მეთვრამეტე საუკუნიდან მუდამ ლაპარაკობენ იმ პროგრესსა და განმანათლებლობაზე, რომელის ნაყოფიც ვერა და ვერ ვიხილეთ. ჯერ იყო და განმანათლებლობას ანტიგანმანათლებლობა და კონსერვატორობა მოჰყვა, შემდეგ კი მათი ნააზრევი გამოიყენეს ტოტალიტარული ნაგებობების საშენ მასალად (კომუნიზმის, ფაშიზმის, ნაციზმისა და იმპერიალიზმის) – ასე მივიღეთ დაუსრულებელი ჯაჭვი ყოველივე კარგის ყოველივე ცუდად გარდაქმნისა. დიახ, მათ ან ახშობდნენ და ადუმებდნენ, ან მიმართევდნენ იქითკენ საითაც მათ არა ესაქმებოდათ რა.
ხშირად მოგვისმენია იმის შესახებ თითქოს ადამიანი და მით უფრო პროფესიონალი ადამიანი ის არის, ვინც კონკრეტულ ცოდნას ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლებაო, თუმცა ჯერ კიდევ იმ საწყის ეტაპზე, რასაც განმანათლებლობა ეწოდება, მიაჩნდათ, რომ ჭეშმარიტი მცოდნე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ის, ვინც ღრმად იცოდა მრავალი მრავალთა შესახებ, ანუ ერკვეოდა, პოლიტიკაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ისტორიაში, ლიტერატურაში, ღვთისმეტყველებაში, ბუნებისმეტყველებასა და სხვადასხვა ცალკეულ მეცნიერებებში. თუმცა ამავე პერიოდშიადამიანს დამცინავად მაიმუნიც კი უწოდეს (ნიცშე, “ესე იტყოდა ზარატუსტრა”), რადგან არ ეწსრაფვოდა უფრო მეტსა და უფრო დიადს, ვიდრე უბრალოდ ადამიანად ყოფნა იყო, რომელიც მეტად მაიმუნს გავდა, ვიდრე თვითონ მაიმუნი (კვლავ ნიცშე, “ესე იტყოდა ზარატუსტრა”).
როგორც ზემოთ ითქვა, დროთა განმავლობაში ყოვლისმცოდნე ადამიანის ფენომენი წარსულს ჩაბარდა და დარჩა ის ჭრილი, რომელშიც “გამძვრალი” ადამიანი იძენდა მცოდნის (პროფესიონალის) სტატუსს. თუმცაღა რეალობა არც ადრე მეტყველებდა რაიმე სახარბიელოს და მით უფრო არც დღეს ღაღადებს რაიმე სასიხარულოს და ეს ყველაფერი, მით უფრო ტრაგიკული ჩანს საქართველოს მაგალითზე…
1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოა, თუმცა პარადოქსებით სავსე თავისუფლება გვხვდა წილად, ან ჩვენ გამოვძერწეთ მისგან ასეთი უნიკალური მოდელი. თავისუფლებას თავისუფალი აზროვნება სჭირდებოდა, რაც ჩვენ აგრერიგ უარვყავით. ნებისმიერი რამ რასაც კი გვეუბნებოდნენ რომ სწორი იყო და სიმართლის დოგმას ატარებდა ყველასათვის უეჭველი მოსაწონი უნდა ყოფილიყო. სიახლისაკენ ნეგატიური დამოკიდებულება და მუდმივად სიძველისაკენ სწრაფვა გახლდათ ამომავალი წერტილი და “ჭეშმარიტი კურსი”. ძალიან ბევრს ილია ჭავჭავაძის სახელი ეკერა პირზე, თუმცა ის კი ავიწყდებოდათ, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე მოუწოდებდა ახალგაზრდებს ეაქტიურათ და შეექმნათ ცხოვრების ახალი სტილი, ახალი სპექტრი და არ დასჯერებოდნენ ძველს! თუმცა არსაით ხმა, არსაით ძახილი…
