ერთი ბრწყინვალე სტატია ვნახე. ავტორი ვინმე მადონა შალამბერიძეა. ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს 100%. ნეტა ყველა ასე დაიწყებდეს აზროვნებას და გაცილებით წინ წავალთ!
http://babajana.com/index.php?newsid=4276გავიდა შვიდი განმანთავისუფლებელი წელი საბჭოთა კავშირის ფსიქოლოგიური ბორკილებიდან და შვიდი წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ სიამაყით ვამბობთ, რომ არ შევმცდარვართ. ჩვენ ნიადაგი ფეხქვეშ გვეცლებოდა და ვინ იცის ვის ,,კლანჭებში” და რამდენ ხანს მოგვიწევდა სულთამხვდომი არსებობა, რომ არა ვარდების რევოლუცია. სწორმა პოლიტიკამ მტრისკენ დაძრული ნიადაგი გაგვიმყარა და ქართველობა გვაგრძნობინა, რამაც გააღიზიანა ხახა დაღებული ურჩხული, რომელიც წუთებს ითვლიდა ჩვენს ჩასაყლაპად. 2003 წლის 23 ნოემბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი ღირსეული წინამძღოლის. ამ არჩეულ გზას კი საითაც მივყავართ, მას აღმასვლა ჰქვია.
დამთავრდა წლები სიბნელისა, შიშისა, დამცირებისა და სიძულვილისა... 2010 წლის 16 ნოემბერს, ვარშავაში, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის პლენარულ სესიაზე მიწვეული იქნა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. მიღებული იქნა რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც საქართველოს არაღიარებული ტერიტორიები მოხსენიებულია ოკუპირებულ ტერიტორიებად. ეს ხომ ნათელი წერტილია ჩვენი გაერთიანებისა და ეს ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია. ოკუპაციას ოკუპანტები სჩადიან, რაც გაეროს კონვენციით დაუშვებელია და ძალთა ერთობის პრინციპით მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია, ძალას კი ჩვენ ნატოში შესვლაში ვხედავთ.
გაერთიანების ნათელი სხივი დააგვირგვინა 2010 წლის 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტმა პორტუგალიაში. ამ გასულ კვირას ოქროს კვირა უწოდეს და სამართლიანადაც. ლისაბონის სამიტზე განსახილველ მთავარ საკითხებს შორის საქართველოს საკითხი იყო, ამ სამიტზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომლის სიტყვით გამოსვლამ დიდი ფურორი მოახდინა, მას რამდენჯერმე შეაწყვეტინეს სიტყვა ტაშით... დიახ, ჩვენ გაგვიცნო მთელმა მსოფლიომ, გულშემაგვტკივრობს მრავალი ქვეყანა, პატივს გვცემენ, როგორც სახელმწიფოს და იცავენ ჩვენს ეროვნულ ღირსებას... ეს თავისთავად არ მოსულა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ყველაფერს აქვს დასაწყისი და ამ ყველაფრის დასაწყისი 7 წლის წინათ დაიწყო, რისთვისაც მადლობა უფალს, რომ სწორი არჩევანის საშუალება მოგვცა.
ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები და მასში მოყვანილი ფრაზები ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს უდიდეს პოლიტიკოსთა ბრძნული ფრაზებისა და ციტატების გვერდით.
მინდა მოვიყვანო ევროპარლამენტში წარმოთქმული სიტყვიდან რამდენიმე ეპიზოდი.
,, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ დემოკრატიას შუბლზე იარაღ მიბჯენილი ვაშენებთ. რკინის ფარდის წინ, რომელიც საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთის გარშემო ააშენეს, პატარა დაბა ანაკლიაში, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, შენდება ახალი ტურისტული კურორტი, მშვენიერი სასტუმროებითა და ქვიშის პლაჟებით. ზოგიერთები გვთავაზობენ, რომ გავჩერდეთ და მხოლოდ მაშინ დავიწყოთ შენება, როდესაც ნიადაგი შედარებით გამყარდება. ჩვენი ფილოსოფია სრულიადD საწინააღმდეგოა-ჩვენ ვაშენებთ არა იმიტომ, რომ ნიადაგი მყარია, არამედ იმიტომ, რომ მათი აშენებით გავამყარებთ ნიადაგს.”
