http://infokutaisi.com/index.php?option=co...id=386&Itemid=2ინფოკლუბი - "მანდატურები სკოლებში" ბეჭდვა ელფოსტა
Image
ფოტო: ambebi.ge
"სასკოლო რეფორმა", რომელიც საქართველოში მანდატურთა სისტემის ამოქმედებით განხორციელდა, სკოლებში უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა. არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ქუთაისის საჯარო სკოლებში რამდენიმე პედაგოგი მანდატურთა შენიშვნების საფუძველზე გაათავისუფლეს. საუბარია იმაზე, რომ სკოლებში მანდატურთა დანიშვნის შემდეგ განსაკუთრებულ რეპრესიას სწორედ პედაგოგები განიცდიან.
რას ფიქრობს საზოგადოება მანდატურთა სისტემაზე და რამდენად მისაღებია მათთვის განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში სასწავლო დისციპლინის გაკონტროლების დაწესებული ფორმა? აღნიშნული საკითხი "ახალი გაზეთის", რადიო "ძველი ქალაქისა" და პორტალ "ინფოქუთაისის" ერთობლივი პროექტის "ინფოკლუბის" ფარგლებში მწვავე დისკუსიის თემა იყო.
"ინფოკლუბელთა" ნაწილი მიიჩნევს, რომ მანდატურთა სისტემის შემოღება დიდი შეცდომაა მომავალი თაობის აღზრდაში, რადგან ამით ბავშვებს უფრო მეტი პროტესტი, აგრესია და ბოღმა უგროვდებათ.
- ეს "გენიალური მიგნება" პირველ რიგში, შაშკინის ქვეცნობიერში ღრმად დაბუდებული ჩეკისტური არსის მანიფესტაციაა.
- სკოლას აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი ძალებით უზრუნველყოს წესრიგი (მათ შორის, პედაგოგთა საქმიანობაში) და უსაფრთხოება. ამისათვის სკოლის ადმინისტრაციის უფლებების გაზრდაა საჭირო და არა ამ "საბავშვო უფლებების" ფეტიში, როცა ბავშვს შენიშვნას ვერ აძლევენ და ჩანთასაც ვერ შეუმოწმებენ.
- სკოლაში უნდა იყოს მასწავლებელი და პოლიცია უნდა იყოს განყოფილებში.
"ინფოკლუბელები" ამბობენ, რომ შსს სკოლების მართვას ცდილობს. ფორუმის მონაწილეთა 28,57% თვლის, რომ ზედმეტია ის რაც ძალოვანი უწყება აკეთებს. ამდენივე პროცენტის აზრით, კი შსს მანდატურების საშუალებით აქტიურ პროპაგანდას უწევს ჩაშვების ინსტიტუტს.
- შეუშვეს სკოლაში პოლიცია და ბავშობიდან დაბეზღება და ჩაშვება უნდა ასწავლონ... ისეთი თაობას გაზრდიან, ბოღმა ექნება ყველას ერთმანეთის და ეგაა.
საჯარო სკოლებში მანდატურთა ინსტიტუტის შემოღების შემდეგ ქუთაისში უკვე ხუმრობენ კიდეც: - დიდი რომ გაიზრდები, ალბათ მანდატური უნდა გამოხვიდე ხო? თუმცა, ამ საკითხზე "ინფოკლუბელთა" ნაწილი ფიქრობს, რომ ქუჩაში დგომას და სახლში უსაქმურად ყოფნას ჯობია, მანდატური იყო. არსებობს სხვა მოსაზრებებიც: ის, რომ მანდატურობა "ნასეტკობაა" და ამიტომ, მიუღებელია.
- აბა რა არის მოსაწონი?! კაცი რომ კარებზე ყურის მიდებას დაიწყებს? პატარა ბავშვს მისი შიშით შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვა რომ მიადგეს? თუ პედაგოგების იმის გულისათვის დასჯა, რომ მის გაკვეთილზე გაზულუქებული მშობლების, უზრდელურად გაზრდილი შვილი რომ თავზე გადადის და მას შენიშვნის მიცემაც რომ არ შეუძლია? და კიდევ თუ გინდა ბევრ მიზეზს გეტყვი იმისათვის, თუ კაცმა რატომ არ უნდა იკადრო... მაგრამ საუბედუროდ, დღეს მასეთი კატეგორიის "კაცები" უფრო ფასობენ, ვინემ ისინი, ვინც კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და ფასეულობებში (სტილი დაცულია).
"ინფოკლუბელთა" ნაწილი კი ფიქრობს, რომ მანდატურთა სისტემა სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას და კანონმორჩილებას შეუწყობს ხელს.
- ის მანდატური მეშვიდე კლასში რო გადაგაჩვევს იარაღის ტარებას, მეთორმეტე კლასში უკვე აღარ გედება დანა ჯიბეში და არც სკოლის შიგნით და არც სკოლის გარეთ არავის არ დაასახიჩრებ.
- დაბეზღება არ ჯობია, სახლში შვილის ცხედრის მიტანას?.... რამდენი მშობელი გამწარდა ე.წ. ქუჩური გარჩევების შედეგად... ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ გოგოებიც აქტიურად მონაწილეობენ ამაში....
- მაგრამ ქუთაისში ჯერ კიდევ ვერ მოიშალეს ეს "შავი გაგება" და აზროვნება... "დაბეზღება და ჩაშვება.." როგორ ეკადრებათ... ეს მენტალობაა ზუსტად რომ დაღუპა ამდენი ხალხი.
- მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და მათ უფლება არ აქვთ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ, რაც კარგია და მომწონს.
- ამ ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
- ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან რთულია და ამიტომ ყველა სკოლაშია აუცილებელი წესრიგი და დისციპლინა. მართალია, ბავშვისთვის ეგ არაკომფორტული გარემოა, მაგრამ წესრიგს უნდა მიეჩვიონ.
- ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში (1988-99) სადღაც მე-9, მე-10 კლასში ვიყავი, შემოიღეს მაგრდაგვარი რაღაც ე.წ. "ინსპექტორები", რომლებიც შესვენების დროს დერეფნებში (სკოლის ეზოში) იდგნენ და მოსაწავლეებზე თვალ-ყურის დევნება ევალებოდათ. მაშინ რა თქმა უნდა, "ნასედკას" და ბ777ზს ვეძახდით, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, რადიკალური წარმოდგენა მაქ უკვე. მე, როგორც შვილის (ბიჭის) მამას, მაღელვებს ის ფაქტი, რომ მალე ჩემი შვილი სკოლაში წავა და რა თქმა უნდა, მინდა სკოლაში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად დაცული იყოს.
მანდატურთა სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ორმხრივი მოსაზრებებიც არსებობს. ზოგიერთი "ინფოკლუბელი" ფიქრობს, რომ მანდატურები ცუდიც არის და კარგიც:
- მშობელი მეუბნება კარგია, იმიტომ რომ მასწავლებლები საჩუქრების და ათასი სისულელის ფულს ვეღარ გვთხოვენო, მასწავლებელი მეუბნება ცუდიაო, მოსწავლე ვერ გამიჩერებია გაკვეთილზე, ასე მეუბნებიან ჩვენ თუ გვინდა მოვუსმენთ გაკვეთილს, თუ არ გვინდა არ მოვუსმენთ და არ გვიყვირო, თორე მანდატურთან გიჩივლებთო. თან, მგონი მანდატურები მასწავლებლებს უფრო აკონტროლებენ, ვიდრე ბავშვებს. ბავშვები მაინც სკოლის გარეთ ხულიგნობდნენ, მასწავლებლებს რომ არ დაენახათ.
"ინფოკლუბელები" ამბობენ, რომ მანდატურთა სისტემასთან დაკავშირებით კამათი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებს უფრო მკვეთრად დრო წარმოაჩენს.
რამდენად მისაღებია მანდატურები სკოლებში?
მისაღებია [50.00%]
მიუღებელია [28.57%]
არ ვიცი [21.43%]
ცდილობს თუ არა შსს სკოლები მართოს?
ძალიანაც კარგი თუ ცდილობს [7.14%]
ზედმეტია რასაც აკეთებს [28.57%]
ჩაშვების ინსტიტუტს აქტიურ პროპაგანდას უწევს ამ მეთოდით [28.57%]
თავს შევიკავებ [14.29%]
არ ცდილობს [0.00%]
ბავშვებმა თავიდანვე უნდა ისწავლონ კანონის მორჩილება [21.43%]