ნელ-ნელა მწერლობაც დაიკარგა, თუმცა სიმართლე, რომ ითქვას ყველა მწერალი თავის აწყოში დაუფასებელი გახლდათ, ჩვენ ქვეყანაში კი რატომღაც სიახლისაკენ მიდრეკილებას სირცხვილად მიიჩნევდნენ და ასაკობრივ ზღვარსაც კი აწესებდნენ, თუნდაც ვუნდერკინდი ყოფილიყავი. ყოველთვის ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგებოდა ქართველი მოზარდი: ენთუზიაზმის არარსებობა! ან რომელ ენთუზიაზმზეა საუბარი?! ყოველთვის, ვინც კი გაბედავდა გამოეთქვა თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით, თუ იგი უმრავლესობას არ წარმოადგენდა აუცილებლად მცდარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნული “სწავლება” ხშირ შემთხვევაში დოგმატური აზროვნების დამკვიდრების ნაყოფი გახლდათ. შევეხოთ თუნდაც რელიგიის როლს, რომელსაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე აქვს განაცხადი. რა თქმა უნდა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის (თუ უმრავლესობისათვის არა) რელიგიური შეხედულებები და დოგმები (!), მართლაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს რატომ უნდა ნიშნავდეს სხვა აზრის არსებობის აკრძალვას?! მეტიც, თუნდაც რელიგიურ სწავლებებიც კი, რომელიც ასე ყბადაღებული გახდა მრავალთათვის, არა თუ უარყოფს ტოლერანტობას და განსხვავებულ აზრს, არამედ მხარდამჭერიც კი გამოდის მისი, რადგან თუ არ არსებობს რაიმე განსხვავებული რასთან უნდა შევადაროთ ესა თუ ის ჭეშმარიტება (რათა დავადგინოთ თუ რამდენად შეუვალი ჭეშმარიტებაა იგი)?!
ერთადერთი გზა სიმართლის შესაცნობად არის ისევ და ისევ საკუთარი ძალებით ცოდნის მიღებისა და შეფასებისა, რადგან სხვა შემთხვევაში ინფორმაცია არაობიექტური და კონკრეტულ ჭრილში განხილულია. საკმაოდ ხშირად ბავშვი ვერათუ ვერ აკეთებს თავის არჩევანს ცხოვრებაში, არამედ მისთვის არსებობს ერთი გზა, რომლის სისწორეშიც ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს, შესაბამისად კი ვიღებთ არაპროდუქტიული ადამიანის ფენომენს. რატომ? თუ ერთი ადამიანის მისწრაფება და ინტერესი, შეხედულება და იდეოლოგია სრულიად სხვაა და მას შთავაგონებთ რომ არა თავისი, არამედ საერთო არის აღიარებული და სწორი, მაშინ პირველად გაჩნდება საკუთარ თავში დაეჭვების ის მცირე ელემენტები, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიზრდება და ზრდასრულ ასაკში ნაყოფსაც გამოიღებს. აი მაგალითად რამდენჯერ არის შემთხვევა, როდესაც მშობელი წყვეტს თუ რა გზა უნდა აირჩიოს თავისმა შვილმა და სად და რომელ ფაკულტეტზე უნდა ჩააბაროს მან… ერთი მარტივი და ტიპური მაგალითი იმისა თუ, როგორ შეიძლება პოტენციურად პროფესიონალი ექიმი გახდეს საშუალო ეკონომისტი. შემდეგ კი მრავალთათვის საკვირველი ხდება თუ რატომ გვაქვს ცალმხრივად გავითარებული ქვეყანაო. თუმცა პრობლემას წარმოადგენს არა მიზანიც, არამედ საშუალებაც – თუ როგორ უნდა მივიღოთ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც ტოტალიტარული აზროვნება მბრძანებლობს და მოდიან ეპითეტები – “ეს ცუდია”, “ეს აკარგი” და ა.შ.