თითოეული ჩვენთაგანი უფალს ყოველთვის პირველ რიგში მშვიდობას შევთხოვთ, ქართული სუფრის საწყისი სიტყვაც, ხომ მშვიდობის სადღეგრძელოა... და ჩვენ ასე დანატრებულ მშვიდობას რატომ ვუხურავთ კარს? საბჭოურ იდეოლოგიებზე აღზრდილებს გვეშინია სიახლეების, თითქოს ერთმანეთის ნაკლოვანებებს ვამხელთ, ერთმანეთის შეცდომებზე ვსაუბრობთ და გვავიწყდება, რომ სწორი გზის სათავე შეცდომაა, რომელიც გვაფხიზლებს და გვაძლევს ანალიტიკურ უნარს. რატომ გვავიწყდება, რომ მრავალჯერ დავეცით და შემდეგ გადავდგით პირველი ნაბიჯები. ჩვენ, ქართველმა ხალხმა 1990-91 წლებში დავუშვით დიდი შეცდომა, ქართველები ერთმანეთს დავუპირისპირდით და სამოქალაქო ომი გავაღვივეთ, ქართველი ხალხი მიხვდა თავის შეცდომებს და დღეს არავის გვინდა იმ წარსულის განმეორება, ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსის გარდა, რომელთაც არაფრად მიაჩნიათ ქართველ ხალხთა დაპირისპირება და სისხლისღვრა, ოღონდ თავიანთი სურვილი აისრულონ და სათავეში მოვიდნენ. გვეშინია შეცდომების აღიარებისა და თითს ერთმანეთისაკენ ვიშვერთ, არადა საკუთარი შეცდომების აღიარებით იწყება სიმართლის გზით სიარული.
წერილის დასაწყისში ტყუილად არ დამიწერია ემანუელ კანტის სიტყვები:,,შენ არ შეგიძლია იყო მზად თავისუფლებისათვის, ვიდრე არ გახდები თავისუფალი”. ეს სიტყვები გაიხსენა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მან, ვისაც ყველაზე მეტად ვადანაშაულებთ, მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა აღიარა, რომ ჰქონდათ შეცდომები: ,,არცერთ წიგნს არ ძალუძს გასწავლოთ, როგორ მართოდ სახელმწიფო, თანაც იცხოვროთ თავისუფლებაში. ამის სწავლა მხოლოდ საკუთარ შეცდომებსა და წარმატებებზეა შესაძლებელი. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ამ შეცდომებზე ვსწავლობდით კიდეც” და არ შეიძლება არ დაეთანხმო ამ ჭეშმარიტებას, ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი, წინასწარ ვერ განსჭვრეტს გარეშე და შინაურ მტერთა რეაგირებას, ბევრ შინაურ მტერს დღესაც ურჩევნია ის სიბნელე, უსუნათლობა, უკანონობა და კორუფცია სუფევდეს, მაგრამ ხელისუფლებას წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა, რომ საქართველო აღორძინდეს და შედეგიც სახეზეა, ამ შედეგს კი ვერ დავინახავთ, თუ თვალებს დავხუჭავთ.
ლისაბონის სამიტზე პრეზიდენტმა თითოეული ქართველის გულისთქმა გაახმოვანა, რომ ქართველები ოდითგანვე მშვიდობისმოყვარე, მეგობრული. თბილი და კაცთმოყვარე ერი ვართ და ჩვენ ყველა პრობლემის გადაჭრა ცივილურად შეგვიძლია. არ გვინდა ომი, სისხლისღვრა. ჩვენმა პრეზიდენტმა დახმარება სთხოვა ევროპარლამენტს. ,,დიდი ხანია მოვიდა დრო, ამ ძმობის ხმამ დაძლიოს ხმა ზარბაზნების და სიძულვილისა, უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო ევროპული მშვიდობა კავკასიაშიც გავრცელდეს და ეს ჩვენი, როგორც პოლიტიკური ლიდერების მოვალეობაა, საფუძველი ჩავუყაროთ მამაც ინიციატივებს, რათა ყოველივე ეს გახდეს შესაძლებელი.”
