ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა: - ვირი თუ შენია, საპოვნელია მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა. ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან – მისი ვირისა. თურმე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა, დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: -ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგო რა. ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვა. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: -რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგო რა.
-აწე, ჩვენ, დიდნი და პატარანი, ყველანი დავყრუებულვართ, თვარემ რატომ არ გვესმის, ლამის იგი ყრმა მოკლასო?! უშლიდა ვაზირი, არათქმასა ეტყოდა.
თქვა ვაზირმან არაკი:
მთიული და კაკლის ხე
კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა. წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: -ყველა კარგად გაგირიგებია და ეს – ავადო: ცოტას ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდის ხისათვის – ნიგოზიო! მიიარ-მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა. აღდგა კაცი იგი და თქვა: -ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ იქ ამისგან უდიდესი ბმოდა. თავს გამიჭყლეტდაო!
-ეგება, ის კაცი უკეთ იქმოდეს და ისრე სჯობდეს, და შენ მეფის წინ სრულ მის აუგს იტყვი.
თქვა რუქამ არაკი:
სოფლის მაშენებელნი
ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდნენ:- სოფელი ავაშენოთო! ძაღლმა უთხრა: -შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდნენ ტყეში. ძაღლმა ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა. ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: -მანდ რასა იქმო? მამალმა უთხრა: -სოფელს ვაშენებო. მელმან უთხრა: -ჩამოდი სახლის ალაგი მომიზომეო! მამალმან უთხრა: -მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო! მელი მამლის ნდომითა სცადა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: -ადე სახლის ალაგი მინდაო. წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: -მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო! -შენ და მას პირი შეგიკრავსთ, მე წაუხდენელს, ვიცი, არ გამიშვებთ; თუ მეფის ძე კარგად გაზარდოთ, მე თურმე არა ვიცი რაო. მეფეს ყური მიეგდო და იცინოდა. იცოდა, რომე სედრაქ და რუქა ერთს სიტყვაზე არ იდგნენ და ლეონს ვაზირის სიტყვა შეეწეოდა. დღესა ერთსა ლეონ გაწყრა ცუდად, შეიპყრა ჯუმბერ უბრალოდ და ერგასი ჯოხი ჰკრა და დიდად ჰგვემა. სცნარუქამან, მოვიდა გარისხებული, არაკობა აღარ დაიწყო. მეფეს ეგრე უთხრა: -ღმერთსა მრავლის ღონისძიებით ძე სთხოვე, მან წყალობა მოგივლინა. შენ მეც ერთსა ღვთის წყრომით აღვსებულსა კაცსა. შეუპყრია, ასი არგანი უკრავს, რა ბრალი ჰქონდა? ეგრე ავად არის, ღამემდინ სულს ვერ მიატანს. და ლეონ შენ ძედ ისვი და ჩვენად პატრონად. მრავალი ეგევითარი საუბარი წართქვა, ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა. მეფე ერთობ შეაჭირვა და დიდად განარისხა, რომე ცეცხლისა ალი მისის ჯავრის კვამლსა მიჰრიდებიდა, მეტის გაშმაგებისაგან ძრწოდა. რუქა ცეცხლის გზებას უმატებდა და მრისხანე მეფემ ვაზირი თვისი გააძო. ლეონს კაცი გაუძახა და თრევით მოიღეს. მოკვლას ლამობდა. ეგრე კადრა ლეონ: ვერ მომკლავ, მეფეო, ვერა! აჰა საფიცარი შენი, ამ დღისათვინ გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ! მოეხსენა მეფესა ფიცი და უთხრა რისხვით: -მოვედ და ვისამართლოთ! ლეონ მოახსენა: -არა, ჯერეთ მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა ღველფი განიბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე, და მერმე მეტყოდე! სიტყვასა მას ზედა მოვიდა მეფე ცნობასა, დაწყნარდა და დამშვიდდა. ლეონ მყოვარჟამ დადუმებითა იდგა. მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო. თუ რამ იცოდა, რაღას დღისთვის დაეჭირებოდა? მოახსენა: -მეფეო, დიდად ვმადლობ გულისა შენისა სიმდოვრესა და შენსა ეგზომსა სულგრძელობასა. რაზომ აღგაშფოთა კაცობისა მარცხვენელმან და გაუკითხავად არ მამკალ! აწ ესე ბრძანოს მეფობამან თქვენმან: ძე შენი სამეფოდ გინდა, თუცა მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიანუგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს, ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთაბალახთა აძოოს, ამაოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვის და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი , შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს – აღდგება, უნებს – დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვენენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა ჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედროდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სვლა და ფეხშიშველობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა, - იგი მერენთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს? არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებრძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის – მეტი და სხვათათვის – ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა. აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავებია და ამისა ჩემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლოდ მისსა? ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოეწონა და შეინანა, რაცა ლეონისათვის ავი ექმნა. მოეხვია ყელსა: - რა ვყო, შვილო, მიმძიმს, ავთა კაცთა ენამან და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა. თქვა ლეონ არაკი:
უსამართლო შირვან - შაჰ
შირვან შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი. დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კამან თქვა: - მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო. იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო! წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა. გამოხდნენ დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდნენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: - ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო? მან მოახსენა: - ვისწავლეო. უბრძანა: - იგი წოტნი რას უბნობენო? ვაზირმან მოახსენა: -ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო. ვაჟის მამა ასე ეუბნება: -შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა. ბევრს სხვას ააოხრებსო! ეწყინა შაჰს და თქვა: - მე ასე უსამართლო ვარო? ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო. მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა. -მის მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება. ბრძანა მეფემან: -საჭურისისა და დიაცის გული უსუსურია და ნუ დაიხსოვნებო!
თქვა ლეონ არაკი:
ენით დაკოდილი
ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა. მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის. მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: -პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო! წავიდა დათვი. და მერმე ის კაცი ეწვია და თან ცული წაიღო, მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო! მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა: - თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო! მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა. მეორე თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა: - ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული – არაო.
- ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით – არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. უბრძანა მეფემან: -შეცდენით ერთი საქმე იქმნა, ნუღარ გახსოვსო!
თქვა მეფემან არაკი:
მეფე და ავსიტყვა
მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის. მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა თქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო! ავსიტყვამ უთხრა: - რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს, და კარგი სიტყვაც დავკარგოო? წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად. რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: -აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის, შენ ჩემი გოშის ამბავი ჰკითხეო. მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა. ვაზირმან ჰკითხა: - კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო? მან უთხრა: -მოკვდაო. ვაზირმან ჰკითხა: -რა სჭირდაო? მან უთხრა: - მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და მით მოკვდაო. -აქლემი რამ მოკლაო? მან უთხრა: - მეფის დედა ამ სოფლით გარდაიცვალა და იგი ავკიდეთ საფლავამდის და მან მოკლაო. მეფეს გულთა ცეცხლი მოედვა და ჰკითხა: - იგი რამ მოკლაო, რა დაესენაო? მან მოახსენა ტირილით: - პირმზე დედოფალმან საწუთრო დასცალაო და მისმა ნაღველმან მოკლაო. მეფემ წვერგლეჯით ჰკითხა: -მას რა დაესენაო? მან მოახსენა: - თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმან გაწყვიტნა და სიმწარეს ვეღარ გაუძლო. მეფემან ჰკითხა თავში ცემით: -მაშ შენობა აღარა დარჩებოდა რაო? მოახსენა: -მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში ბზესა ჰყრიდენო და აწ აღარა ვიციო. თურე მისი სიტყვა ყველა ტყუვილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონის.
რეალიზის ავტორი ლიბ.გე
This post has been edited by GREGRE on 23 Nov 2010, 18:04
--------------------
ფაქ იუ! )))
|