2005 წლის შემდეგ, განათლების სფეროში რეფორმების დიდი დალღა დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ სანამა ნაპირამდე მიაღწია რამდენჯერმე იცვალა სახე. ობიექტურები რომ ვიყოთ, აღნიშნული ტალღა იქნებ ჯერ კიდევ არ მოღწეულა, ან იქნებ უკვე მოაღწია და ახლა შემდეგს ველოდებით?! როდესაც მოზარდი ერთი რამისკენ იქნება მიმართული, ერთ გზას ადგას, რომელსაც ამდენი ხანი ეუბნებოდნენ, რომ სწორი იყო, რთულია გადაიყვანო ახალ რელსებზე, მაგრამ საბედნიეროდ ეროვნული გამოცდების შემოღებით აღნინშული პრობლემა დროებით მოგვარდა, თუმცა დროებით… 2011 წლიდან აბიტურიენტს, რომელსაც სწავლა უმაღლეს სასწავლებელში მოუნდება უნდა ჰქონდეს ატესტატი, რომელიც თავის მხრივ სკოლამ უნდა გასცეს მას შემდეგ რაც იგი (აბიტურიენტი) 8 გამოცდას ჩააბარებს. თითქოს არაფერი, არა?! მაგრამ ასე მარტივადაც არაა. თუ აქამდე უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად 4 გამოცდის ჩაბარება კმაროდა (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, უნარ-ჩვევები და არჩევითი მეოთხე საგანი), ახლა ყველაფერი ბევრად რთულადაა (ჯერ 8 გამოცდა და და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჰქონდეს მას რამეზე პრეტენზია). ჯერჯერბით შედეგი იმისა, რაც ახლა იგეგმება არ ჩანს, ამიტომ მასზე ასე ცალსახად საუბარი და ვარაუდები ურიგო იქნება, მაგრამ იმ დონის განათლებით რასაც სკოლა ამდენი წლის მანძილზე იძლეოდა, რთულია მოწაფემ, კერძოდ მოუმზადებლად შეძლოს 8 გამოცდაში თუნდაც ბარიერის გადალახვა. და მართლაც, რა ხდება ამ მხრივ სკოლებში. ჯერ იყო და რამდენჯერმე შეუცვალეს სკოლებს დირექტორები, შემდეგ მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესამოწმებელი გამოცდები ჩატარდა, ზოგან შემოიღეს სკოლის ფორმები აბსოლუტურად ყველა კლასის მოსწავლეთათვის, შემდეგ რაღაც შეიცვალა და ასე შემდეგ… თუმცა რეალურად, წარმატებული ცვლილებებისაგან მაინც შორს ვართ. წიგნების ფასი ისევ ძალიან მაღალია, ბიბლიოთეკები არც ისე მომარაგებული, მაგრამ ყველაფერს რომ ორი მხარე აქვს ესეც ცხადია. მაგალითად სკოლების გათბობა და დაცულობა ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე უწინ, თუმცაღა ცარიელ შენობას და გარეგნობას არ მოაქვს ის სიღრმისეული ცოდნა, რაც თავისუფალ ადამიანს ბავშვობიდანვე აღზრდის. მაგალითად ხშირად ფსიქოლოგიც კი ფსიქიატრი ჰგონიათ, მასთან მისვლა კი სირცხვილად მიიჩნევა, ხოლო რელიგიის გაკვეთილების პერიოდში (რომელსაც უმეტესად მოძღვარი ატარებდა) არა რელიგიების შესწავლა, არამედ მოსწავლეთა კონკრეტული რელიგიური სწავლებებით დამოძღვრა გახლდათ პრიორიტეტული, რაც არა სკოლის არამედ ტაძრის ფუნქციაა.
თავიდანვე განმანათლებლობის პერიოდს შევეხეთ. ეს ის პერიოდი გახლავთ, როცა ადამიანის განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდა. განმანათლებლებლობა ძირშივე იმის მანიშნებელი იყო, რომ ადამიანს თვითონ უნდა დაეწყო აზროვნება, შეხედულებები ჩამოეყალიბებინა არა სტიგმებისა და დოგმებისაგან, არამედ თავისუფალი გამოცდილებისაგან და შეფასებამდე ჯერ გაცნობოდა ამა თუ იმ საკითხს, ანუ სიღრმისეულად თუ არა, ზოგადად მაინც შეესწავლა იგი. როდესაც ცალსახა ცოდნაზე გვქონდა საუბარი არ აღგვინიშნავს ეს კარგი გახლავთ თუ ცუდი, თუმცაღა აქვე უნდა ითქვას: პროფესიონალიზმი თუნდაც ერთ საქმეში მეტია, ვიდრე დილეტანტობა მრვალში. “ერთი სიქველის ფლობა მეტია, ვიდრე ორის” (ნიცშე, “ესე იტყოდა ზარატუსტრა”). ასეა თუ ისე, ამაზე ბევრი საუბარი არც კი ღირს, მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება რაც მეტი იცი, მიტ მეტად აზროვნებ და მეტად ვითარდები. ადამიანი ხეს გავს, მხოლოდ ცალსახა გავითარება, ერთი შტოს, ერთი ტოტის გავითარებას ემსგავსება, მრავალმხრივი კი – ერთიან, ლამაზ, მიმზიდველ, ძლიერ ხეს.
მაგრამ ყველაფერი განწირულია, თუ ცოდნის მიღებას არ უდევს თავისუფლება. ეს არ უნდა ვნახო, რადგან ჩემ შეხედულებას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით დაამახინჯებს – შეიძლება გვსმენია ასეთი ფრაზები და გასაკვირი არცაა, რადგან შიში ახალ საფეხურზე ასვლისა მრავალ ადამიანში ოდითგანვე დაითესა. აღნიშნული ტენდენციაა სწორედ ის, რომელსაც არ ძალუძს ადამიანი აქციოს თავისუფლად, რადგან იგი გაურბის საკუთარ თავს, განეყოფა საკუთარ სურვილს ახლის ძიებისას. ერთ დღესაც კი სინანულით აღსავსე გამოიხედავს უკან და ალბათ გულში გაივლებს, რომ იქნებ სხვანაირად სჯობდა… დიახ, მართლაც სხვანაირად სჯობდა, თუმცა უკვე გვიან იქნება.
და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ყველაზე ტრაგიკული მაინც ის გახლავთ, რომ ძალიან ხშირად ამა თუ იმ ადამიანის, ნაწარმოების, ნარკვევის, შეხედულების, იდეისა თუ ქმედების შეფასება ხდება არა ინდივიდუალურად, არამედ მასობრივად, რაც თავის თავში გულისხმობს, ყოველგვარი ინდივიდუალურის რღვევას და მხოლოდ საერთოს არსებობას და თუ ეს ასეა და სტერეოტიპების სამყარო არ დაიმსხვა, თავისუფალ აზრს არ მიეცა არსებობის უფლება, როგორ შევძლებთ დემოკრატიული საზოგადოების შენებას?! საქმეც ის არის, რომ დემოკრატია თავის თავში სიახლეს, ინდივიდუალურსა და თავისუფლებას მოიცავს და ამ სამი კომპონენტის გარეშე იგი იქნება ისეთივე, როგორც ხე ფესვების გარეშე. სანამ შეხედულებები მხოლოდ ირაციონალურ რწმენასა და უბრალოდ დაჯერებაზეა აგებული, მანამდე საეჭვოა მოხდეს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბება, რომელსაც კარგად ექნება ჩამოყალიბებული აზრი როგორც საკუთარ თავზე, ისე სხვაზე. რა არის პრევენცია და გამოსავალი? რთული საკითხია, თუმცა, როგორც ყველაფერს აქვს თავისი ჩამკეტი, ისევე არსებობს მისი გასაღები და ამ უკანასკნელითაც საკეტის გაღებაც და დაკეტვაც შესაძლებელია.