კარგა ხანია რუსეთი მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან გააფორმოს არაღიარებული ტერიტორიებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, ეს შეუძლებელია, ვინაიდან ეს ტერიტორიები საქართველოს კუთვნილებაა, ხოლო ასეთი ხელშეკრულება იდება უცხო ქვეყნებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ისევ პრეზიდენტის სიტყვები გაგაცნოთ: ,,მშვიდობის საფრთხის ქვეშ დაყენებით ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, და ყველაფერს, რის მიღწევაც მომავალ წლებში გვინდა... საქართველოს მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას განუხრელად ასრულებს. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა და გვესმის. რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს ხელშეკრულება მკაფიოდ კრძალავს ძალის გამოყენებას, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ნამდვილად იღწვის რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად- დღეს ცალმხრივი ინიციატივით გამოვდივართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად, რომ ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციისა და გაერთიანებისათვის.
მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე, მაშინაც კი, თუ მისი შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას ახალი შეტევის და შეჭრის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის იმ 80 პროცენტზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს.” მან თხოვნით მიმართა ევროპარლამენტს:,, გთხოვთ საქართველოს საერთაშორისო საზღვრების შიგნით რუსეთის სამხედრო ყოფნა კვალიფიცირდეს, როგორც სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია. ევროპის მრავალმა ქვეყანამ, ისევე, როგორც ამერიკის შეერთეულმა შტატებმა, ეს უკვე გააკეთა, ასევე ის სასტიკი სამხედრო კამპანიები, რომლითაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოაძევეს, კვალიფიცირდეს, როგორც ეთნიკური წმენდა.”
,,რადგანაც ომის პირველი მსხვერპლი სიმართლეა, იგი ასევე ყოველთვის არის მშვიდობის მყარი საფუძველი.” ძნელია ემოციების გარეშე უსმინო ან წაიკითხო მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, თითქოს ყოველი მისი სიტყვა ჩვენს გულებიდან მოდის:
,, ჩვენს რეგიონს ძალზე ბევრი ომი გამოუვლია უახლოეს ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო ჰიუგოს პარაფრაზირება, ,,დროა ქვემეხები მრგვალი მაგიდებით შევცვალოთ”. ჩვენს რეგიონს ჰქონდა საკუთარი ვარშავა, საკუთარი კოვენტრი, საკუთარი ორადურ-სურ-გლანი და ეხლა კი დროა, ომი და ნგრევა ერთად უარვყოთ.
დროა ვთქვათ, რომ ჩვენ აღარასოდეს არ უნდა გვქონდეს ახალი გროზნო- რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქი 400 ათასი მოსახლეობით, რომელიც სრულიად აღიგავა პირისაგან მიწისა.
ის კედლები, რომლებიც საქართველოს ყოფს, ბომბებით არ ჩამოიშლება, ის შეიძლება მოანგრიოს მხოლოდ მოქალაქეთა თავდადებამ საერთაშორისო სამართლის აღსასრულებლად.”
საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეულმა შოკმა ისე დაუბინდა გონება ოკუპანტებს, რომ ვერ აიტანეს აღმშენებელი პატარა მეზობელი ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც წერტილისოდენად სჩანს მსოფლიო რუქაზე. მათ აგრესიამ გამოიწვია 2006 წლის სრულმაშტაბიანი ემბარგო, მოქალაქეების დამამცირებელი დეპორტირება და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელმაც თვითეული ჩვენგანი შესძრა, მაგრამ ვერ დათრგუნა.
,, მოვუწოდებ რუსეთის ხელმძღვანელებს არჩევანი მომავლის სასარგებლოდ გააკეთონ. მსურს რუს ხალხს ვუთხრა: მათ ყოველთვის სიხარულით მიიღებენ საქართველოში, როგორც პარტნიორს, ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს და უბრალიდ, როგორც მეგობრებს, მაგრამ არა როგორც საოკუპაციო ჯარს.” მან აქვე გაიხსენა დიდი პოეტისა და რუსი დისიდენტის ალექსანდრე გალიჩის სიტყვები საქართველოს შესახებ: ,,მშვენიერო და ამაყო ქვეყანა-შენ ცილისწამებას ღიმილით პასუხობ.”
