ამერიკულმა ორგანიზაციამ „ ფიეიჩ ინტერნეიშენალი“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, იმერეთის 76 სკოლასთან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. როგორც „ფიეიჩ ინტერნეიშენალის“ საქართველოს წარმომადგებლობაში აცხადებენ, პროგრამის აუცილებლობა საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების საგნისადმი მოთხოვნილებამ განაპირობა.
„ფიეიჩ ინტერნეიშენალის“ დირექტორის ბერდია ნატროშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადება და ახალი სახელძღვანელოების შექმნა იგეგმება. 2 მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების პროექტში 300 მცირე გრანტს მოსწავლეები მიიღებენ
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი „ფიეიჩ ინტერნეიშენალის“ პარტნიორია იმერეთში, ცენტრის დირექტორის ლია კილაძის განმარტებით, პროექტის სიახლეა სამოქალაქო კლუბების სკოლებში შექმნა და სხვადასხვა სექტორის პროგრამებში აქტიურად ჩართვა.
სამოქალაქო განათლების საგანი მე-9 - მე-12 კლასელებისთვის სასწავლო ბადეში რამდებნიმე წელია მოექცა, მესამე საფეხურის მოსწავლეებს საგნისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ: ნაწილი მას მეორეხარისხოვან საგნად მიიჩნევს და აღიარებს, რომ საჭირო ყურადღება არ ექცევა. მოსწავლეების ის ნაწილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავენ, რომ სამოქალაქო განათლების საგანი მათ გარკვეულ გამოცდილებას ძენს.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილის თქმით, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების საგანს ინტერესით ეკიდებიან და აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. ნათია ნამიჭეიშვილის განმარტებით, პროგრამის გრძელვადიანობა იმედს აძლევს, რომ ის მოსწავლეებს არა მარტო უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარება, არამედ მათ ქცევას შეცვლის.
პროექტის პრეზენტაციააზე მიწვეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და მომხიბვლელი სწორედ ის საგრანტო და საგანმანათლებლო პროექტები გახდა, რომლებიც მათი თქმით, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარებათ.
თათა კაჭკაჭიშვილი
ინფო-ქუთაისი
http://infokutaisi.com/index.php?option=co...=390&Itemid=204