განათლება ეს ის სფერო არ არის, რომელიც მხოლოდ წიგნიდან მიიღება, ის ყველგანაა და პირველ რიგში ადამიანთა ურთიერთობაში. ის ძალიან ხშირად “ჰაერწვეთოვანი გზით” გადადის. მაშ ერთი ადამიანის განათლება შესაძლებელია სხვა ადამიანთა წარმატებას ნიშნავდეს. მაგრამ სანამ უშუალოდ პრევენციაზე გადავიდოდეთ შევეხოთ ერთ-ერთ ფუნდამენტურს – ეკონომიკას. სწავლის მიღება არ უნდა წარმოადგენდეს პრივილეგიას. არ არის ადვილი და სწორი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ისეთი თანხები იხადოს სტუდენტმა, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სწავლის ხარისხსა და სასწავლო გარემოს. ალბათ სახელმწიფო დაფინანსების შესახებ გაგახსენდათ, არა? მართალს ბრძანებთ, მაგრამ მისი მოპოვების გზა განა ერთნაირია?! ნურას უკაცრავად. ჯერ იყო და მხოლოდ უნარ-ჩვევების მაღალი ქულით ისაზღვრებოდა თუ რამდენ პროცენტიანი დაფინანსება გქონდა, შემდეგ 4 საგნის საერთო მაჩვენებლით, ახლა კი… ჯერ 8 გამოცდა და შემდეგ ვნახოთ. მაგრამ თავიდანვე აღვნიშნეთ თავისუფალი და ობიექტური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მრავალმხრივი, საკუთარი სურვილით შეძენილი, თავისუფალი ცოდნაო და ეს მართლაც ასეა. მაშ როგორ შევქმნათ და ვასწავლოთ ადამიანის იყვნენ თავისუფლები?! ერთადერთი გზა ისევ და ისევ იმ ლიტერატურის მიწოდება გახლავთ, რომლის ნაწილი თუნდაც დაიწუნა მავანმა. საჭიროა შეიქმნას სკოლის პერიდის ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეს ანალიტიკური ცოდნის გამომჟღავნებისა და მსჯელობის საშუალებას მისცემს და რომელთა ფასიც სულაც არ იქნება კოლოსალური. იყოს მასში ამონარიდები სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებიდან, თუნდაც სრულად ახალი მწერლებიდან და მოაზროვნეებიდან. ასევე საჭიროა მოსწავლეთა წახალისება და დაჯილდოებაც და ეს ყველაფერი სწავლის მიმდინარეობისას და არა ბოლოს. სპეციალური ელექტრონული ვებ-გვერდების შექმნა, რომლებზეც განთავსდება ესა თუ ის სასწავლო და არასავალდებულო მასალები და საკითხავები, მოსწავლეებს შეუქმნის საშუალებას აითვისონ კომპიუტერი, ისწავლონ უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად და მეტიც: ხელი შეეწყობათ ზოგადი განათლების ჩამოსაყალიბებლად. თუმცაღა ასეთი ვებ-პორტალებისა და ვებ-ბიბლიოთეკების შექმნა არამხოლოდ სკოლის მოსწავლეთათვის არამედ აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომ იყოს მშვენიერი იქნებოდა, სწავლასაც საინტერესოსა და არაპრივილეგირებულს გახდიდა.
და ბოლოს, რამდენიც არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე, შედეგი მაინც არაფერი იქნება, თუ არ მოხდა ადამიანთა შეხედულებებისა და სტერეოტიპების გადაფასება, რაც არა შავი პიარის გზით, არამედ ჯანსაღი ინფორმაციის უცენზურო გავრცელებით უნდა მოხდეს. ტელევიზია, ბეჭდური პრესა და ინტერნეტი თავის პრიორიტეტად არა ერთფეროვან ტელეგადაცემებს, პოლიტიკური დისკუსიებსა და სერიალებს, არამედ განათლებისა და თავისუფალი აზროვნებისათვის ხელშეწყობას უნდა ისახავდეს, რასაც ბუნებრივია თარგმნილი და სპეციალურად გაკეთებული გადაცემების ჩვენება, მომზადება და წერა უნდა მოჰყვეს, გაიმართოს ოლიმპიადები, წახალისდნენ გამარჯვებულები და ნებისმიერ წამოწყებას მიეცეს გასაქანი, თუნდაც სწორედ ისეთი, როგორსაც ახლა ჟურნალი “ცხელი შოკოლადი” აკეთებს.
განათლება არის ფუძე და ფესვი, რომელზეც დაშენდება წარმატებული სახელმწიფო. დიახ, ერთი წარმატებული ინდივიდი აუცილებლად ნიშნავს, რამდენიმეს წარმატებას, რადგან ერთის უკან, ყოველთვის რამდენიმე დგას. როცა იარსებებს ერთი, რომელმაც წარმატებით განვვლო ეს გზა მას აუცილებლად მიჰყვება მეორე, მეორეს მესამე და ასე შემდეგ. როგორც რომაელები ამბობდნენ ცოდნა ძალააო (Scientia potencia est!) და წარმატება აუცილებლად მოვაო, მას მხოლოდ დიდი სურვილი და თავისუფლება სჭირდება. დიახ, სადაც დიდი სურვილია, იქ დიდი სიძნელეები არ არსებობს (ნ. მაკიაველი) – ცოდნა მართლაც ძალაა.
http://www.patriots.ge/?p=366
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.