დიახ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ, ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, ჩვენ მხოლოდ მშვიდობას ვითხოვთ, სხვა სირთულეებს თვითონვე ვუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ ყოველივეს შემდეგG რთული იყო საქართველოს პრეზიდენტისათვის თავშეკავებული ღიმილიანი პასუხი რუსეთის აგრესიაზე, მაგრამ მან ეს შესძლო და გააკეთა თავისი ქვეყნის სიყვარულით აღტკინებულმა.
,, მე მზად ვარ ვიმუშაო რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რათა ეს არასოდეს განმეორდეს; რათა ომის შედეგები შემობრუნდეს და მშვიდობისათვის სათანადო პირობები დამყარდეს.”
სიტყვის დასასრულს ბატონმა პრეზიდენტმა გაიხსენა პირველი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას სიტყვები ევროპასთან დაახლოებასთან დაკავშირებით:,, რა მიგვაქვს ჩვენ ევროპელი ერების კულტურულ სალაროში? 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული წეს-წყობილება და ბუნებრივი სიმდიდრე” და დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი მოგმართავთ იგივე გზავნილით ევროპის იდეებისა და ფასეულობების სიყვარულის შესახებ.
იშვიათია, რომ სახელმწიფოს თავის ისტორიის განმავლობაში ორჯერ მიეცეს ერთი და იგივე შესაძლებლობა. დღეს აქ მოვედი იმისათვის, რომ გითხრათ: ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ჩვენს ევროპულ მიზანს.”
გასული ,,ოქროს კვირის” კიდევ ერთი დიდი სიხარული, 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს და ესეც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების და მის მიერ აღებული კურსის შედეგია, მსოფლიოს ქვეყნები ხედავენ საქართველოს წინსვლას, რაზედაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი თვალებს ხუჭავს, საქართველო წინ მიდის, არცერთ დამყაყებული საბჭოური მენტალიტეტის მქონე პიროვნებას უკვე არ შეუძლია უკუღმა დააბრუნოს საქართველოს ბედის ბორბალი. 1989 წლიდან საქართველოს პრეზიდენტად, რომ სააკაშვილის გულის, გონების და ძალის პიროვნება გვყოლოდა, ჩვენ დღეს საქართველო ერთიანი, ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო გვექნებოდა, მაგრამ უფალმა დიდი გამოცდა მოგვიწყო, გამოგვაცდევინა სუსტი და უგულო ხელისუფლება, რომ დღევანდელი უფრო დაგვეფასებინა და რატომღაც არიან ისეთებიც, არ დაინახონ ეს სხვაობა მათ შორის, რამეთუ საბჭოურ გადმონაშთებს და კორუფციას ასე მისტირიან. უმიზეზოდD არაფერი არ ხდება, ეს ომიც უფალმა მოგვივლინა, 20 წელზე მეტია საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორიები დაკარგულია და არცერთ ცივილიზებულ ქვეყნებს არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ, შეიძლებოდა 100 წელი გასულიყო, ეს ტერიტორიები კი ისევ რუსეთის ქვეშ ყოფილიყო და არცერთ ქვეყანას პროტესტი არ განეცხადებინა. დღეს ყველანი თითქოდ ღვთისმოსაობას ვეჭიდებით და ვეთაყვანებით ჩვენს უწმინდესს, მაგრამ არ ვუსმენთ მის ქადაგებას, სადაც ის ერთიანობისაკენ მოგვიწოდებს. ქვეყანაში, სადაც წინსვლა, აღმასვლა და სასიკეთო ძვრებია, მაშინ ხდება ეკლესიათა მშენებლობა და ეს თავად უწმინდესმა აღნიშნა, მაშ რად ვებრძვით ერთმანეთს? ვუსმინოთ უწმინდესს, გავერთიანდეთ, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ჩვენი მომრევი არავინ არ იქნება.
ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი.